დერდიოკს რიგი დაუდგა

AutoSharing Option
ერენ დერდიოკისთვის ეს სეზონი ნორმალურად დაიწყო: "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი 23 წლის შვეიცარიელს თავიდან ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.

მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ვერაფერი გააკეთა, მოგვიანებით სათადარიგოთა სკამზე გადასვა. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, ერენმა "ვოლფსბურგთან" მატჩში, რომელიც ლევერკუზენელებმა 3:1 მოიგეს, ისეთი გოლი გაიტანა, რომ საფეხბურთო გერმანია მთელი კვირა ამ გოლზე ლაპარაკობდა და დერდიოკსაც იმის იმედი მიეცა, რომ დუტი სასტარტოში დააბრუნებს. ულამაზესი მაკრატელათი გატანილმა გოლმა ახალგაზრდა შვეიცარიელს ერთი რამ უკვე მოუტანა: დერდიოკს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

ჩვენი კოლეგების ინფორმაციით, ერენის გადაბირება უკვე
რამდენიმე ინგლისურ და იტალიურ კლუბს უნდა. ბრიტანული გაზეთი "სანი" წერს, რომ დერდიოკით "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები და იანვრისთვის "ლევერკუზენს" საკმაოდ კარგ შეთავაზებას უმზადებენ. იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" კი იუწყება, რომ 23 წლის შვეიცარიელის ყიდვას "უდინეზეც" ეცდება. ცნობილია, რომ დერდიოკზე "იუვენტუსის", "ინტერის" და "ნაპოლის" ბოსებიც ფიქრობენ.

"ის ამბავი, რომ ერენს სკაუტები აკვირდებიან, ახალი არ არის და არც მიკვირს, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. ფაქტი ის არის, რომ ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. იმასაც დავამატებ, რომ ჩვენ დერდიოკის გაშვებაზე არ ვფიქრობთ," - ამბობს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული