რა დროს მუსიკაა?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერმა" ეს სეზონი საკმაოდ კარგად, ყოველ შემთხვევაში, შარშანდელზე უკეთ დაიწყო, ბრემენული კლუბის ხელმძღვანელებს ღამე მშვიდად ძილი არ უწერიათ.

"მუსიკოსების" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ბევრი საქმე აქვს - "ვერდერის" ათ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ათიდან, რვა წამყვანი მოთამაშეა!

"ეს მართლაც ძალიან ბევრია, - აღიარებს ალოფსი, - მაგრამ უმძიმესი შრომისთვის მზად ვარ." მან უკვე გამართა მსუბუქი მოლაპარაკებები რამდენიმე აგენტთან, უშუალოდ ფეხბურთელებთან საუბრის დაწყება კი კლაუსს ზ
ამთრიდან სურს: "ზამთრამდე აუცილებლად გამოჩნდება, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ამ სეზონში.

თუკი დავინახავ, რომ გუნდი ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვის, რაც მომავალ სეზონში საკმაოდ დიდი შემოსავლის გარანტია იქნება, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელების კონტარქტებს თამამად გავაგრძელებ, თუ არა და დიდი სიფრთხილე მმართებს, რადგან თუ ევროტურნირების მიღმა დავრჩით, სახელფასო ფონდი უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდება," - ამბობს ალოფსი.

"ვერდერისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი კლაუდიო პისაროსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა, რადგან 33 წლის თავდამსხმელი გუნდის მთავარი ლიდერი და გოლეადორია. ალოფსს მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ თავად პერუელი "ვერდერთან" ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ გუნდი მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს და რა თქმა უნდა, თუ კარგად გადაუხდიან. ალოფსს სჯერა, რომ პისაროს გაშვება არ მოუწევს.

კონტრაქტი უმთავრდება მეკარე ტიმ ვიზესაც და კლაუსს 29 წლის კიპერის შენარჩუნებაც სურს. ის უკვე შეხვდა ვიზეს მრჩეველს და სურვილი დაუფიქსირა, კონკრეტულ მოლაპარაკებამდე კი საქმე ჯერ არ მისულა. იგივე ეხება 30 წლის კლემენს ფრიტცსაც, რომლის გაშვება ალოფსს ასევე არ უნდა. არადა, ისევე, როგორც პისარო და ვიზე, ფრიტციც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. ასე რომ, ევროტურნირების საზგურის გარეშე, ალოფსს კლემენსის შენარჩუნებაც გაუჭირდება.

შედარებით მარტივია 29 წლის შვედი ფორვარდის, მარკუს როზენბერგისა და 31 წლის ნახევარმცველ ტიმ ბოროვსკის საკითხები. ალოფსს ორივე მათგანთან ახალი კონტარქტების გაფორმება უნდა და ეს რთულიც არ იქნება, რადგან არც როზის და არც ტიმს, ხელფასის თვალსაზრისით დიდი მადა არ აქვთ. თუმცა პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ როზენბერგსაც და ბოროვსკისაც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიის მიღება სურთ.

ამ ფეხბურთელებთან ერთად, სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ 34 წლის მარცხენა მცველ მიკაელ სილვესტრს, 19 წლის ფორვარდ ლენართ თაის, 24 წლის მცველ სებასტიან პრიოდლს, 30 წლის სათადარიგო მეკარე კრისტიან ფანდერს და 23 წლის მცველ ლეონ ბალოგუნს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული