იურგენ კლოპი: ლიოვს დიდი სიამოვნებით შევცვლი!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 44 წლის თავკაცი იურგენ კლოპი წლებია, რაც საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ბუნდესლიგაში მოღვაწე სპეციალისტებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა - თუ საუკეთესოდ არა. მისი პოპულარობა ჯერ კიდევ 2006 წელს, კერძოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დაიწყო.

მაშინ "კლოპო" "მაინცის" დამრიგებელი გახლდათ და ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გერმანიის ნაკრების მატჩებს ანალიზს უკეთებდა. ენაკვიმატმა იურგენმა გერმანული პუბლიკა მაშინ იმდენად მოხიბლა, რომ მას "სატელევიზიო ბუნდესმწვრთნელი" შეარქვეს, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, იურგენ კლინსმანი (მაშინ გერმანიის ნაკრებს კლინსი წვრთნიდა) ყოველ საღამოს ტელევიზორს
უყურებს და კლოპის განცხადებებს იწერსო.

მას მერე ხუთი წელი გავიდა. კლოპი ახლა დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელია და გუნდი, რომელსაც წლების მანძილზე უდიდესი ჩავარდნა ჰქონდა, გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახადა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

44 წლის ასაკში იურგენს ბუნდესლიგაში ბადალი აღარ ჰყავს - ამას წინათ თვით მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც თქვა, ძალიან ვნანობ, რომ წლების წინ რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელად კლინსმანი დავნიშნე და არა კლოპიო. ჰო, მაშინ იურგენი "მაინცის" თავკაცი იყო და "ბაიერნს" რომ მოენდომებინა, მისი გადაბირება არ გაუჭირდებოდა, ახლა კი დორტმუნდში მუშაობს, საიდანაც მიუნხენში წაყვანა უკვე ძალიან ძნელია.

მიუნხენი კი არა, კლოპი უკვე ვარსკვლავებს ეთამაშება - მას გერმანიის ნაკრებში, იოახიმ ლიოვის შემცვლელად მოიაზრებენ. გერმანული "ფლეიბოის" უახლეს ნომერში "კლოპოს" ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც კითხვაზე, რას იზამს, დღესვე რომ შესთავაზონ ბუნდესმწვრთნელობა, ასე პასუხობს: "გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი რომ შემომთავაზონ, არც კი დავფიქრდები, მაშინვე დავთანხმდები! ეს ისეთი თანამდებობაა, რომელზეც ჩვენთან ხალხი ბავშვობიდან ოცნებობს.

მეტიც: გავრისკავ და ვიტყვი, რომ ბუნდესმწვრთნელობა გერმანიაში ისეთი თანამდებობაა, რომელიც მხოლოდ გერმანიის კანცლერობას თუ ჩამოუვარდება. დარწმუნებული ვარ, რომ არ გამიჭირდება, რადგან საბოლოო ჯამში გერმანიის ნაკრებიც მხოლოდ საფეხბურთო გუნდია და მეტი არაფერი."

თუმცა "კლოპომ" იცის, რომ ბუნდესგუნდის დღევანდელი დამრიგებელი იოახიმ ლიოვი ამ პოსტზე კიდევ დიდხანს იქნება. 51 წლის იოგის ხელში გერმანიის ნაკრებს შესანიშნავი შედეგები აქვს და საფეხბურთო კავშირი მასთან გამოთხოვებას არ აპირებს.

"ვიცი, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას დღეს არავინ შემომთავაზებს, რადგან ბუნდესგუნდს ლიოვის სახით წარმატებული სპეციალისტი უდგას სათავეში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს უდიდესი პროგრესი განაცდევინა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ საქმის გაკეთება მეც შემიძლია და თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ჩემით ოდესმე დაინტერესდება, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება," - აცხადებს კლოპი. შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2014 წლის მუნდიალის ჩათვლით აქვს გაფორმებული.

ეს რაც შეეხებოდა "ფლეიბოიში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს. ახლა კი, "ბილდის" ინტერვიუ კლოპთან, სადაც 44 წლის სპეციალისტი დორტმუნდის "ბორუსიაზე" საუბრობს.

- ჰერ კლოპ, თქვენი გუნდი 8 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა, გერმანიის ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტ "ბაიერნს" კი უკვე 6 ქულით ჩამორჩებით. რატომ ვერ თამაშობს "ბორუსია" ისე, როგორც შარშან ამ დროს თამაშობდა?
- მიზეზებზე ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი და პრობლემების დეტალური ანალიზი შორს წაგვიყვანს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გასამართლებელ საბუთებს ვეძებ და მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ალიბი შევუქმნა. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გახსენება აუცილებელია.

მაგალითად იმის, რომ წინა სეზონი ისე დავიწყეთ და ისე დავამთავრეთ, რომ წამყვანი ფეხბურთელები არ დაშავებულან. მთელი სეზონის განმავლობაში სერიოზული ტრავმა მხოლოდ ერთმა ლიდერმა, შინჯი კაგავამ მიიღო, რომელიც მთელი მეორე წრე დაგვაკლდა. სხვები კი პირველიდან ბოლო ტურამდე ჯანმრთელები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ გასულ სეზონში ამ მხრივ გაგვიმართლა, წელს კი აღარ გვიმართლებს.

ლუკას ბარიოსი ორი თვის მანძილზე ლაზარეთში იყო, დაშავდნენ მარსელ შმელცერი და სვენ ბენდერიც. ამას ემატება კონცენტრაციის შედარებითი დაკარგვაც, რაც გაჩემპიონების შემდეგ ნებისმიერ გუნდს ემართება ხოლმე. კონცენტრაციის დაკარგვამ ამ სეზონში უკვე რამდენიმე ქულაც დაგვაკარგვინა. გარდა ამისა, ახლა მეტოქეები უფრო აგრესიულად გვეთამაშებიან. ცხადია, უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საერთო ჯამში განგაშის ატეხვა უადგილოა, რადგან ამ ყველაფერს ველოდი კიდეც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 ტურის შემდეგ არცისე ცუდ მდგომარეობაში ვართ, როგორც ამას ბევრი აფასებს.

- შინჯი კაგავა და კევინ გროსკროიტცი აშკარად კრიზისში არიან...
- კაგავა მოსამზადებელ შეკრებაზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, იმდენად კარგად, რომ დარწმუნებული ვიყავი, სეზონს უმაღლეს დონეზე დაიწყებდა. მერე, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, მუხლი ასტკივდა და ძალიან შეშინდა, ისევ ტრავმა არ მივიღოო, რასაც ის მოჰყვა, რომ მომდევნო შეხვედრაში ფეხებს ცოტა მოუფრთხილდა.

მე ვმუშაობ მასზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და მჯერა, რომ მალე ძველებურად ათამაშდება. თითქმის იგივე ეხება გროსკროიტცსაც, რომელსაც ყოველდღე ერთსა და იმავეს ვუმეორებ: თუ მომდევნო 15 ტურს უმაღლეს დონეზე ჩაატარებ, პირველი რვა ტური აღარავის გაახსენდება-მეთქი. კევინიც ძალიან ახალგაზრდაა და ადრე თუ გვიან, ყველა ახალგაზრდა მოთამაშისთვის დამახასიათებელი მენტალური პრობლემის წინაშე აუცილებლად დადგებოდა. არა უშავს, მასაც მივხედავ!

- ამ სეზონში მცველებიც უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებენ. ამ მხრივ ყველაზე ცუდად ნევენ სუბოტიჩი გამოიყურება. ბევრს იმის ეჭვიც გაუჩნდა, ტოტალიზატორებში დორტმუნდის წაგებებზე ფულს ხომ არ დებსო, რადგან უშუალოდ მისი შეცდომების გამო
"ბორუსიამ" უკვე ორი შეხვედრა დათმო - "ჰანოვერთან", როცა ორი გოლი ბოლო ორ წუთში გაუშვით და მარსელში...
- რა სისულელეა, ძალიან გთხოვთ, ეს უაზრობა თავიდან ამოიგდოთ და ყველას, ვინც სუბოტიჩზე ასეთ რამეს იტყვის, იგივე ურჩიოთ. მას ფეხი გასულ სეზონშიც რამდენჯერმე დაუცდა, უბრალოდ, ეს არავის აღარ ახსოვს, რადგან მაშინ სუბოტიჩის შეცდომების გამო თამაშები არ წაგვიგია. ზოგადად, ყველას აქვს ხოლმე როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდებიც. ეს მარტო ნევენს არ ეხება. მთავარი ისაა, რომ ცუდი პერიოდებიც ერთად გადავიტანოთ.

- ჩემპიონთა ლიგაში
"არსენალთან" ფრეს მარსელში განცდილი კრახი მოჰყვა და ორი ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქულა გაქვთ. როგორც ფიქრობთ, დორტმუნდი ჯგუფიდან მაინც გავა?
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და თუ "ოლიმპიაკოსს" ორივე თამაშს მოვუგებთ, ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი მოგვეცემა და მერე ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას ვიზამთ "არსენალთან" და "მარსელთან" საპასუხო შეხვედრებში. ზოგადად, მარსელში ძალიან კარგად ვითამაშეთდა 0:3 ნამდვილად არ უნდა წაგვეგო. მე სწორედ ეს მაიმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული