"დორტმუნდის" პასუხი "რეალს"

AutoSharing Option
დღე ისე არ გავა, რომ ევროპულ პრესაში მარიო გიოტცეს ახალი მსურველის შესახებ არ დაიწეროს - დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების 19 წლის ვუნდერკინდი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე დღის წინ ესპანური გამოცემა "მარკა" წერდა, გიოტცეს მადრიდის "რეალმა" დაუმიზნა და უნიჭიერეს გერმანელს ზამთარში ან მაქსიმუმ ზაფხულში აუცილებლად იყიდისო.

ესპანელებს არც იტალიელები ჩამორჩნენ: ორი დღის შემდეგ პოპულარული "გაძეტა დელო სპორტი" წერდა, გერმანელი სუპერტალანტის შეძენა "რეალზე" მეტად მილანის "ინტერს" უნდა და "ნერაძურის" ბოსი მასიმო მორატი გიოტცეში აუცილებლად იმაზე მეტს გადაიხდის, ვიდრე მადრიდელებიო.

სპეკულაციები სპეკულაციებად,
ფაქტი კი ის არის, რომ თუ ასე გაგრძელდა, "დორტმუნდის" შეფებს სანერვიულო არ გამოელევათ. შეუძლია თუ არა "ბორუსიას" მარიოს შენარჩუნება? ან, თუ შეუძლია, მაინც რამდენ ხანს?

ესპანური მედიის ცნობით, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მეგობრების წრეში უთქვამს, რაც არ უნდა დააფასონ, გიოტცეს მაინც ვიყიდიო. ზოგადად, მარიოს ფასი 20-დან 30 მილიონ ევრომდეა, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, სეზონის ბოლოს შეიძლება 40-50 მილიონი ღირდეს. მოკლედ, "რეალისთვის" ფული პრობლემას არ წარმოადგენს, რაც "ინტერზე" ასევე ომახიანად ვერ ვიტყვით, მაგრამ სამაგიეროდ, მორატი პერესზე ახირებული კაცია და თუ აიჩემა, მარტო გიოტცეში გადაიხდის ასტრონომიულ თანხას და გუნდს სხვა ფეხბურთელებით არც გააძლიერებს.

გუშინ, გაზეთ "ბილდის" საშუალებით, "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "რეალისა" და "ინტერის" ბოსებს ასეთი რამ შეუთვალა: "მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მარიო გიოტცე არ იყიდება. ასეთ რამეს მენეჯერები ადრე ამბობდნენ ხოლმე და დიდი ხანია, ფეხბურთში ასეთი განცხადების გაკეთება სირცხვილად მიიჩნევა.

მე ვამბობ: მარიო გიოტცე კრიშტიანო რონალდოს არაფრით ჩამოუვარდება - არც ფასით და არც შესაძლებლობებით! ახლა ზუსტად ისეთი განცდა მაქვს, რაც "რეალის" ბოსებს ექნებათ, ვინმემ რონალდოზე რომ ჩამოუგდოს სიტყვა. მოკლედ, თუ "რეალს" გიოტცე უნდა, მაშინ ჩვენ რონალდო გვინდა!"

იმედიანადაა "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკეც, რომელიც ამბობს: "მთელ ამ ორომტრიალში ყველაზე მთავარი ის არის, რომ გიოტცე არა მარტო გენიალური ფეხბურთელია, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა და "რეალისა" თუ "ინტერის" შეფების კომენტარებზე არ წამოეგება, თავში არაფერი აუვარდება. მარიოს დორტმუნდიდან წასვლა არ უნდა."

ეს "ბილდის" ჟურნალისტებმა თავად გიოტცესთან გადაამოწმეს და ნახევარმცველმა, რომელსაც 19 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების ფორმა უკვე 10-ჯერ ეცვა (2 გოლი), ასეთი რამ თქვა: "მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ, რომ დორტმუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ასე რომ, აზრი არ შემიცვლია. ახლა მთლიანად "ბორუსიაზე" ვარ კონცენტრირებული და ესეც რომ არ იყოს, BVB-სთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაქვს გაფორმებული. რა იქნება 2014 წლის შემდეგ, ამაზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული