გერმანიის ნაკრები: ექსპერიმენტი ჩაიშალა - არც როისი, არც კლოზე!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი წლის ბოლო ტესტ-მატჩებში ექსპერიმენტებს მიმართავს. პარასკევს, კიევში უკრაინის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესგუნდის კარს „ჰანოვერის“ ახალგაზრდა მეკარე რონ-რობერტ ცილერი დაიცავს, ნახევარდაცვაში კი, იოგი მესუთ იოზილისა და მარიო გიოტცეს ტანდემს პირველად ათამაშებს.

მთავარი ექსპერიმენტი კი ლიოვს უკვე ჩაეშალა: ბუნდესმწვრთნელს უნდოდა, რომ უკრაინასთან თავდასხმაში მარიო გომესი და მიროსლავ კლოზე ერთად გაემწესებინა, რასაც ვეღარ მოახერხებს, რადგან კლოზემ ტრავმა მიიღო და ბუნდესნაკრებს კიევში ვერ გაჰყვება.

უკრაინასთანაც და ოთხი დღის შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაშიც, რომელიც ჰამბურგში გაიმართება, ლიოვი
ტაქტიკურ ექსპერიმენტებსაც მიმართავს. სადღეისოდ მას ორი ტაქტიკური სქემა აქვს დამუშავებული: 4-2-3-1 და 4-1-4-1. ახლა კი უნდა, რომ გუნდი ორი თავდამსხმელით ათამაშოს, რაც უკრაინასთან შეხვედრაში კლოზეს არყოფნის გამო ალბათ ვერ მოხერხდება, აი, ჰოლანდიასთან კი ეს ექსპერიმენტიც შედგება, რადგან ბუნდესგუნდის სამედიცინო შტაბის განცხადებით, მირო ჰოლანდიასთან თამაშს შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ იოგის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ორი ნომინალური ცენტრფორვარდით მხოლოდ ერთხელ, ორი წლის წინ კოტ დ’ივუართან ტესტ-მატჩში ითამაშა - მაშინ ლიოვმა ბუნდესგუნდის წინა ხაზზე შტეფან კისლინგისა და ლუკას პოდოლსკის ტანდემი გაამწესა. ის მატჩი 2:2 დასრულდა.

„ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებამდე დიდი დროა, მაგრამ მანამდე მხოლოდ სამი ტესტ-მატჩი გვაქვს დაგეგმილი და ეს შეხვედრები სწორედ ექსპერიმენტებისთვის უნდა გამოვიყენოთ. მინდა, რომ 4-4-2-იც დავამუშავოთ, რადგან გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი უნდა იყოს,“ - აცხადებს ლიოვი.

ლიოვს როისიც გამოაკლდა
ლიოვს მოახლოვებული ტესტ-მატჩებისთვის მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ 22 წლის გარემარბი მარკო როისიც გამოაკლდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, ნაკრებს ამჯერად გრიპმა ჩამოაცილა. გაგახსენებთ, რომ როისი ტრავმების გამო გერმანიის ნაკრებს არაერთხელ დააკლდა, თუმცა ოქტომბერში, თურქეთთან შეხვედრაში (3:1) ბუნდესგუნდში დებიუტირება მაინც მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა მარკო ჰოლანდიასთან მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

ცილერის დებიუტი და პრემიები
უკრაინასთან მატჩისთვის მანუელი ნოიერი გამოძახებული არაა. „ბაიერნის“ მეკარე და ბუნდესგუნდის პირველი ნომერი ლიოვის სამწყსოს ჰოლანდიასთან შეხვედრისთვის შეუერთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევში გერმანიას ორი მეკარე, ბრემენელი ტიმ ვიზე და ჰანოვერელი რონ-რობერტ ცილერი ეყოლება. ლიოვის გადაწყვეტილებით, ეს უკანასკნელი მინიმუმ ერთ ტაიმს ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრებში ცილერის დებიუტი აუცილებლად შედგება.

რაკი ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულია, ლიოვი უკრაინასთან თამაშს სავარაუდოდ მხოლოდ ერთი საყრდენით დაიწყებს და ეს უკანასკნელი ტონი კროოსი იქნება. როგორც იცით, იოგიმ გადაწყვიტა, რომ კაპიტანი ფილიპ ლამი დაასვენოს. მის ნაცვლად, მარცხენა მცველის პოზიციისთვის ორი კანდიდატი ჰყავს: დორტმუნდელი მარსელ შმელცერი და ჰამბურგელი დენის აოგო. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ლიოვი ამ ორიდან ერთ-ერთს განაცხადს მიღმა დატოვებს და სწორედ ამ და მომდევნო ტესტ-მატჩებში უნდა გამოჩნდეს, რომელიც ვერ წავა პოლონეთსა და უკრაინაში - შმელცერი თუ აოგო.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაც: როგორც იცით, ამ ბოლო დროს გერმანელი ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დღევანდელი ბუნდესგუნდი ყველა დროის საუკეთესოა. ხშირია შედარებები 1990 წლის გუნდთან, რომელიც იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ცნობს. მაშინდელი ბუნდესგუნდის თავკაცი ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ ეს შედარება უაზრო და გადაჭარბებულია.

„ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო გერმანიაზე მხოლოდ მაშინ უნდა დავიწყოთ საუბარი, როცა ეს გუნდი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. უტიტულო გუნდის ისეთ გუნდთან შედარება, რომელიც მე 1990 წელს მყავდა, მინიმუმ გადაჭარბებული, მაქსიმუმ კი უაზრო საქციელია,“ - აცხადებს კაიზერ-ფრანცი.

დაბოლოს: როგორც იცით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონობისთვის საკმაოდ დიდი პრემია, 300 000 ევრო დაუწესა. ახლა გაირკვა, რომ სწორედ 300 000 ევრო იქნება ლიოვის პრემიაც. ფინალში გასვლის შემთხვევაში გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი 150 000 ევროს მიიღებს, ნახევარფინალში გასვლისთვის 100 000 ევროს, ხოლო მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის კი - 50 000 ევროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული