მათეუსი: სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს აღარ აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე რომელიმე გერმანული კლუბში მიიწვევენ და მწვრთნელად დანიშნავენ. მოგეხსენებათ, 50 წლის ლოთარი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ რომელიმე გერმანული კლუბი დაეინტერესებინა და ბუნდესლიგაში მუშაობა დაეწყო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ახლა კი, მათეუსმა სამშობლოში მუშაობაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია.

"ვიცი, რომ გერმანიაში მწვრთნელად არავის ვჭირდები. მივხვდი, რომ ეს უტოპიაა, თუმცა ვერ ვხდები, რატომ. ასეა თუ ისე, ფაქტია, შანსი იმისა, რომ ბუნდესლიგაში ვიმუშავო, 5 პროცენტზე მეტი არ არის," - აცხადებს გაზეთ "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ
ინტერვიუში მათეუსი, რომელიც ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

ლოთარის აზრით, გერმანული კლუბების მიერ მისი უყურადღებოდ დატოვება პირველ რიგში მისი არეულ-დარეული პირადი ცხოვრების ბრალია. "სამწუხაროდ, გერმანიაში ბევრ ისეთ დეტალს აკვირდებიან, რაც წესით გათვალისწინებული არ უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, ბევრ გუნდს მარტო იმიტომ არ ვუნდივარ, რომ უკვე სამი ცოლი მყავდა. გარდა ამისა, გერმანიაში ჩემს სახელს ყველა "ბაიერნთან" აიგივებს, მიუნხენურ კლუბში არავინ მეპატიჟება, სხვებს კი ისევ "ბაიერნის" გამო არ ვუნდივარ. რეკორდმაისტერმა ამ მხრივ ძალიან მავნო," - ამბობს მათეუსი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ლოთარის მომდევნო გაჩერება სამწვრთნელო ასპარეზზე ისევ უცხოეთი იქნება.

ცოტა ხნის წინ, მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კარლსრუეში" მწვრთნელი გააგდეს და რამდენიმე გაზეთმა დაწერა, შესაძლოა, ალექსანდრე იაშვილის გუნდს ლოთარ მათეუსი ჩაუდგეს სათავეშიო, რის შემდეგაც "კარლსრუეს" პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, ლოთარს შანსი არ აქვს, რომ თუნდაც მეორე ბუნდესლიგის გუნდში დაინიშნოს, მე მასზე ერთი წამითაც არ მიფიქრიაო.

"ასეთი განცხადებებით ჩემი სახელის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას ვთხოვ, დამიცვან. ბოლოს და ბოლოს მე გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ვარ, - განრისხებულია მათეუსი, - არ მესმის, რატომ მომიხსენიებენ ასე, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვისაც მე არ ვჭირდები, არც მე მჭირდება. არაერთი შემოთავაზება მაქვს და სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული