გლადბახის "როლს როისი" 20 მილიონად?

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სენსაციური თამაშის მთავარი შემოქმედი, მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად, გუნდის ახალგაზრდა ლიდერი მარკო როისია.

არაერთხელ დავწერეთ, რომ 22 წლის გარემარბით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული, მაგრამ როგორც ირკვევა, რეკორდმაისტერი არ არის ერთადერთი გრანდი, რომელსაც როისის ხელში ჩადგება უნდა. მეტიც: ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელებმა გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყეს და კონკრეტული ნაბიჯიც გადადგეს, რაც "გლადბახის" თავკაცმაც დაადასტურა. ამასთან, მარკო "მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსის" ინტერესის სფეროშიცაა მოხვედრილი.

გასულ უქმეებზე მარკომ "ჰერტასთან" თამაში ფაქტობრივად მარტომ შემოატრიალა: ბერლინელები მიონხენგლადბახელებს 1:0-ს უგებდნენ და "ბორუსიამ"
სწორედ როისის დუბლის წყალობით შეიტანა თამაშში გარდატეხა. ამით მარკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "გლადბახი" 12 ტურის შემდეგ 23 ქულით "დორტმუნდთან" და "ვერდერთან" ერთად, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფს და ჯერაც "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი მდევარია. უშუალოდ როისს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ძალიან კარგი შედეგია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიონხენგლადბახელებს საერთო ჯამში 15 გოლი აქვთ გატანილი, დავინახავთ, რომ გუნდის გოლების თითქმის ნახევარი მარკოზე მოდის.

არსენალი, სიტი და იუვე
ლოგიკურად, არც ისაა გასაოცარი, რომ როისს მთხოვნელების რიგი დაუდგა. "ბაიერნის" ინტერესი გასაგებია, უცხოური გრანდებიდან კი ყველაზე მეტად "არსენალი" აქტიურობს. ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონური კლუბი მზადაა, "გლადბახს" როისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს -არსენ ვენგერს მარკოს ხელში ჩადგება იანვარშივე უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ "გლადბახისთვის" კონკრეტულ შეთავაზებებს "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსიც" ამზადებენ. მართალია, მარკო როისს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია საკმაოდ საინტერესო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, როისს 2012 წელს "გლადბახიდან" წასვლა 18 მილიონად შეუძლია, 2013-ში 15 მილიონად, 2014-ში კი სულაც 12 მილიონად.

ფავრი არსენალს ადასტურებს

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "გლადბახის" დამრიგებელმა ლუსიენ ფავრმა "არსენალის" დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელმა მწვრთნელმა განაცხადა, არსენ ვენგერი ტელეფონით მესაუბრა და პირადად დამიდასტურა, რომ როისის ყიდვა უნდაო.

თუმცა ფავრმა ისიც თქვა, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთო.

"არსენ ვენგერს ძალიან კარგად ვიცნობ და მას სიმართლე ვუთხარი: მარკო ძალიან უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, მაგრამ მე "გლადბახის" მწვრთნელი ვარ და ძალიან მინდა, რომ ეს ფეხბურთელი შევინარჩუნო," - ამბობს ფავრი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ვენგერს როისზე დაკვირვება გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა ურჩია და "მეთოფეების" თავკაცმა ფავრისთვის დარეკვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. ლუსიენის აზრით, როისისთვის რომელიმე სუპერგრანდში გადასვლა ჯერ ადრეა - შვეიცარიელი მწვრთნელი მარკოს "გლადბახში" კიდევ რამდენიმე წლით დარჩენას ურჩევს. თვითონ ფეხბურთელიც, "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, "გლადბახში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სხვაგან გადასვლაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობო.

ფავრის თქმით, მარკო როისი ყველაზე ნიჭიერია მათ შორის, ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია და ფეხბურთელს, რომელსაც გერმანიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მხოლოდ ერთი, ისიც აღმოფხვრადი ნაკლი აქვს: "მარკოს ყველაფერი შეუძლია, გარდა თავით თამაშისა, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც გაუმჯობესდება."

მართლაც, ბუნდესლიგაში გატანილი 25 გოლიდან, როისმა 19 მარჯვენა ფეხით, 5 მარცხენით და მხოლოდ ერთი გაიტანა თავით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული