"მილანმა" "კატანიას" მიუკაკუნა, როსონერის მაქსი ლოპესი უნდა

AutoSharing Option
ანტონიო კასანოს შემთხვევამ „მილანის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ხელმძღვანელობა საგონებელში ჩააგდო. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ადრიანო გალიანიმ ზამთარში ახალი თავდამსხმელის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა და მწვრთნელთან შეთანხმებით სასურველი კანდიდატიც შერჩეული ჰყავს: „როსონერიმ“ „კატანიას“ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს დაადგა თვალი.

„თუ ეს სიმართლეა, მაშინ ვიტყვი, რომ „მილანის“ ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ და ვნახოთ, რა მოხდება იანვარში. ფაქტი ის არის, რომ დღეს ასი პროცენტით „კატანიაზე“ ვარ კონცენტრირებული,“ - განაცხადა 27 წლის თავდამსხმელმა „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ჩანს, „კატანიას“
პრეზიდენტი ანტონინო პულვირენტი მაქსი ლოპესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ „მილანს“ არგენტინელის ყიდვა კი არა, არენდით აყვანა უნდა, რადგან კასანო რომ დაბრუნდება, „როსონერის“ მაქსი აღარ დასჭირდება.

მაქსი ლოპესი სიცილიაში 2010 წლის იანვარში, „გრემიოდან“ გადაბარგდა და იმ სეზონის მეორე ნახევარში 17 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, რითაც საფეხბურთო ევროპას თავი შეახსენა. მიმდინარე სეზონში მას შვიდ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე არგენტინელი ცენტრფორვარდი „ბარსელონაში“, „მალიორკასა“ და „მოსკვაში“ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული