მაგათმა ჰელმესი გააგდო!

AutoSharing Option
„ვოლფსბურგი“ უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ბუნდესლიგის წინა ტურში, დორტმუნდში განცდილი კრახი (1:5) გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო, რის შემდეგაც „დესპოტი ფელიქსი“ ჯერ მცველ სოტირიოს კირიაკოსსა და ნახევარმცველ იან პოლაკს მისდგა (ორივე მოყვარულთა გუნდში გადაისროლა), ახლა კი, პირველი გუნდიდან თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესიც მოკვეთა.

მაგათს ჰელმესი გულზე თავიდანვე არ ეხატებოდა და გეხსომებათ, აგვისტოში მისი გაყიდვა უნდოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან
ერთ დროს უპერსპექტიულეს თავდამსხმელში ფულის გადახდა არცერთმა კლუბა არ ისურვა. მაგათმა სექტემბერში გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის აზრზე
მოყვანა სცადა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა, ახლა კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პატრიკისგან ვერ გამოთლის ისეთ თავდამსხმელს, როგორებიც მას უყვარს.

„ახლა უკვე საბოლოოდ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ზამთრამდე მისგან ხეირი არ იქნება. ახლა მისი გადასაწყვეტია, რას იზამს იანვარში,“ - ამბობს ფელიქსი ფორვარდზე, რომელიც „ვოლფსბურგში“ ერთი წლის წინ, იმ დროს გადავიდა, როცა გუნდს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა და მას მერე, „მგლების“ ფორმით ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. პატრიკს „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

ჰელმესი ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც იანვარში „ვოლფსბურგს“ სავარაუდოდ დატოვებს. წასვლის უპირველესი კანდიდატები არიან კირიაკოსი და პოლაკიც. ამავდროულად, მაგათი ახალ ტრანსფერებზეც ფიქრობს, ოღონდ ჩვეულ სტილში, ისეთ ფეხბურთელებს უმიზნებს, რომლებსაც ფაქტობრივად არავინ იცნობს. ჩეხური პრესა წერს, რომ მაგათი პლზენის „ვიქტორიას“ 23 წლის ფეხბურთელ ვაცლავ პილარს უმიზნებს, პორტუგალიური გაზეთები კი იტყობინებიან, რომ „ვოლფსბურგს“ მეორელიგელი „პენაფილის“ 24 წლის მარჯვენა მცველი რუბენი უნდა. ამ უკანასკნელმა თავად დაადასტურა, გერმანიიდან დამიკავშირდნენო. „ვოლფსბურგერ ნახრიხთენის“ ინფორმაციით, „ვოლფებს“ ტრონჰეიმის „რუსებორგის“ 19 წლის ნახევარმცველი მარკუს ჰენრიკსენიც აინტერესებს – ამ უკანასკნელს ნორვეგიული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. მაგათის ინტერესის სფეროში ვენის „აუსტრიას“ ფეხბურთელი ზლატკო იუნუცოვიჩიცაა მოხვედრილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული