გერმანიაში ბურთი მაინც გაგორდა

AutoSharing Option
მიუხედავად კიოლნში მომხდარი დრამისა (ფიფას არბიტრმა ბაბაკ რაფატიმ, რომელსაც კიოლნი-მაინცი უნდა ემსაჯა, სასტუმროში თავის მოკვლა სცადა, ის აბაზანაში ვენებგადაჭრილი იპოვნეს და გადაარჩინეს, მატჩი კი გადაიდო), ამ უქმეებზე გერმანიაში ბურთი მაინც გაგორდა და შესანიშნავი თამაშები ვნახეთ.

თუმცა მაინც უნდა ვთქვათ, რომ ტურის მთავარმა საფეხბურთო მოვლენამ, "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" სუპერმატჩმა ისე ვერ მოგვხიბლა, როგორც უნდა მოვეხიბლეთ. ალბათ იმიტომ, რომ მიუნხენური გრანდი ზედმეტად ფრთხილობდა.

სიტუაციაში ყველაზე უკეთ მარიო გიოტცე გაერკვა და გაიტანა გოლი, რომლის წყალობით "დორტმუნდმა" "ალიანს არენაზე" მოიგო და გერმანიის ჩემპიონობისთვის
ბრძოლა ისევ დაძაბა. მიუხედავად წლის მატჩად მონათლულ შეხვედრაში გატანილი გადამწყვეტი გოლისა, ტურის გმირი მაინც სხვა, ასევე ახალგაზრდა და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელი გახდა - მეორე "ბორუსიას" ვუნდერკინდი მარკო როისი, რომელმაც "ვერდერს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა, "გლადბახმა" კი სულაც 5:0 მოიგო. თუმცა მე-13 ტურში მარტო ეს სამი ამბავი როდი იყო აღსანიშნავი - სხვაც ბევრი მოხდა საინტერესო.

ტურის შოკი: ბაბაკ რაფატი
მე-13 ტური ბაბაკ რაფატის თითქმის-სუიციდმა დაჩრდილა. გამოცდილი, 41 წლის არბიტრი, რომელიც წარმოშობით ირანიდანაა, შაბათს, "კიოლნისა" და "მაინცის" შეხვედრის წინ სიცოცხლესთან თვითნებურად გამოთხოვებას ცდილობდა - ჯერ თავის ჩამოხრჩობა სცადა (პოლიციის მიერ დადასტურებული ინფორმაციაა), რაც არ გამოუვიდა, მერე კი ვენები გადაიჭრა. რაფატის ალკოჰოლიც ჰქონდა მიღებული.

მოტივი უცნობია, თამაში გადაიდო, საფეხბურთო გერმანია შოკშია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მსაჯი გადარჩა და "ბილდის" ცნობით, გუშინ კლინიკიდან გაწერეს - ფსიქოლოგ-ფსიქიატრების დაკვირვებებმა ცხადყო, რომ რაფატის არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. რაც შეეხება მატჩს - გერმანიის საფეხბურთო კავშირში თქვეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "კიოლნისა" და "მაინცის" შეხვედრა წელსვე გაიმართოსო.

იღბლის ბიჭი მარიო...
შესაძლოა, ეს იმის ბრალიცაა, ამ მატჩისგან ზედმეტად ბევრს რომ ველოდით და ვითხოვდით. არადა, ყველაფერი სუპერ-საფეხბურთო-სპექტაკლზე მეტყველებდა: ჩემპიონი მარადმწვანე ჩემპიონის წინააღმდეგ, ლიდერი მეორეადგილოსნის წინააღმდეგ, გიოტცე/კაგავა რიბერი/რობენის წინააღმდეგ... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავარიელებს დორტმუნდელებზე შურისძიება სურდათ. დიდი სპექტაკლი კი არ შედგა, რადგან გერმანიის ორმა საუკეთესო კლუბმა ერთმანეთის წინააღმდეგ ფრთხილი ტაქტიკაი აირჩიეს და ბურთს უმეტესად მოედნის ცენტრში ან მის შემოგარენში დააგორებდნენ.

თუკი რომელიმეზე ითქმის, უფრო აქტიურობდაო, პირველ რიგში დორტმუნდის "ბორუსიაზე" და აქედან გამომდინარე, აღარც BVB-ს გამარჯვებაა გასაკვირი. საერთო სურათში ის ფაქტიც იდეალურად ჯდება, გადამწყვეტი გოლი მაინცდამაინც გიოტცემ და თანაც, შემთხვევით შექმნილი მომენტისა და "ბაიერნის" მცველ ჟერომ ბოატენგის სიზანტის წყალობით რომ გაიტანა. კარგია, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ დაიძაბა და რომ "დორტმუნდი" "ბაიერნისთვის" უკვე საშიში მეტოქეა.

...და მარკო მეორე ბორუსიადან
"გლადბახი" უკვე სერიოზულად გვაოცებს. მეორე "ბორუსიამ" (თუმცა ისიც საკითხავია, ვინ პირველია და ვინ მეორე მიონხენგლადბახურ და დორტმუნდულ "ბორუსიებს" შორის) "ვერდერი" მიწასთან გაასწორა და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, შარშან კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული გუნდი, 13 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბაიერნს" ოდენ ორი ქულითღა ჩამორჩება.

ძალიან არ გვინდა, რომ "გლადბახის" სენსაციური სვლა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩავუთალოთ დამსახურებად, მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა დიდხანს ვისაუბროთ ამ გუნდის ძლიერ კოლექტივზე, ყველა წინადადებაში იმ ერთის ხსენება მოგვიწევს - მარკო როისს ვგულისხმობთ.

"ვერდერთან" შესრულებულმა ჰეთ-თრიკმა მარკოს საბოლოო დიაგნოზი დაუსვა: როისი უდიდესი ტალანტია! მწვრთნელი ლუსიენ ფავრი კი ცდილობს, თავის შეგირდს წნეხი აარიდოს - მასზე ამდენს ნუ ვილაპარაკებთო - რადგან იცის, რომ როისის შენარჩუნება გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მარკოს "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

ეშმაკების ჯოჯოხეთი
"კაიზერსლაუტერნის" მეკარე ტობიას ზიპელის კბილის ტკივილს, ამ გუნდის მეორე კიპერის, კევინ ტრაპის "მუცლის ტკივილი" დაემატა და ამ ყველაფერმა საბოლოოდ ისეთი შედეგი გამოიღო, რომ "ეშმაკების" თავკაც მარკო კურცს თავი აატკივა. "ლაუტერნმა" პარასკევს "ლევერკუზენთან" 0:2 რომ წააგო, ეს დიდწილად სწორედ 21 წლის მეკარე ტრაპის ბრალია, რომელმაც ბალაკის დარტყმის შემდეგ ბურთი ვერ შეიმაგრა და ისეთი გოლი გაუშვა, მანუელ ნოიერი ბავშვობაშიც რომ არ გაუშვებდა. სხვათა შორის, მეორე გოლიც მის სინდისზეა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ იმ მომენტში მცველებმა უფრო სასტიკი შეცდომები დაუშვეს. ამ წაგების შემდეგ "ლაუტერნი" ისევ გაურკვევლობაშია, "ლევერკუზენი" კი მოწინავე ადგილებს მიუახლოვდა.

მეომარი რაიზინგერი
ბერლინის "ჰერტა" ფრაიბურგში დამაჯერებლად, 2:0-ს იგებდა და თამაშიც ისე მიმდინარეობდა, ვერავინ იფიქრებდა, თუ ბრაისგაუელები მაინც დაბრუნდებოდნენ და ქულას გადაარჩენდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ "ფრაის" თავკაცი მარკუს ზორგი მოედანზე შტეფან რაიზინგერს შეუშვებდა. 61-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, 81-ეზე მეორეც გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს, რამაც ძალიან გააბრაზა, მაგრამ მერე, კერძოდ, 95-ე წუთზე მან მაინც შეძლო დამსახურებული გოლის გატანა. შედეგი: "ფრაიბურგი" წაგებას გადაურჩა, რაიზინგერს კი ძირითად შემადგენლობაში თამასის პერსპექტივა "ეჭყანება".

ჰამბურგში ამოისუნთქეს
"ჰამბურგმა" ტორსტენ ფინკის ხელში, როგორც იქნა, მოიგო - ჩრდილოელებმა უიდეო "ჰოფენჰაიმი" პაულო გერეროს მეტ-ნაკლებად კურიოზული და მარსელ იანსენის ბრწყინვალე გოლებით დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ ფინკი შვებით ამოასუნთქა - "ბაზელიდან" გადმობარგებული მწვრთნელის აქტივში მანამდე ზედიზედ სამი ფრე იყო.


მე-13 ტურის სიმბოლური ნაკრები (4-1-2-1-2, კიკერი)
რომან ვაიდენფელერი (ბორუსია დ, I) - ტონი იანტშკე (ბორუსია მ, I), კრისი (ვოლფსბურგი, I), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, IV), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ, III) - ჰასან სალიჰამიჯიჩი (ვოლფსბურგი, I) - პატრიკ ჰერმანი (ბორუსია მ, I), ხუან არანგო (ბორუსია მ, I) - მარკო როისი (ბორუსია მ, VI) - შტეფან რაიზინგერი (ფრაიბურგი, I), კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე, III)

იმ 11 ფეხბურთელიდან, რომლებიც "კიკერმა" მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრა, 7 ბორუსიელია - სამი დორტმუნდელია, ოთხი კი მიონხენგლადბახელი. ამ ოთხიდან ერთი, კერძოდ უკვე ბევრჯერ ნახსენები მარკო როისი სიმბოლურში უკვე მეექვსედ მოხვდა.

ტურის გმირი
მარკო როისი (ბორუსია მ)

"გლადბახის" უდიდეს ისტორიაში არაერთი ლეგენდარული თავდამსხმელის გვარი წერია - ბრიულსი, ჰაინკესი, ლაუმენი, სიმონსენი... ახლო წარსულიდან გვახსოვს კრინსი, მილი, რანი ან ჰერლიხი... მაგრამ ვერცერთმა ზემოთხსენებულმა თავდამსხმელმა ვერ შეძლო ის, რაც ახლა 22 წლის მარკო როისმა მოახერხა. ის არის პირველი გლადბახელი, რომელმაც ზედიზედ სამ მატჩში შეძლო მინიმუმ დუბლის შესრულება - დუბლი "ჰანოვერთან" (2:1), დუბლი ბერლინში (2:1) და ჰეთ-თრიკი "ვერდერთან" (5:0). ფავრი მას აქამდე გარემარბად ათამაშებდა, მაგრამ იგორ დე კამარგოს ტრავმის შემდეგ ცენტრში გადასწია და ფლეიმეიქერის პოზიცია ანდო. შედეგი სახეზეა და შესაძლოა, როისი ამ პოზიციაზე უფრო ხშირადაც მოგვევლინოს ხოლმე.

საუკეთესო ფეხბურთელები
13 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.18
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.23
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.35
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.50
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.50
6. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50
7. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.50
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.59
9. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.69
10. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.69

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 12 13 2 15
2. კლაუდიო პისარო ვერდერი 12 11 4 15
3. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 12 12 2 14
4. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 11 9 5 14
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 6 8 14
6. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 13 8 5 13
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 13 10 3 13
8. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 13 8 3 11
9. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 13 6 4 10
10. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 13 7 3 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული