ბერლინელებს ახალი გმირი ჰყავთ - „ჰერტას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა. ის ძალიან ჰგავს ლისანდრო ლოპესს, მხოლოდ 19 წლისაა და პირველ ბუნდესლიგაში მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლები გააქვს და თანაც ისე, თითქოს დიდი ხანია, ამ საქმით იყოს დაკავებული.
მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 6 გოლია და მართალია, ეს არ არის გადასარევი შედეგი, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლასოგა „ჰერტაში“ თამაშობს და არა ვთქვათ მიუნხენის „ბაიერნში“. ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით კი, ლასოგა სულაც „ბაიერნის“ გოლეადორ მარიო გომესს ჯობნის!
სუპერმარიოს ანგარიშზე
13 გოლია, მაგრამ მას ამ 13 გოლის გასატანად გაცილებით მეტი მცდელობა დასჭირდა, ვიდრე ლასოგას თავისი 6 გოლისთვის, მეტი სიზუსტისთვის: გომესს ერთი გოლის გასატანად საშუალოდ 3.62 დარტყმა სჭირდება, ლასოგას კი მხოლოდ 2.67 დარტყმა. ამ მხრივ, ბერლინელზე უკეთესი შედეგები ბუნდესლიგაში მხოლოდ შალკელ კლაას-იან ჰუნტელაარს (2.58) და ჰანოვერელ მოჰამედ აბდელაუს (2.38) აქვთ.
„საქმეები ძალიან კარგად წამივიდა, მაგრამ ეიფორიაში არ ვვარდები. უბრალოდ, მოედანზე გავდივარ და ფეხბურთს ვთამაშობ. ზოგადად თავს არ ვიწნეხავ იმაზე ფიქრით, რომ ამდენი და ამდენი გოლი უნდა გავიტანო. ვფიქრობ, ამიტომაც გამაქვს გოლები,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი ლასოგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"