პირველი წრის მოგების ერთ-ერთმა კანდიდატმა „შალკემ“ გუშინ ბერლინში ითამაშა და 2:1 გაიმარჯვა, დღეს კი, ლიდერებიდან მიონხენგლადბახის „ბორუსიაა“ ყურადღების ცენტრში - ლუსიენ ფავრის გუნდი აუტსაიდერ „აუგსბურგს“ სტუმრობს და თუ მოიგო, მინიმუმ ერთი დღით გალიდერდება.
დღევანდელი შეხვედრებიდან საკმაოდ საინტერესოა „ვერდერისა“ და „ვოლფსბურგის“ ჩრდილოური დუელი, ასევე საღამოს გასამართი შეხვედრა „ჰანოვერსა“ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ „ლევერკუზენს“ შორის. ტურის მთავარი მოვლენები კი ხვალ განვითარდება: დორტმუნდის
განაგრძობს გლადბახი წარმატებულ სვლას?
შარშან ამ დროს „აუგსბურგისა“ და „გლადბახის“ დუელში ფავორიტს ვერ გამოვარჩევდით, ახლა კი „ბორუსია“ აშკარა ფავორიტია, რადგან ფავრის შეგირდები სენსაციურად ასპარეზობენ, ხოლო „აუგსბურგი“ კი, მართალია, ელიტაში გადმოვიდა, მაგრამ ბოლო ადგილზე „ბუქსაობს“. მიონხენგლადბახელებმა ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს და არ არსებობს ლოგიკური მიზეზი, რის გამოც აუგსბურგში უნდა წაიფორხილონ, თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთში ალოგიკურიც ბევრი ხდება.
„ვერდერისა“ და „ვოლფსბურგის“ დაპირისპირება ორი გულმოკლული გუნდის ჯახია. ბრემენელები წინა ტურში მეცხრე ციდან მიწაზე დაეშვნენ: „ბაიერნთან“ 1:4 წააგეს, რის შემდეგაც „მუსიკოსების“ სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, გერმანიის ჩემპიონობის კანდიდატები არ ვართ და ყველას ვთხოვ, ეს სტატუსი ჩვენთან მიმართებაში აღარ ახსენოთო. თუმცა ფეხბურთელებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ „ვერდერს“ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ახერხებს.
ბრაზილიელი მცველი ნალდო ამბობს, ჩემპიონობა რომ არ შეგვეძლოს, 15 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე არ ვიქნებოდითო, რაშიც ნაღდადაა სიმართლის მარცვალი. ოღონდ მხოლოდ მარცვალი და მეტი არაფერი... თომას შააფს ძირითადი მეკარე ტიმ ვიზე უბრუნდება, სამაგიეროდ, აარონ ჰანტის (დისკვალიფიკაცია), მეჰმეთ ექიჩისა (ტრავმა) და მარკო მარინის (ასევე ტრავმა) სახით სამი წამყვანი ნახევარმცველი არ ეყოლება.
„ვოლფსბურგში“ კი უკვე სრული ქაოსია, რადგან ფელიქს მაგათის გუნდი ცუდად გამოიყურება - „მგლებს“ ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ხუთი ქულა აქვთ აღებული. „მაინცთან“ 2:2-ის შემდეგ, მაგათმა შეგირდები დაცოფა - უკანასკნელი მშიშრებივით თამაშობდნენო. გამოიღო თუ არა ფელიქსის ლანძღვამ შედეგი, ამას დღეს გავიგებთ.
ვინ ამოძვრება ქვესკნელიდან?
„მაინცი“ ფორმაში შესულ და აზრზე მოსულ „ჰამბურგს“ მასპინძლობს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს თომას ტუხელის შეგირდებიც გამოსწორდნენ - „მაინცი“ ერთი კვირის წინ „ვოლფსბურგთან“ 0:2-ს აგებდა და ქულა გადაარჩინა. „ჰამბურგმა“ წინა ტურში „ნიურნბერგი“ დაამარცხა (2:0), მაგრამ შეხვედრაში მარტო ანგარიში დაფიქსირდა ჩრდილოელთათვის მოსაწონი, თამაშით კი, HSV-მ დიდი ვერაფერი ფეხბურთი შემოგვთავაზა.
სამაგიეროდ, კარგი იყო ის, რომ ტორსტენ ფინკის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. სადღეისოდ, „მაინცსა“ (16 ქულა) და „ჰამბურგს“ (17) ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ - ასე რომ, ამ დუელში გამარჯვებული მშვიდად გამოსამთრების გარანტიას მიიღებს.
ასეთ გარანტიამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია „ფრაიბურგს“ (13 ქულა), რომელიც ამ ტურში კიოლნში (17) ჩადის. მართალია, „ფრაიმ“ ბოლო დროს ქულების დაგროვება დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ფრეებით და შესაბამისად, ცხრილში მდგომარეობა ვერ გამოისწორა. იანვრის მოახლოვებასთან ერთად, ორივე გუნდის ქომაგები ნერვიულობენ, რადგან მთავარი გოლეადორების დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ - „ფრაიბურგს“ პაპის დემბა სისესი, „კიოლნს“ კი ლუკას პოდოლსკისა. ამ უკანასკნელმა წინა ტურში უმნიშვნელოვანესი დუბლი შეასრულა, რითაც „თხებს“ შტუტგარტში ქულა გადაურჩინა (2:2).
„ნიურნბერგი“ (15 ქულა) „ჰოფენჰაიმს“ (18) მასპინძლობს. წინა ტურში განცდილი მარცხი ნიურნბერგელთათვის ამ სეზონის სავიზიტო ბარათივით იყო, რადგან დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა ისევ ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლები კვლავ ვერ გაიტანეს. ეს მოვლენა ნამდვილად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ აქვს „ნიურნბერგს“ ასე ცოტა ქულა, მაგრამ ამით გუნდის მდგომარეობა არ სწორდება. ფრანკებს „ჰოფენჰაიმთან“ უკეთესის იმედი აქვთ - მით უმეტეს, რომ „სოფლელები“ აჭრილები არიან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ჰოფე“ „ნიურნბერგთან“ არასდროს დამარცხებულა (2 მოგება, 2 ფრე).
წარმატებული ევროტურნირელები
„ჰანოვერისა“ და „ლევერკუზენის“ სახით დღეს ორი ისეთი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რომლებმაც ევროტურნირების მისიები შეასრულეს - „წითლებმა“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი გადალახეს, „ფარმაცევტები“ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ჰანოვერმა“ არსებობის ისტორიაში ასეთ წარმატებას პირველად მიაღწია. ამრიგად, ამიერიდან ორივე გუნდი მხოლოდ ბუნდესლიგაზეა კონცენტრირებული და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონატში ბოლო დროს კარგად გამოიყურება (3 მოგება, 2 ფრე), „ჰანოვერი“ კი - არა (0 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).
ჩემპიონი გიოტცეს გარეშე?
დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგა შეარცხვინა - ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. „კაიზერსლაუტერნთან“ საშინაო შეხვედრაში კი, რომელსაც BVB ხვალ გამართავს, იურგენ კლოპი ვერც სვენ ბენდერს გამოიყენებს, ვერც მორიტც ლაიტნერს და ვერც სებასტიან კელს. სამივე საყრდენი ნახევარმცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდს შუა ხაზში პრობლემები აქვს. შესაბამისად, კლოპს სხვა გზა აღარ რჩება: საყრდენებად ილქაი გიუნდოგანისა და ვეტერანი ანტონიო და სილვას წყვილი უნდა ათამაშოს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარიო გიოტცეს ასპარეზობაც.
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, დორტმუნდელები „ლაუტერნთან“ სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ და წესით, მოგება მართლა არ უნდა გაუჭირდეთ - რაც არ უნდა იყოს, „კაიზერსლაუტერნი“ არის გუნდი, რომელსაც ყველაზე ცოტა, სულ რაღაც 11 გოლი აქვს გატანილი. ამიტომაცაა, „ეშმაკების“ მცველმა დიკმა კაიზერსლაუტერნელთა მიზანი ასე რომ გამოხატა: „იმედია, „ბორუსიას“ ცუდი დღე გაუთენდება, ჩვენ კი კარგი.“
სამხრეთის დერბი შტუტგარტში
კითხვაზე, თუ რომელი გუნდი იქნება ბუნდესლიგის ცხრილის ლიდერი 16 ტურის შემდეგ, „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა დაუფიქრებლად უპასუხა - რა თქმა უნდა, რეკორდმაისტერიო. მიუნხენურ გრანდს ამისათვის შტუტგარტიდან სამი ქულის წაღება სჭირდება. „შტუტგარტი“ ნორმალურ ფორმაშია და ასე ვთქვათ, არც იქითაა და არც აქეთ, გუნდის თავკაც ბრუნო ლაბადიას კი კარგად ეხსომება წინა სეზონის ჯახი „ბაიერნთან“, რომელიც ბავარიელებმა 5:3 მოიგეს - ის შეხვედრა ლაბადიას დებიუტი იყო შვაბენლანდური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში.
მას მერე „შტუტგარტი“ გაცილებით დასტაბილურდა, მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი იმისათვის, რომ „ბაიერნთან“ არ დამარცხდეს?
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური
გუშინ
ჰერტა-შალკე 1:2
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიემაიერი (80. რონი) - ებერტი (70. თორუნი), რაფაელი, რამოსი - ლასოგა.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლთბი (67. მორიტცი) - ხურადო (87. ჰოგერი), რაული, პუკი (73. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (20), 1:1 რამოსი (25), 1:2 პუკი (44)
გაფრთხილება: ჯონსი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-8 (2-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 52 000
დღეს
ვერდერი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰანტი - ჰასებე, ჰელმესი
ტრავმა: ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ექიჩი, მარინი, სტევანოვიჩი, ავდიჩი - ჰლები
მაინცი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პოლანსკი (მაინცი)
ტრავმა: ნოვესკი, რისსე, სალაი - მიკელი, არსლანი, კასტელენი, სალა, ბერგი
ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნილსონი, პინოლა, ფრანტცი - იბერტსბერგერი, იაისლე, ობასი
კიოლნი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეზინიო, პეტიტი, ჩიჰი, ნოვაკოვიჩი - ბართი, მუიჯა, ბიკელი
აუგსბურგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იენტცში, ბელინგჰაუზენი, ს. ლანგკამპი, მიორლე, მ. ნდიენგი, რაფაელი - ნორდტვეიტი, როისი, კინგი
ჰანოვერი-ლევერკუზენი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი - ადლერი, ტოპრაკი, ბარნეტა, რენატო
ხვალ
ბორუსია (დ)-კაიზერსლაუტერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოხი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, კელი, ლაიტნერი - შიმუნეკი, ამრი, ბილეკი, ვერმუთი, მიჩანსკი
შტუტგარტი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ციგლერი, ბულარუზი, ჩელოცი, დელპიერი, აუდელი - ბრენო, შვაინშტაიგერი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 15 10 1 4 38-9 31
2. შალკე 16 10 1 5 33-22 31
3. ბორუსია (დ) 15 9 3 3 30-10 30
4. ბორუსია (მ) 15 9 3 3 24-10 30
5. ვერდერი 15 8 2 5 26-25 26
6. ლევერკუზენი 15 7 4 4 22-19 25
7. შტუტგარტი 15 6 4 5 22-27 22
8. ჰანოვერი 15 5 6 4 19-23 21
9. ჰერტა 15 4 7 5 21-25 19
10. ჰოფენჰაიმი 15 5 3 7 16-18 18
11. ჰამბურგი 15 4 5 6 20-26 17
12. კიოლნი 14 5 2 7 22-31 17
13. ვოლფსბურგი 15 5 2 8 21-30 17
14. მაინცი 14 4 4 6 21-27 16
15. ნიურნბერგი 15 4 3 8 14-26 15
16. კაიზერსლაუტერნი 15 3 5 7 11-19 14
17. ფრაიბურგი 15 3 4 8 20-31 13
18. აუგსბურგი 15 2 5 8 13-27 11
ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 11 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 10 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), როისი (ბორუსია მ); 9 - სისე (ფრაიბურგი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), რიბერი (ბაიერნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"