ორშაბათს, მეორე ბუნდესლიგის მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში (აინტრახტი-ფიურტი 0:0) წარმოუდგენელი და ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა: შეხვედრის მე-19 წუთზე "ფიურტის" 21 წლის ფეხბურთელი ედგარ პრიბი "აინტრახტის" მეკარესთან პირისპირ გავიდა, გასცდა და ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი შვიდი მეტრიდან ცარიელ კარში შეეგორებინა, მაგრამ... ბურთი ძელს მოარტყა! არადა, მანამდე მან ფრანკფურტელთა კარის დარაჯ ოკა ნიკოლოვს ბურთი თავსზემოთ მოხდენილად გადაატარა, დარტყმის მომენტში კი ხელს არავინ უშლიდა.
"არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ათიათასჯერ რომ დამარტყმევინონ, ასეთ მომენტში გოლს ათიათასივე შემთხვევაში გავიტან. მოკლედ, ამ მომენტმა უკვე ლეგენდარულ
ფეხბურთელად მაქცია," - თქვა პრიბმა მატჩის შემდეგ.
"ზუსტად ვიცი, რომ ეს მომენტი წლის აბსოლუტურად ყველა სპორტულ შეჯამებაში მოხვდება და ნერვებს დამაწყვეტს. ამ მომენტის გამეორების ნახვა არ მინდა," - ეს კი "ფიურტის" მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბიუსკენსის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"