გუშინ, მიუნხენის „ბაიერნი“ „კიოლნთან“ საშინაო მატჩებში ცუდი სერიის (ზედიზედ ხუთი ვერმოგებული შეხვედრა მიუნხენში) შეწყვეტას შეეცადა და შეძლო კიდეც - 3:0 იმარჯვა, დღეს კი ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდებს რთული მატჩები ელით: „ფრაიბურგი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მასპინძლობს, „აუგსბურგი“ ჰამბურგში ჩადის, „ნიურნბერგი“ კი „ლევერკუზენს“ სტუმრობს.
დღესვე, გასავარდნ ზონასთან უკვე საკმაოდ ახლოს მყოფი „ვოლფსბურგი“ „შტუტგარტს“ მიიღებს, ტურის ტოპ-მატჩი კი, საღამოს, გელზენკირხენში გაიმართება. ხვალ, „ჰანოვერი“ კაიზერსლაუტერნში წარსდგება, ხოლო „გლადბახი“ სენსაციური
ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი აუტსაიდერებთან
მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში, საკუთარ მოედანზე, „კაიზერსლაუტერნს“ ვერ მოუგო (1:1), დორტმუნდის „ბორუსია“ ბოლოადგილოსან „ფრაიბურგთან“ გასვლით შეხვედრაში მაინც აშკარა ფავორიტადაა შერაცხული. „ფრაი“ ბრძოლას აპირებს, მაგრამ ბრაისგაუში ჯერ კიდევ არ იციან, რისი, ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ მეორე წრეში.
წინა ტურში მარკუს ზორგის გუნდი „კიოლნთან“ 0:4 განადგურდა და თანაც, იანვარში გუნდს ალბათ მთავარი გოლეადორი და ლიდერი პაპის დემბა სისეც (9 გოლი ამ სეზონში) დატოვებს. „ფრაიბურგს“ „დორტმუნდთან“ წამყვანი ნახევარმცველი იულიან შუსტერიც დააკლდება (დისკვალიფიკაციის გამო). მთავარი ფიგურა დორტმუნდელებსაც აკლიათ - მარიო გიოტცე წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. სამაგიეროდ, ლაზარეთიდან კაპიტანი სებასტიან კელი დაბრუნდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შემადგენლობით ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი - „ფრაიბურგთან“ სამი ქულის აღება BVB-სთვის ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
როლები მკვეთრადაა გადანაწილებული „ლევერკუზენისა“ და „ნიურნბერგის“ შეხვედრაშიც, რომელიც „ბაი არენაზე“ გაიმართება. „ფრანკებმა“ ამ შეხვედრაში ქულაც რომ მოიპოვონ, ესეც სენსაცია იქნება - მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერი“ ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს და სეზონის პირველ ნახევარში ფეხბურთელები ნამდვილად „ნიურნბერგზე“ მეტად დაეღალა.
რობინ დუტის გუნდს საკმარისად აქვს იმის პოტენციალი, რომ „ნიურნბერგთან“ დაგეგმილი სამი ქულა აიღოს. თანაც, ფრანკები ძალიან ცუდ ფორმაში არიან: ბოლო ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, დანარჩენ ხუთში კი დამარცხდნენ. წინა ტურში დიტერ ჰეკინგის სამწყსომ „ჰოფენჰაიმთან“ ძალიან ცუდად ითამაშა და 0:2 წააგო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად აღარ არის ის, რომ „ნიურნბერგი“ მე-16 ადგილზეა.
მოუგებს ჰამბურგი აუგსბურგს?
წინა ტურში „აუგსბურგმა“ დაამტკიცა, რომ ბრძოლით და მონდომებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა - იოს ლუჰუკაის გუნდმა მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მოუგო და ორი აზრი არ არსებობს, უბრძოლველად არც პირველი წრის მეორე ნახევარში აზრზე მოსულ „ჰამბურგს“ დანებდება.
მართალია, აუგსბურგელებს იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერის სახით მაინცდამაინც ის მოთამაშე აკლიათ, რომელმაც „გლადბახის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან გოლების გატანა სხვებსაც შეუძლიათ, კალსენ-ბრაკერს კი ეს არც მოეთხოვება, რადგან შემქმნელი კი არა, ჩამშლელია. ჩაშლის ამბავში ლუჰუკაი სხვა, ბოლო ვარიანტს გამოიყენებს და ძირითად შემადგენლობაში სინკალას ათამაშებს.
იქნება თუ არა მონდომება და თავდადება საკმარისი იმისათვის, რომ „აუგსბურგი“ ჰამბურგში არ დამარცხდეს, ანაც ჩრდილოგერმანულ კლუბს ტორსტენ ფინკის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი მარცხი აგემოს, ამ კითხვაზე პასუხს დღევანდელი მატჩი გაგვცემს. თავად „ჰამბურგს“ მხოლოდ სამი ქულა უნდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოელები მშვიდად მოიახალწლებენ. ფინკი ამბობს, უნდა მოვიგოთ და მეორე ბუნდესლიგის მოჩვენება საბოლოოდ უნდა გავაძევოთო.
ვოლფსბურგი და შტუტგარტი გზაგასაყარზე
ეს მოჩვენება უკვე ხშირად ელანდებათ „ვოლფსბურგშიც“, რადგან „ვერდერთან“ წაგების (1:4) შემდეგ, რაც ამ სეზონში რიგით მეცხრე მარცხი იყო, ფელიქს მაგათის გუნდი მე-14 ადგილამდე ჩამოქვეითდა და სარელეგაციო ზონას მხოლოდ ორი ქულაღა აშორებს.
ბრემენში განცდილი კრახის შემდეგ „დესპოტმა ფელიქსმა“ თქვა, დღეს ნაჩვენები ფეხბურთით ჩემი გუნდი პირველ ბუნდესლიგაში ყოფნას არ იმსახურებსო. თუმცა მაგათი მაინც მშვიდადაა, რადგან იმედი აქვს, რომ მისი გუნდი მეორე წრეს ტრადიციულად კარგად ჩაატარებს. თანაც, როგორც ჩანს, ხელმძღვანელებისგანაც მიიღო იმის გარანტია, რომ იანვრის ტრანსფერებისთვის საკმარის თანხას გამოიყოფენ. მანამდე კი „შტუტგარტთან“ საშინაო მატჩია, რომელიც შეიძლება, „ვოლფსბურგმა“ სულაც მარტივად მოიგოს, რადგან „მგლები“ ამ სეზონში თუ რამეს თამაშობენ, მხოლოდ საკუთარ მოედანზე, სადაც შვიდიდან ოთხი შეხვედრა აქვთ მოგებული.
შვაბები კი ბოლო დროს ცუდად გამოიყურებიან: შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „შტუტგარტს“ ვოლფსბურგში უკანასკნელ შეხვედრებში ზედიზედ ოთხი მარცხი აქვს განცდილი და თუ შვაბები დღესაც წააგებენ, ევროპის ზონას უკვე გვარიანად მოშორდებიან.
ბერლინელები სოფელში
„ჰოფენჰაიმისა“ და „ჰერტას“ დაპირისპირება ცხრილის შუაში მყოფი გუნდების დუელია, რომლებიც გაურკვევლობაში არიან - რეალურად არც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ და ვერც ევროტურნირებს ეპოტინებიან. წინა ტურში „ჰოფემ“ ნიურნბერგში დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 მოიგო და ამით გასავარდნ ზონასთან მიახლოვების საფრთხე თავიდან აირიდა.
თუკი „სოფლელები“ დღეს დედაქალაქელთა დამარცხებასაც შეძლებენ, თამამად შეეძლებათ იმის თქმა, რომ პირველი წრე კარგად ჩაატარეს, რადგან დიდი ხანია, „ჰოფენჰაიმს“ ევროპაში გასვლის ამბიცია აღარ აქვს. „ჰერტას“ კი ბოლო ტურებში აერია მონასტერი - ლევან კობიაშვილის გუნდმა ბოლო ხუთ ტურში ოდენ სამ ქულას მოუყარა თავი.
შალკე თუ ვერდერი, ჰუნტელაარი თუ პისარო?
„შალკეს“ და „ვერდერს“, რომელიც ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდებიან, უკვე შეუძლიათ თქვან, რომ პირველი წრე ძალიან კარგად ჩაატარეს. მესამეადგილოსან გელზენკირხენელებს, რომლებმაც ოთხშაბათს ჰაიფაში ითამაშეს (3:0 მაქაბისთან), ბოლო რვა შეხვედრიდან 6 მოგებული აქვთ (1 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი), რაც „შალკესთვის“ უდავოდ საამაყო შედეგია.
ჯეფერსონ ფარფანის არყოფნაში, ერთი კვირის წინ „შალკელთაგან“ თავი ახალგაზრდა ფინელმა თავდამსხმელმა ტეემუ პუკიმ გამოიჩინა და დაამტკიცა, რომ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს შეუძლია, უფრო ხშირად ენდოს ხოლმე. „ვერდერმა“, რომელიც „შალკეს“ ორი ქულით ჩამორჩება, „ვოლფსბურგთან“ ძველებურად ლაღი ფეხბურთი ითამაშა და 4:1 მოიგო, რამაც ბრემენში ორი კვირის წინ „ბაიერნთან“ განცდილი კრახი (1:4) ყველას დაავიწყა.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბრემენული კლუბი ამ სეზონში მხოლოდ საკუთარ კედლებში ახერხებს კარგი ფეხბურთის ჩვენებას (7 მოგება, 0 ფრე და 1 წაგება „ვეზერშტადიონზე“), სტუმრად კი ვერ ბრწყინავს (2/2/4). ეს შეხვედრა ბომბარდირობისთვის მებრძოლი გოლეადორების დუელიცაა: კლაას-იან ჰუნტელაარი (14 გოლი) კლაუდიო პისაროს (12) წინააღმდეგ.
მოკრძალებული კვირა
„კაიზერსლაუტერნი“ ამ სეზონში დიდი ვერაფერი გუნდია და 16 ტურის შემდეგ სულაც ყველაზე ცოტა, მხოლოდ 12 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ პფალცელებმა წინა ტურში დორტმუნდიდან ქულა წაიღეს (1:1), რამაც გუნდს თავდაჯერება შემატა და სწორედ ამიტომ, „ლაუტერნი“ ხვალ „ჰანოვერთანაც“ მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მოგების შანსი საკმაოდ დიდია, რადგან 2002 წლის შემდეგ „ფირც-ვალტერ-შტადიონზე“ ბეტცენბერგელები „ჰანოვერთან“ მიყოლებით იგებდნენ და მარცხდებოდნენ, ბოლო თამაში კი წაგებული აქვთ...
აუგსბურგში წაგებამ „გლადბახს“ სამი ქულის გარდა ვერაფერი დააკლო - მიონხენგლადბახელთა დაცვის ბურჯი დანტე ამბობს, კრიზისზე კრინტიც არავინ დაძრასო. როგორც არ უნდა დასრულდეს „მაინცთან“ თამაში, ლუსიენ ფავრის გუნდი პირველი წრის მთავარი აღმოჩენაა. დიდი შანსია, რომ ხვალ საღამომდე „ბორუსიას“ მარგალიტმა მარკო როისმა გამოჯანმრთელება მოასწროს და მოედანზე გასვლა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ მაინცელები ბოლო დროს დასტაბილურდნენ და აი, ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს.
ბუნდესლიგა. XVII ტური
გუშინ
ბაიერნი-კიოლნი 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, კროოსი - რობენი (76. ლუიზ გუსტავო), მიულერი (52. ალაბა), რიბერი - გომესი (78. ოლიჩი).
კიოლნი (4-4-1-1): რენზინგი - ჯემალი, გერომელი, მაკენა, სერენო - ბრეჩკო (14. მაკინო), კლემენსი (69. როში), რიტერი, პეშკო - იაიალო - პოდოლსკი (69. ფრაისი).
გოლები: 1:0 გომესი (48), 2:0 ალაბა (63), 3:0 კროოსი (88)
გაფრთხილება: რიბერი - სერენო, იაიალო, პეშკო, მაკენა
გაძევება: რიბერი (33)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-4 (5-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 69 000
დღეს
ლევერკუზენი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჩენდლერი (ნიურნბერგი)
ტრავმა: ადლერი, ტოპრაკი, ბარნეტა, რენატო - იუდტი, ნილსონი, პინოლა, ფრანტცი
ჰამბურგი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: კალსენ-ბრაკერი (აუგსბურგი)
ტრავმა: არსლანი, სალა, ბერგი - იენტცში, ბელინგჰაუზენი, დე ბუკი, ს. ლანგკამპი, მიორლე, ბა, მ. ნდიენგი, რაფაელი
ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 18:30
დისკვალიფიკაცია: შუსტერი (ფრაიბურგი)
ტრავმა: ბართი, მუიჯა, ბიკელი - კოხი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, გიოტცე, ლაიტნერი
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: კომპერი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: იბერტსბერგერი, იაისლე, ობასი - ფრანცი, მიატოვიჩი
ვოლფსბურგი-შტუტგატი 18:30
დისკვალიფიკაცია: მოლინარო (შტუტგარტი)
ტრავმა: ჰიტცლშპერგერი, ჰლები - ციგლერი, ბულარუზი, ჩელოცი, დელპიერი, აუდელი
შალკე-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: სოკრატისი, ჰანტი (ორივე ვერდერი)
ტრავმა: ფერმანი, ჰუგლანდი, ყენია, მორავეკი, ფარფანი - ბიონიში, სილვესტრი, ბოროვსკი, ექიჩი, ა. სტევანოვიჩი, ავდიჩი
ხვალ
კაიზერსლაუტერნი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შიმუნეკი, ამრი - ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი
ბორუსია (მ)-მაინცი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კინგი - გოპკო, ნოვესკი, ივანშიტცი, რისსე, სალაი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 17 12 1 4 43:10 37
2. ბორუსია (დ) 16 9 4 3 31:11 31
3. შალკე 16 10 1 5 33:22 31
4. ბორუსია (მ) 16 9 3 4 24:11 30
5. ვერდერი 16 9 2 5 30:26 29
6. ლევერკუზენი 16 7 5 4 22:19 26
7. შტუტგარტი 16 6 4 6 23:19 22
8. ჰანოვერი 16 5 7 4 19:23 22
9. ჰოფენჰაიმი 16 6 3 7 18:18 21
10. კიოლნი 16 6 3 8 27:35 21
11. ჰერტა 16 4 7 5 23:25 19
12. მაინცი 16 4 6 6 22:28 18
13. ჰამბურგი 16 4 6 6 20:26 18
14. ვოლფსბურგი 16 5 2 9 22:34 17
15. კაიზერსლაუტერნი 16 3 6 7 12:20 15
16. ნიურნბერგი 16 4 3 9 14:28 15
17. აუგსბურგი 16 3 5 8 14:27 14
18. ფრაიბურგი 16 3 4 9 20:35 13
ბომბარდირები
15 - გომესი (ბაიერნი); 14 - ჰუნტელაარი (შალკე), პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 10 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), როისი (ბორუსია მ); 9 - სისე (ფრაიბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"