რაულმა დახურა!

AutoSharing Option
პირველი წრის და ზოგადად 2011 წლის უკანასკნელი ტური გერმანიაში "შემოდგომის ჩემპიონის" უპრობლემო გამარჯვებით დაიწყო: "კიოლნს", რომელიც ბოლო წლებში მიუნხენში არა და არ მარცხდებოდა, ამჯერად ათი ბაიერნელიც ეყო - მიუხედავად იმისა, რომ მატჩის 33-ე წუთზე ფრანკ რიბერი მოედნიდან გააძევეს (იმ დროს ანგარიში გახსნილი არ იყო), ბავარიელებმა "თხებს" მაინც არაფერი გააბედვინეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

რაც შეეხება ფრანგი დრიბლიორის გაძევებას: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ რიბერი და "კიოლნის" პორტუგალიელი ფეხბურთელი სერენო წაკინკლავდნენ, რისთვისაც ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო, დისკუსია
კი გაგრძელდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანგი პორტუგალიელს ყელში სწვდა, რისთვისაც მსაჯმა მაშინვე მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი აუფრიალა.

თამაშის შემდეგ, ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა რიბერი ასეთი უაზრო საქციელის გამო გააკრიტიკა - პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და გუნდს არ უნდა ავნოს, მისგან მეტ დისციპლინას მოვითხოვო. შეცდომა თავად რიბომაც აღიარა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, მაგრამ იქვე დასძინა, რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთებიც ხშირად ხდება და ხანდახან ნერვების მოთოკვა შეუძლებელიაო.

მთავარი მაინც ისაა, რომ "კიოლნს" არც რიბერის გაძევებამ უშველა და არც იმ სიახლემ, მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა რომ შემოგვთავაზა - მან თამაში სამი ცენტრალური მცველით, საერთო ჯამში კი ხუთი უკანახაზელითა და პლუს ორი საყრდენით დაიწყო და სხვათა შორის, ეს უაღრესად დაცვაზე ორიენტირებული სქემა არც რიბერის გაძევების შემდეგ შეუცვლია. ამიტომაც დასძინა "ბაიერნის" თავდამსხმელმა მარიო გომესმა - ასეთი რამ იშვიათად მინახავს, ჩვენ კაცნაკლულები ვიყავით, ისინი კი მაინც მარტო დაცვაზე ფიქრობდნენო.

ასე და ამგვარად, "ბაიერნმა" პირველი წრე და "შემოდგომის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული 37 ქულით მოიგო, მაგრამ რეკორდმაისტერს არც მთავარი მდევრები, "შალკე" და დორტმუნდის "ბორუსია" ჩამორჩნენ, საკუთარი მატჩები მათაც მოიგეს და მიუნხენურ გრანდთან სამქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს.

პირველ რიგში "შალკეს" ბრწყინვალე გამარჯვებაზე უნდა ვისაუბროთ: გელზენკირხენულმა კლუბმა ტურის ცენტრალურ მატჩში, ასევე ჩემპიონობაზე მეოცნებე "ვერდერი" არც მეტი, არც ნაკლები, 5:0 გაანადგურა და ფაქტია, რომ ამ წაგების შემდეგ ბრემენელები "ვერცხლის სინზე" უკვე ნაღდად აღარ იოცნებებენ. "შალკეს" გმირი და "ვერდერის" რისხვა შაბათს 34 წლის ესპანელი გოლეადორი რაული იყო - "მუსიკოსებს" პირველი სამი გოლი სწორედ გონსალეს ბლანკომ გაუტანა!

სწორედ რაულია იმის მთავარი მიზეზი, რომ "შალკეს" ქომაგებს ახლა ყოველ ღამე დაესიზმრებათ საოცნებო "ვერცხლის სინი", რაც გელზენკირხენულ კლუბს ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ მოუგია. თანაც, ამ ჰეთ-თრიკის შემდეგ ისიც რეალური გახდა, რომ რაულმა "შალკესთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს: მესამე გოლის ზეიმის დროს ვეტერანი ესპანელი "შალკეს" ლოგოზე იცემდა ხელს, რითაც ფანებისთვის სწორედ იმის თქმა სურდა, რომ მათთვის სიამოვნების მინიჭება ძალიან სიამოვნებს. არსებულ ხელშეკრულებას ვადა სეზონის ბოლოს გასდის, გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ჰორსტ ჰელდტმა კი თქვა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაული ჩვენთან დარჩესო.

გააგრძელებს თუ არა ესპანელი გელზენკირხენელებთან ხელშეკრულებას, ეს მისივე თქმით, იანვარში გაირკვევა. ამ გამარჯვების შემდეგ "შალკეზე" თამამად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ლევან ყენიას კლუბი ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 17 ტურის შემდეგ გელზენკირხენელებს 38 გოლი აქვთ გატანილი, ამდენი გოლი კი პირველ წრეში მხოლოდ 1976/77 წლების სეზონში შეაგდეს. "შალკეზე" მეტი გოლი მხოლოდ "ბაიერნს" აქვს გატანილი.

"შალკეს" მიერ განადგურებულ "ვერდერში" კი განგაშის ზარებს შემოჰკრეს. მართალია, ბრემენულმა კლუბმა პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა, რაც შარშანდელი შედეგების გათვალისწინებით ცუდი არ არის, საქმე კი იმაშია, რომ "ვერდერმა" ტოპ-გუნდებთან შემდეგი შედეგები აჩვენა: "ლევერკუზენთან" 0:1, "დორტმუნდთან" 0:2, "გლადბახთან" 0:5, "ბაიერნთან" 1:4 და ახლა "შალკესთან" 0:5.

"გასვლით მატჩებში საშინლად ვთამაშობთ, ეს სრული კატასტროფა იყო," - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ "მუსიკოსების" მთავარმა მწვრთნელმა, თომას შააფმა. სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი კი ფეხბურთელების დიდ ნაწილს იანვარში ფინანსური სანქციებით, ზოგიერთს კი სულაც გუნდიდან გაგდებით დაემუქრა - უბრალოდ, გვარები არ დაუკონკრეტებია.

დიდი ანგარიშით მოიგო მოქმედმა ჩემპიონმაც (4:1 ფრაიბურგში) და დორტმუნდის "ბორუსია" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელსაც 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ოთხიდან ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და პირველი წრე 12 გოლით დაასრულა, რითაც კიდევ უფრო დაამძიმა "ბორუსიას" შარშანდელი ბომბარდირის, ლუკას ბარიოსის (16 გოლი წინა სეზონში) მდგომარეობა, რომელიც წასვლით იმუქრება იმის გამო, რომ სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ. იურგენ კლოპმა ბარიოსი "ფრაიბურგთან" მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი ათამაშა.

ამ უქმეებზე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ლუკასის ყიდვა "ვოლფსბურგს" უნდა, რაზეც დორტმუნდელთა ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ვოლფსბურგელებს" ბევრი ფული აქვთ და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ."

რაც შეეხება "ფრაიბურგს": ბრაისგაუელებმა 17 ტურში ყველაზე მეტი, 39 გოლი გაუშვეს და პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულეს, რამაც იქაურ ფანებს მოთმინების ფიალა აუვსო - "ბოდენოვაშტადიონის" პუბლიკამ სისე და კომპანია მოედნიდან გამაყრუებელი სტვენით გააცილა.

პირველი წრის ბოლო ტურის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა: მარკუს ბაბელი ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის! 39 წლის სპეციალისტი ხელმძღვანელებმა გაათავისუფლეს, თუმცა პროვოცირება თავად მოახდინა: შაბათს ბერლინელებმა 1:1 ითამაშეს, კვირას დილით ბაბელმა გუნდი ჩვეულებრივად ავარჯიშა, თუმცა ვარჯიშის შემდეგ თქვა, მორჩა, ბოსებს აღარ ველაპარაკებიო.

მენეჯერ მიხაელ პრეეტცთან და პრეზიდენტ ვერნერ გეგენბაუერთან ბაბელის კონფლიქტის მიზესი ის არის, რომ მარკუსი ბერლინელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდა. დეტალები: მარკუსი ამბობს, შეფებს ახალ კონტრაქტზე უარი ნოემბერში ვუთხარიო, პრეეტცი კი ამტკიცებს, რომ ეს ამბავი მხოლოდ გასულ სამშაბათს გაიგო.

ფაქტია, ერთ-ერთი იტყუება! შაბათს საღამოს პრეეტცმა ბაბელს საჯაროდ უწოდა მატყუარა და სწორედ ამას მოჰყვა მარკუსის მხრიდან ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის გაწყვეტა. გუშინ საღამოს ბაბელის თანამდებობიდან გათავისუფლება კი ამ ყველაფერის აბსოლუტურად ლოგიკური დასასრული გახლდათ. გუშინვე, "ბილდი" წერდა, რომ დიდი შანსია, ლევან კობიაშვილის ახალი მწვრთნელი მიხაელ სკიბე გახდეს, რომელიც თურქეთში მუშაობს ("ესქიშეჰირის" დამრიგებელია), მაგრამ იქიდან წამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია - რა თქმა უნდა, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ლევერკუზენის" მოულოდნელი მარცხი "ნიურნბერგთან" - თან "ბაი არენაზე" და თანაც, 0:3. ამ სენსაციის წყალობით ფრანკებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და პირველი წრე მე-15 ადგილზე დაასრულეს.

საშიში ზონიდან ამოსვლა ვერ შეძლო "აუგსბურგმა", მაგრამ ჰამბურგში მიღწეული ფრე (1:1) ამ გუნდს უკეთესი მომავლის იმედს უტოვებს. თავის მხრივ, არც ჰამბურგელებს აქვთ საგანგაშოდ საქმე: რაც მთავარია, ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო გასავარდნ ზონაში აღარ არის, უფრო მეტზე კი, ჩრდილოელთა ახალი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი მომავალ სეზონში იფიქრებს.

ამ ტურმა ვოლფსბურგელებიც დააწყნარა: ფელიქს მაგათის გუნდმა "შტუტგარტი" დაამარცხა და "მგლები" მეთორმეტეადგილოსნის რანგში მოიახალწლებენ. საინტერესო ისაა, რომ "ვოლფსბურგს" ევროზონას მხოლოდ 6 ქულა აშორებს, რაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაგათის გუნდები მეორე წრეს უმეტესად გაცილებით უკეთ ატარებენ ხოლმე, სულაც არ არის უტოპიური ჩამორჩენა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური
ბაიერნი-კიოლნი 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, კროოსი - რობენი (76. ლუის გუსტავო), თ. მიულერი (52. ალაბა), რიბერი - გომესი (78. ოლიჩი).
კიოლნი (3-4-2-1): რენზინგი - სერენო, მაკენა, ჟერომელი - ბრეჩკო (14. მაკინო), რიტერი, ჟაჟალო, ჯემალი - კლემენსი (69. როში), პეჟკო - პოდოლსკი (68. ფრაისი).
გოლები: 1:0 გომესი (48), 2:0 ალაბა (63), 3:0 კროოსი (88)
გაფრთხილება: სერენო, ჟაჟალო, მაკენა
გაძევება: რიბერი (33. ბაიერნი)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(5)-4(1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 69 000

ლევერკუზენი-ნიურნბერგი 0:3
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი (46. ოჩიპკა) - ლ. ბენდერი, როლფესი (46. კისლინგი) - შიურლე, ბალაკი, სემი - დერდიოკი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, პლატენჰარდტი - კოენი, სიმონსი - ჰეგელერი (81. ვაისმაიერი), დიდავი (76. მაკი), აიგლერი - პეკჰარტი (83. ესვაინი).
გოლები: 0:1 დიდავი (8), 0:2 ჰეგელერი (22), 0:3 პეკჰარტი (73)
გაფრთხილება: ფოილნერი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 13(6)-11(4); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 29 239

ჰამბურგი-აუგსბურგი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, კაჩარი (75. სონი) - თიორე, ილიჩევიჩი - პეტრიჩი (71. ბერგი/81. სკიელბრედი), გერერო.
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ვერჰეგი, სინკალა, სანკო, დე იონგი - ჰოსოგაი, დავიდსი (82. მიორლე) - ბაიერი, იორლი, ვერნერი (66. რაინჰარდტი) - მიოლდერსი (57. ბრინკმანი).
გოლები: 0:1 იორლი (63), 1:1 გერერო (66)
გაფრთხილება: თიორე
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 23(12)-11(6); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 48 143

ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 1:4
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - შმიდი, კრმასი, ფერატი, ბასტიანსი - ფლუმი - კალიჯური (82. დემბელე), როზენტალი (70. რაიზინგერი), მაკიადი, პუცილა - სისე.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა (71. პერიშიჩი), ჰუმელსი, შმელცერი (62. ოვომოიელა) - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (85. ბარიოსი).
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (7), 1:1 როზენტალი (34), 1:2 გიუნდოგანი (44), 1:3 გროსკროიტცი (59), 1:4 ლევანდოვსკი (70)
გაფრთხილება: როზენტალი - ლევანდოვსკი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 14(3)-11(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 24 000

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 1:1
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, ვესტერგაარდი, ჯონსონი - რუდი - მლაპა (60. ვუკშევიჩი), რობერტო ფირმინიო, სალიჰოვიჩი (66. ვილიამსი), ბაბელი (60. მუსონა) - იბიშევიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი (75. რონი), ჰუბნიკი, იანკერი, კობიაშვილი - ოტლი, ლუსტენბერგერი (83. ლასოგა) - ებერტი, რაფაელი, რუკავიტსია (15. თორუნი) - რამოსი.
გოლები: 1:0 სალიჰოვიჩი (21), 1:1 ჰუბნიკი (91)
გაძევება: ვორსა - რაფაელი
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, ბეკი, მუსონა, რუდი - ჰუბნიკი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16(5)-9(1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 25 550

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 1:0
ვოლფბსურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, მადლუნგი, რუსი, მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი - დეჟაგა, კოო (79. ჟოსუე), ოროსკო (46. სალიჰამიჯიჩი/66. პოლტერი) - მანჯუკიჩი.
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გებჰარდტი (86. ნიდერმაიერი), ტასკი, მასა, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, ჰაინალი (67. ტრაორე) - შიბერი (46. პოგრებნიაკი), კაკაუ.
გოლი: 1:0 პოლტერი (74)
გაფრთხილება: სალიჰამიჯიჩი, პოლტერი, დეჟაგა - გენტნერი, ულრაიხი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 26-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 19(7)-12(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 25 944

შალკე-ვერდერი 5:0
შალკე (4-1-2-1-2): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი - ჰიოგერი, ხურადო (74. ბაუმიოჰანი) - რაული - ჰუნტელაარი (77. მარიკა), პუკი (57. დრაქსლერი).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პრიოდლი (46. არნაუტოვიჩი), ვოლფი, ნალდო, შმიტცი - ბარგფრედე - ფრიტცი, იგნიოვსკი - ტრინკსი (71. ვესლი) - პისარო, როზენბერგი.
გოლები: 1:0 რაული (16), 2:0 რაული (20), 3:0 რაული (63), 4:0 პაპადოპულოსი (67), 5:0 ჰუნტელაარი (70)
გაფრთხილება: რაული, ჰიოვედესი - შმიტცი, ფრიტცი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 15(8)-10(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 61 673

კაიზერსლაუტერნი-ჰანოვერი 1:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, ბუგერა - კირხი, დე ვიტი (46. შეხტერი) - ფორტუნისი, ტიფერტი, შაჰანი (85. სუკუტა-პასუ) - კუემაა (46. ნემეცი).
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ - შტინდლი, რაუში (78. შტოპელკამპი) - შმიდებახი - შლაუდრაფი (63. ია კონანი), აბდელაუ (72. სობიეხი).
გოლები: 0:1 აბდელაუ (13), 1:1 ნემეცი (68)
გაძევება: შეხტერი (87. კაიზერსლაუტერნი)
გაფრთხილება: ტიფერტი - რაუში, აბდელაუ
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 19(7)-8(1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 36 019

ბორუსია (მ)-მაინცი 1:0
ბორუსია მ. (): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (90. მარქსი), არანგო - როისი (83. ბობადილია) - ჰანკე (71. დე კამარგო).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, სვენსონი (41. კალიჯური), ფათი - კირხჰოფი - ბაუმგარტლინგერი, პოლანსკი (73. უჯა) - მალი (64. ნ. მიულერი) - ალაგუი, ჩუპო-მოტინგი.
გოლი: 1:0 ჰერმანი (5)
გაფრთხილება: ნორდტვეიტი, დანტე, ჰერმანი - პოსპეხი, ალაგუი, ბუნგერტი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6(3)-12(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 49 089

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 17 12 1 4 43:10 37
2. ბორუსია (დ) 17 10 4 3 35:12 34
3. შალკე 17 11 1 5 38:22 34
4. ბორუსია (მ) 17 10 3 4 25:11 33
5. ვერდერი 17 9 2 6 30:31 29
6. ლევერკუზენი 17 7 5 5 22:22 26
7. ჰანოვერი 17 5 8 4 20:24 23
8. შტუტგარტი 17 6 4 7 23:20 22
9. ჰოფენჰაიმი 17 6 4 7 19:19 22
10. კიოლნი 17 6 3 8 27:35 21
11. ჰერტა 17 4 8 5 24:26 20
12. ვოლფსბურგი 17 6 2 9 23:34 20
13. ჰამბურგი 17 4 7 6 21:27 19
14. მაინცი 17 4 6 7 22:29 18
15. ნიურნბერგი 17 5 3 9 17:28 18
16. კაიზერსლაუტერნი 17 3 7 7 13:21 16
17. აუგსბურგი 17 3 6 8 15:28 15
18. ფრაიბურგი 17 3 4 10 21:39 13

ბომბარდირები
16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - პოდოლსკი (კიოლნი); 12 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პისარო (ვერდერი); 10 - რაული (შალკე), როისი (ბორუსია მ); 9 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი).

მომდევნო ტური
20 იანვარი. ბორუსია (მ)-ბაიერნი.
21 იანვარი. შალკე-შტუტგარტი, ნიურნბერგი-ჰერტა, ფრაიბურგი-აუგსბურგი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-კიოლნი, კაიზერსლაუტერნი-ვერდერი.
22 იანვარი. ჰამბურგი-ბორუსია (დ), ლევერკუზენი-მაინცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული