ზოგადად, იშვიათად ხდება ხოლმე ისე, რომ გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები მომდევნო სეზონსაც მაღალ დონეზე ატარებენ, გომესი კი სწორედ იშვიათი გამონაკლისია.
აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, მარიო უაღრესად თავდაჯერებული რომაა, რაც "კიკერში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმაც დაადასტურა, სადაც გოლეადორი ასეთ რამეს ამბობს: "თანაგუნდელს არასდროს წავეჩხუბები იმის გამო, რომ პენალტი წამართვა, მე არ მჭირდება თერთმეტმეტრიანები იმისათვის, რომ გოლების რაოდენობა გავზარდო."
ამ ფრაზას
"როცა ფეხბურთელები პენალტის დარტყმის გამო ერთმანეთში კინკლაობენ, ეს ძალიან სასაცილოდ და დამამცირებლად მეჩვენება. ასეთ რამეს მე არასდროს გავაკეთებ. გოლების რაოდენობის გასაზრდელად თერთმეტმეტრიანების გატანა არ მჭირდება," - აცხადებს გომესი ხსენებულ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში გატანილი 16 გოლიდან მხოლოდ ერთი აქვს პენალტით შეგდებული.
გომესის წარმატებები და თავდაჯერებულობა მხოლოდ "ბაიერნის" ქომაგებსა და ხელმძღვანელებს როდი ახარებს - წინ ევროპის ჩემპიონატია და ასეთ ფორმაში მყოფი გოლეადორი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვსაც ძალიან სჭირდება.
ბუნდესგუნდის წინა ხაზზე გომესის მთავარი და ყველაზე საშიში კონკურენტი გამოცდილი მიროსლავ კლოზეა, რომელიც რომის "ლაციოში" ბრწყინავს, მაგრამ გომესს მიროსიც არ ეშინია.
"ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტი გოლი მე გავიტანე და რომელიმე კონკურენტის რატომ უნდა მეშინოდეს? რაც მთავარია, გერმანიის ნაკრებშიც ვახერხებ გოლების შეყრას და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშს სწორედ მე ვიმსახურებ. ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრების პირველი ცენტრფორვარდი ვიყო," - ამბობს მარიო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"