თრილერი დიუსელდორფში

AutoSharing Option
სამშაბათს უმთავრესმა ფავორიტებმა გაჭირვებით მოიგეს: „ბაიერნმა“ „ბოხუმი“ მხოლოდ 91-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი დიუსელდორფში საქმე სულაც პენალტების სერიამდე მიიყვანა და ქომაგები მაგრად ანერვიულა.

სენსაცია მოხდა ნიურნბერგში: მეორებუნდესლიგელმა „ფიურტმა“ ელიტელ მეტოქეს მოუგო და მეოთხედფინალში ითამაშებს.

ბოხუმი-ბაიერნი 1:2
ბოხუმი (4-3-1-2): ლუთე - კოპლინი, მალტრიტცი, აკუისტაპეისი, ტოსკი (46. ფრაიერი) - კრამერი, ფედერიკო (58. გინჩეკი), დაბროვსკი - ინუი - ჩონგ ტესე, აიდინი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (68. რაფინია), ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო (46. ალაბა) - რობენი,
კროოსი, რიბერი - ოლიჩი (46. გომესი).
გოლები: 1:0 ფედერიკო (26), 1:1 კროოსი (52), 1:2 რობენი (91)
გაფრთხილება: ტოსკი, კრამერი - რობენი, ვან ბუიტენი
მაყურებელი: 29 299

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „ბაიერნს“ ქვედალიგელის დამარცხება გაუჭირდა. მიუნხენელები ბოხუმში აგებდნენ, ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი არიენ რობენმა იმ დროს გაიტანა (91-ე წუთზე), როცა ყველანი დამატებით დროზე ფიქრობდნენ. საინტერესო ის იყო, რომ შვაინშტაიგერისა და მიულერის არყოფნას, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ისიც დაუმატა, რომ მთავარი გოლეადორი მარიო გომესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მაშინ შეუშვა, როცა მიხვდა, რომ ივიცა ოლიჩით ფონს ვერ გავიდოდა.

რობენის გოლში ლომის წვლილი მიუძღვით ფილიპ ლამს, რომელმაც ბურთი მოიპოვა და ფრანკ რიბერის, რომელმაც ჰოლანდიელს საგოლე პასი მისცა.

აღსანიშნავია, რომ დისკუსია მოჰყვა რობენის სიმულანტობას, რისთვისაც არიენმა ყვითელი ბარათი მიიღო. ჰოლანდიელმა „შეცდომა“ აღიარა და პუბლიკას მოუბოდიშა კიდეც.

ამრიგად, „ბაიერნი“ ისევ ყველა ტურნირზე ასპარეზობს.

ფორტუნა-ბორუსია (დ) 0:0 (4:5 პ.ს.)
ფორტუნა (4-2-2-1-1): რატაიჩაკი - ლეველსი, ლუკიმია, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოდცეკი, ლამბერტცი - ბაისტერი (79. იოვანოვიჩი), ო. ფინკი (63. დუმი) - რიოსლერი - ბრიოკერი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ოვომოიელა, ჰუმელსი, ლიოვე (80. კრინგე) - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, ლევანდოვსკი, გროსკროიტცი - ბარიოსი (74. პერიშიჩი).
პენალტების სერია: 1:0 იოვანოვიჩი, 1:1 ჰუმელსი, 2:1 ლანგენეკე, 2:2 ბლაშჩიკოვსკი, 3:2 ლამბერტცი, 3:3 კელი, 3:3 ბრიოკერი (მეკარე), 3:4 გიუნდოგანი, 4:4 რიოსლერი, 4:5 პერიშიჩი.
გაძევება: ოვომოიელა (34. ბორუსია დ)
გაფრთხილება: რიოსლერი, ლამბერტცი, ბოდცეკი, დუმი - კელი, ვაიდენფელერი
მაყურებელი: 54 000

„ფორტუნა“ მეორე ბუნდესლიგაში ძალიან კარგად თამაშობს და ელიტაში გადმოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. სწორედ ამიტომ ელოდა საფეხბურთო გერმანია დაძაბულ მატჩს - მიუხედავად იმისა, რომ დიუსელდორფში გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ჩადიოდა. მოლოდინი გამართლდა, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ 34-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა - BVB-ს პატრიკ ოვომოიელა გაუგდეს. შედეგად, დორტმუნდელები გაცილებით ფრთხილად ათამაშდნენ საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩემპიონმა 5:4 მოიგო.

თერთმეტმეტრიანები იურგენ კლოპის გაძევებით დაიწყო - მსაჯმა მანუელ გრეფემ „დორტმუნდის“ თავკაცი იმის გამო გააგდო, რომ კლოპი „ზედმეტად აქტიურობდა“. რანისლავ იოვანოვიჩის, მატს ჰუმელსისა და იენს ლანგენეკეს წარმატებული პენალტების შემდეგ ნიშნულთან „ბორუსიას“ პოლონელი გარემარბი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი მივიდა და გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა მეორედ დარტყმა უბრძანა - ნიშანი არ მქონდა მიცემულიო. ამას დორტმუნდელი ფანების გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა, კუბას კი ნერვებმა არ უმტყუნა - მეორე დარტყმითაც გაიტანა. ბლაშჩიკოვსკის მერე დიუსელდორფელი ანდრეას ლამბერტცის ჯერი დადგა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ საქმეში ისევ მსაჯი ჩაერია და ლამბერტცს მეორე მცდელობის უფლება მისცა - ვაიდენფელერმა მოძრაობა ადრე დაიწყო და კარის ხაზი დატოვაო. მეორე მცდელობისას „ფორტუნას“ ნახევარმცველმა უკვე იყოჩაღა, რამაც ვაიდენფელერი და სებასტიან კელი წყობიდან გამოიყვანა - ორივემ ყვითლები მიიღეს.

სამაგიეროდ, ნერვებმა თომას ბრიოკერს უმტყუნა, მას ვაიდენფელერმა აუღო, რის შემდეგაც ჯერ რიოსლერმა და გიუნდოგანმა გაიტანეს, წერტილი კი ამ ვნებათაღელვას ივან პერიშიჩმა დაუსვა. სხვათა შორის, „ბორუსია“ 2007/2008 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს გერმანიის თასის მეოთხედფინალში.

„ასე ამაყი იშვიათად ვყოფილვარ. ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა და რომ წაგვეგო, ეს ნამდვილად არ იქნებოდა კატასტროფა, რადგან 86 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები ვიყავით,“ - განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

„ბოლო ორ სეზონში გერმანიის თასისთვის ბრძოლას სწორედ ასეთ დრამატულ შეხვედრებში გამოვეთიშეთ, ახლა კი მოვიგეთ. ფინალში უნდა გავიდეთ, ბერლინში გვინდა!“ - ეს კი ჰუმელსის სიტყვებია.

დიუსელდორფელები კი ამიერიდან მხოლოდ მეორე ბუნდესლიგაზე იქნებიან კონცენტრირებულები - „ფორტუნას“ მიზანი გაისად ელიტაში თამაშია.

ნიურნბერგი-ფიურტი 0:1
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო (79. ბუნიაკუ), ვოლშაიდი, ჩენდლერი - სიმონსი - ჰეგელერი (46. ესვაინი), კოენი (67. პლატენჰარდტი), დიდავი, აიგლერი - პეკჰარტი.
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პეკოვიჩი - პრიბი (65. სარარერი), შრიოკი - ნიოთე (71. კარასლავოვი), ოკეანი.
გოლი: 0:1 პრიბი (15)
გაძევება: ნერიგი (66. ფიურტი)
გაფრთხილება: ფოილნერი - ნიოთე, პრიბი, პეკოვიჩი, ფიურშტნერი
მაყურებელი: 48 548

ისე როგორ იქნებოდა, რომ გერმანიის თასის მეოთხედფინალში მეორე ბუნდესლიგელი არ გასულიყო: ის, რაც „ფორტუნამ“ ვერ შეძლო, „ფიურტმა“ მოახერხა, რაც ლოგიკურიცაა, რადგან მეტოქედ „დორტმუნდზე“ გაცილებით სუსტი „ნიურნბერგი“ ჰყავდა.

არადა, მას მერე, რაც „ნიურნბერგმა“ გასულ უქმეებზე „ლევერკუზენი“ გაანადგურა (3:0), ამ გუნდისგან საფეხბურთო გერმანია თასის მერვედფინალის ბარიერის გადალახვასაც ელოდა. ეს რიგით 254-ე „ფრანკენ-დერბი“ გახლდათ, რის გამოც მატჩს ინტრიგა პირველიდან ბოლო წუთამდე არ მოჰკლებია, თამაშის შემდეგ კი ნიურნბერგის ქუჩებში გუნდების ფანებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

„ფიურტი“ მე-15 წუთიდან იგებდა, ვითარება კი განსაკუთრებით 66-ე წუთზე დაიძაბა, როცა სტუმრებს ნერიგი გაუძევეს, მაგრამ „ნიურნბერგმა“ ანგარიშის გათანაბრება ვერაფრით შეძლო - მე-80 წუთზე დიდავის გოლი სამართლიანად არ ჩაუთვალეს.

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 2:1
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, ვესტერგაარდი, ჯონსონი - რუდი - მლაპა (83. ვილიამსი), რობერტო ფირმინიო, სალიჰოვიჩი, ბაბელი (67. ვუკჩევიჩი) - იბიშევიჩი (88. შიპლოკი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, სანკო, დე იონგი - ჰოსოგაი (72. ბაიერი), დავიდსი (60. გოგია) - ბრინკმანი (85. ს. ჰაინი), იორლი, ვერნერი - კაპლანი.
გოლები: 1:0 სალიჰოვიჩი (23), 1:1 იორლი (36), 2:1 იბიშევიჩი (49)
გაფრთხილება: ბეკი - ჰოსოგაი, კალსენ-ბრაკერი, დე იონგი
მაყურებელი: 10 375

ზინსჰაიმში ამ მატჩზე დასწრება მხოლოდ 10 375-მა მაყურებელმა მოისურვა და ისინი, ვისაც სტადიონზე მისვლა დაეზარათ, ნამდვილად ინანებდნენ, რადგან შეხვედრა საკმაოდ თვალსასეირო გამოდგა. ისევე, როგორც ბუნდესლიგაში (2:0), „ჰოფენჰაიმმა“ „აუგსბურგი“ თასზეც დაამარცხა - განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ სტუმრებმა ამჯერად ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, „აუგსბურგის“ რიგებში ისევ ითამაშა წარმოშობით ქართველმა, ისე კი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ტრავმირებული არ ყოფილა - უბრალოდ, მწვრთნელი იოს ლუჰუკაი ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო ტურებში აღარ ენდობოდა და სათადარიგოთა სკამს ახეხინებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული