ბასტიან შვაინშტაიგერი: გერმანიის ნაკრების უფრო მჯერა

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმა უმტკივნეულოდ გადაიტანა. მართალია, შვაინი რეკორდმაისტერს სულ რაღაც რამდენიმე კვირის მანძილზე დააკლდა, მაგრამ ამ პერიოდში მიუნხენურ გრანდს ბევრი არაფერი დაუკარგავს - ბავარიელები ბუნდესლიგაში შემოდგომის ჩემპიონები გახდნენ, გერმანიის თასზე კი მეოთხედფინალში გავიდნენ.

მოკლედ, შედეგი მაინც მიიღეს, მაგრამ უშუალოდ თამაშს ნამდვილად ეტყობოდა, რომ გუნდს ნახევარდაცვიც ცენტრში მთავარი სტრატეგი და დირიჟორი აკლდა. იმ თემას, რომ შვაინშტაიგერი "ბაიერნისთვის" ფასდაუდებელი ფეხბურთელია, მეტად აღარ განვავრცობთ და პირდაპირ ინტერვიუზე გადავდივართ, რომელშიც შვაინი 2011 წელს აჯამებს, 2012-ის გეგმებსა და მიზნებზე
საუბრობს და ცხადია, "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკასაც მომოიხილავს.

- ჰერ შვაინშტაიგერ, ტრავმას თუ არ ჩავთვლით, იყო თუ არა ეს წელი თქვენთვის საუკეთესო მას მერე, რაც "ბაიერნში" თამაშობთ?
- საუკეთესო წელი ჩემს ბაიერნულ კარიერაში ჩემს ბაიერნულ კარიერაში? არა მგონია. მართალია, პირადად ჩემთვის კარგი წელიწადი იყო, მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან უტიტულოდ დავრჩით. სამაგიეროდ, კარგი იყო იმ მხრივ, რომ გამოცდილება მომემატა და უმეტესად კარგად ვთამაშობდი. საერთოდ, დღეს სულ სხვანაირად ვთამაშობ, ვიდრე მაშინ, როცა 20 წლის ვიყავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იუპ ჰაინკესმა ნახევარდაცვის ცენტრში გამამწესა - სწორედ ამას მივიჩნევ, ჩემს კარიერაში საუკეთესო მოვლენად. სამაგიეროდ, მოედნის ცენტრში უფრო მეტი პასუხისმგებლობაც მეკისრება, თუმცა ეს ოდნავადად არ მაშინებს - რაც უნდა იყოს, ბუნდესლიგაში ჩემზე მეტი მატჩი (260 - გ.ლ.) არცერთ ჩემს თანაგუნდელს არ აქვს ჩატარებული.

- ჰაინკესმა თქვა, შვაინშტაიგერი
"ბაიერნში" შეუცვლელი ფიგურააო და იქვე დასძინა, რომ თქვენ უკვე ჩავის და ინიესტას დონის ნახევარმცველი ხართ...
- მწვრთნელის ასეთი ქება ერთი მხრივ ძალიან მახარებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამის შემდეგ ჩემგან უფრო მეტს ელიან და ითხოვენ. ვიცი, რომ "ბაიერნისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ - კონტრაქტს ამიტომაც მოვაწერე ხელი. ზოგადად, ჩემთვის პირველ ადგილზე გუნდის ინტერესები დგას, რადგან მარტო ერთი ფეხბურთელი დღეს ტიტულს ვეღარ იგებს.

- მართალია, თქვენი დაშავების მიუხედავად
"ბაიერნს" მაინც კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენს გარეშე გუნდი ვეღარ იყო მოედანზე ისეთი დომინანტი, როგორც თქვენთან ერთად...
- დიდი იმედი მქონდა, რომ ასე იქნებოდა და კარგია, რომ "ბაიერნმა" ჩემს გარეშეც შეძლო როგორც ბუნდესლიგის პირველი წრის მოგება, ისე გერმანიის თასის მერვედფინალში გამარჯვება. მერჩივნა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "მაინცთანაც" მოგვეგო - ასეთ შემთხვევაში უკვე თამამად ვიტყოდით, რომ "ბაიერნმა" ამ სეზონის პირველი ნახევარი გრანდიოზულად ჩაატარა, ახლა კი ის ქულები აშკარად გვაკლია. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეკორდმაისტერი შემოდგომის ჩემპიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენც და ჩვენი ფანებიც შობა-ახალ წელს გახარებულები შევხვდებით.

- "ბაიერნი" სულ 17-ჯერ იყო შემოდგომის ჩემპიონი და აქედან 15 შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონიც გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით "ვერცხლის სინი" აუცილებლად უნდა დაიბრუნოთ.
- "დორტმუნდი" სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევს - ამაში დარწმუნებული ვარ. მნიშვნელოვნად გამოსწორდა "შალკეც" და შეიძლება, მეორე წრეში გელზენკირხენელებმაც დიდხანს გვსდიონ. ყველაზე მეტად კი მეც მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" გამაოცა: ლუსიენ ფავრმა ამ გუნდს თავისი ხელწერა დაატყო და იგივე კოლექტივით, რომლითაც "გლადბახი" წინა სეზონში კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, ახლა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც კი აქვს. მიონხენგლადბახელები თამაშების უმეტესობას 1:0-ზე იგებენ, რაც პირველ რიგში გუნდურ დისციპლინაზე მეტყველებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არც "გლადბახი" უნდა დაგვავიწყდეს - მით უმეტეს, რომ ამ გუნდს გრანდობა ოდითგანვე მოსდგამს.

- როგორ ფიქრობთ, რით აჯობა იუპ ჰაინკესმა ლუის ვან გაალს?
- ჰაინკესი ვან გაალისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა და ფეხბურთელებსაც აბსოლუტურად სხვანაირად გვექცევა. სამაგიეროდ, იუპი და ლუისი ერთმანეთს იმით გვანან, რომ მიუხედავად ასაკისა, თანამედროვე ფეხბურთის ბევრი რამ გაეგებათ. მე არ ვეთანხმები ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს, რომლებიც ვან გაალს ლანძღავენ. ლუისიც ძალიან მაგარი მწვრთნელია - ემოციური, შეტევაზე ორიენტირებული და მკაცრი. ასეთი ტიპის მწვრთნელები პირადად მე ძალიან მომწონს.

- დიდი შანსია, რომ 2012 თქვენი წელი იყოს, რადგან ერთბაშად ოთხი ტიტულის მოგების შანსი გაქვთ: გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ბოლოს ევროპის ჩემპიონობა.
- ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, ევროპის ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ავირჩევდი, რადგან გერმანიის თასსა და ბუნდესლიგას ყოველთვის მოვიგებთ...

- და რომელი ტიტულის მოგებაა თქვენი აზრით ყველაზე რეალური?
- გერმანიის ჩემპიონობაზე და გერმანიის თასზე ლაპარაკი უადგილოა - ორივე ტიტული ძალიან რეალურია. რაც შეეხება იმ ორ მთავარ ტიტულს: ჩემი აზრით, დღეს გერმანიის ნაკრები უფრო ახლოსაა ევროპის ჩემპიონობასთან, ვიდრე "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის თასთან.

- არადა, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, "ბაიერნი" უკვე "ბარსელონას" და "რეალის" დონის გუნდიაო...
- იოგის ვეთანხმები, მაგრამ განსხვავება მაინც არის და კერძოდ იმაში, რომ "ბარსელონას" შეუძლია, უმაღლეს დონეზე რეგულარულად ითამაშოს, ჩვენ კი ზედიზედ 5-6 მატჩს ასე ვერ ვითამაშებთ. ნახეთ, როგორ იგებს "ბარსა" თავის მატჩებს - უცხოპლანეტელებივით არიან. მოკლედ, "ბარსელონა" პირველია და მერე მოდიან "ბაიერნისა" და "რეალის" დარი გუნდები.

- წლების წინ, როცა
"ბაიერნში" თამაში დაიწყეთ, ამბობდით, ჩემი ოცნება ისიცაა, რომ რეკორდმაისტერის კაპიტანი გავხდეო, ახლა კი ეს აღარ არის თქვენთვის პრიორიტეტული. რატომ?
- ჰო, მართალია: კაპიტნობა ჩემთვის აღარაა მნიშვნელოვანი. მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებდი, ახლა კი ვიცი, რომ ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული მისი თამაშის ხარისხი უნდა იყოს და არა ის, გაიკეთებს თუ არა სამკლავურს. პრინციპში, თუ პასუხისმგებლობას არ გაურბიხარ და ფეხბურთსაც კარგად თამაშობ, გუნდში შენი სიტყვა ისედაც გეთქმის. აგერ, მაგალითად ული ჰიონესისთვის და კარლ-ჰაინც რუმენიგესთვის საშობაო საჩუქრების შერჩევა მე მევალება (იცინის). ოღონდ, რა თქმა უნდა, ფილიპ ლამსაც ვეკითხები ხოლმე რჩევას. სხვათა შორის, ლამს იდეალურად ვუგებ.

- როისი, გიოტცე, მიულერი, ბადშტუბერი, ტყუპი-ბენდერები, შიურლე, ლაიტნერი - გერმანიას საფეხბურთო ტალანტების ასეთი ბუმი არ ახსოვს. პირადად თქვენ ყველაზე მეტად რომელი მათგანი მოგწონთ?
- მას მერე, რაც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბავშვთა ფეხბურთს ჯეროვნად მიხედა, ტალანტები მომრავლდნენ. თუ გახსოვთ, 2004 წელს ამ კატეგორიის ფეხბურთელები მხოლოდ ლამი, პოდოლსკი და მე ვიყავით. რაც შეეხება კითხვას: ჩემი აზრით, ამათგან ყველაზე შორის მარიო გიოტცეა წასული.

-
"ბაიერნს" როისის ყიდვა უნდა. მარკოს მიუნხენში გადმოსვლას ურჩევდით?
- როისს ისეთივე ვარცხნილობა აქვს, როგორიც მე მქონდა 20 წლის ასაკში - ასე რომ, აუცილებლად უნდა ვიყიდოთ! ხუმრობა იქით იყოს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად კარგი დროა ახლა ამ ტრანსფერისთვის. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ "ბაიერნი" როისის პოზიციაზე ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. არ მინდა, რომ როისს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდეს.

- დღესდღეობით საფეხბურთო მატჩის გაანალიზება უახლესი ტექნოლოგიებით ხდება. სტატისტიკები გიყვართ?
- არა და ვერ ვიტან, როცა მოთამაშეებს ამ სტატსტიკებით გვაფასებენ. ფეხბურთელი, რომელმაც 90 წუთში 14 კილომეტრი ირბინა, ჩემთვის ავტომატურად არ ჯობია იმ ფეხბურთელს, რომელმაც მხოლოდ 10 კილომეტრი გაირბინა, რადგან მთავარი არა მანძილი, არამედ ის არის, თუ რომელმა უფრო სწორად ირბინა. პირადად მე უაზროდ რამდენიმე მეტრის გარბენაც კი არ მიყვარს.

- უკვე 27 წლის ხართ.
"ერთხელ "ბაიერნი", სამუდამოდ "ბაიერნი"?
- რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2016 წლამდე გავაგრძელე და ეს გუნდი ძალიან მიყვარს, რაც ყველამ იცის. რაც მთავარია, აშკარად ვხედავ, რომ გუნდი პროგრესს განიცდის, რისი დასტურიცაა მაგალითად მანუელ ნოიერის ტრანსფერი. საკლუბო დონეზე ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და იმედი მაქვს, რომ ამ ოცნებას სწორედ "ბაიერნთან" ერთად ავიხდენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული