სამაგიეროდ, ნამდვილად მშვენიერი წარმატება იყო ის, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადალახა და ახლა, მერვედფინალში პატივი ექნება, "ბარსელონასთან" ორჯერ ითამაშოს. ერთი სიტყვით, "ლევერკუზენის" შედეგები სეზონის პირველ ნახევარში საბოლოოდ დადებითად უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა, გუნდში ტოტალური უკმაყოფილება და ქაოსია.
ყველაფერი გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, ჰანო ბალიტშის მოულოდნელი მოკვეთით დაიწყო. ეს უკანასკნელი
თუმცა მაშინ გუნდის თავკაცი იუპ ჰაინკესი გახლდათ, ზაფხულში კი "ფარმაცევტები" რობინ დუტმა (სხვათა შორის, "ფრაიბურგის" ყოფილმა მწვრთნელმა) ჩაიბარა, რომელსაც გამოცდილი ჰანო გულზე არ ეხატება.
ერთი სიტყვით, წინა კვირის დასაწყისში ბალიტშს უთხრეს, რომ შეუძლია, იანვარში ახალი გუნდი ეძებოს, რადგან მწვრთნელს აღარ სჭირდება.
ჰანოს ამის მიზეზი დაწვრილებითაც აუხსნეს: თურმე, "შალკესთან" მატჩის მიწურულს, რომელიც "ლევერკუზენმა" 0:1 წააგო, სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ბალიტშს ხმამაღლა უთქვამს, ნუთუ შეცვლები აგვიკრძალესო - საქმე იმაში იყო, რომ დუტმა იმ შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი არ შეცვალა, ბალიტშის რეპლიკა კი მშვენივრად გაიგონა. ჰანომ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მაგრამ არც ამან უშველა.
ერთი ფეხბურთელის გაგდების ქვეყანა არ დაიქცეოდა, რომ არა დუტის არაადეკვატური და აგრესიული განმარტებანი მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, მიზეზებზე კონკრეტულად არცერთ მხარეს არ უნდა ესაუბრა.
დუტმა კი "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, "ფეხბურთის თამაში ხომ უნდა, ჰოდა უნდა წავიდეს, რადგან ჩემს გუნდში ნაღდად ვერ ითამაშებსო" და ისე გამოუვიდა, თითქოს ჰანო ბალიტში მთავარი ამრევია. ეს კი არა მარტო ფეხბურთელს, კლუბის ბოსებსაც აღარ მოეწონათ.
მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ახლა პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი დუტის საქციელითაა უკმაყოფილო (ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არც მის სამწვრთნელო შესაძლებლობებს აღიარებს), პრობლემა კი ის არის, რომ დუტს დღესდღეობით სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სახით ძალიან წონადი ადვოკატი ჰყავს. ეს უკანასკნელი მუდმივად იმეორებს, რომ რობინის იმედი აქვს და რომ მის გათავისუფლებაზე ერთხელაც არ უფიქრია.
ფეხბურთელთაგან კი მარტო ბალიტში როდია უკმაყოფილო. ბოლო დროს სიმონ როლფესი და შტეფან კისლინგიც იბღვირებიან - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ დუტი მათაც, მართალია, ბალიტშზე ხშირად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იშვიათად ათამაშებს.
უკმაყოფილოები არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც პირველი წრის ბოლო ტურში, "ნიურნბერგთან" სამარცხვინო მარცხის (0:3 ბაი არენაზე) შემდეგ დუტის სალანძღავ სიტყვებს სკანდირებდნენ, ბოლოს კი ერთხმად შემოსძახეს - "და ამის მერე თქვენ "ბარსელონასთან" გამარჯვებაზე ოცნებობთო"?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"