ამ ყველაფერთან ერთად, გერმანული ფეხბურთის უკვე ამოსულ ვარსკვლავს არაერთი მსურველი ჰყავს - გიოტცეს თვალი ევროპის გრანდებმა დაადგეს.
ლონდონის "არსენალი" გასულ ზაფხულსაც მზად იყო, "ბორუსიასთვის" "გიოტცინიოს" სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა და "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მარიოს გადაბირებას ამ სეზონის დასრულების შემდეგაც ეცდება.
ჩვენი გერმანელი კოლეგების
დორტმუნდელები მის მსურველებს ჯერჯერობით უარით ისტუმრებენ - გიოტცეს დაკარგვა არაფრისდიდებით არ სურთ. თავად ფეხბურთელიც კორექტულად იქცევა და გულახდილად ამბობს, ტრანსფერზე ნამდვილად არ ვფიქრობო. მის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, რადგან მარიო "დორტმუნდისთვის" ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება.
"არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ის სპეკულაციები, რაც ბოლო თვეებში ჩემს შესახებ გავრცელდა, რადგან "დორტმუნდიდან" წასვლაზე არ ვფიქრობ და შესაბამისად, ამ თემით არ დავინტერესებულვარ.
ისე კი, ცხადია, მსიამოვნებს, რომ ჩემით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული, - აცხადებს გიოტცე "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძენს, - ერთადერთი გუნდი, რომელსაც უარს ვერ ვეტყოდი, "ბარსელონაა". კატალონიურ გრანდში თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს და მეც მათ რიცხვს განვეკუთვნები. "ბარსას" დაინტერესების შემთხვევაში მაშინვე თანხმობას ვიტყოდი."
გერმანიაში არაერთი ექსპერტი ფიქრობდა, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ გიოტცე ისე კარგად ვეღარ იასპარეზებდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა: მარიო მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია (თუ საუკეთესო არა). ამას წინათ გაზეთმა "ველტმა" უდიდესი გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ მარიო გერმანიაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია.
გიოტცემ ხმების 17.4 პროცენტი მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ თომას მიულერს (ბაიერნი, 8%). აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილზე "შალკეს" ესპანელი გოლეადორი რაული გავიდა (6.5%), მეოთხეზე კი "ბაიერნის" ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი (6%).
მიუხედავად ამისა, გიოტცეს თავში ავარდნის არაფერი ეტყობა და ამბობს, ამასაც არ ველოდი, საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად ჯერ მაინც არ მივიჩნევო. მიუხედავად უდიდესი შემოსავლისა, მარიო ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს და არც ძვირადღირებული ავტომობილი შეუძენია. "19 წლის ასაკში "ფერარი" რომ ვიყიდო, მერე რაღა უნდა იყოს ჩემი მოტივაცია? ასეთი რამე-რუმეები ჯერ არ მჭირდება!" - აცხადებს მარიო ხსენებულ ინტერვიუში.
სწორედ ამის გამო უყვართ, სწორედ ამის გამო აფასებენ...
მარიო გიოტცეს სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
თამაში 14
საშუალო შეფ. (ბილდი) 2.14
გოლი 5
საგოლე პასი 5
საგოლე მომენტი 25
კონტაქტი ბურთთან 807
საშუალოდ მატჩში 57.64
ზუსტი პასი 365
არაზუსტი პასი 92
მოგებული ორთაბრძოლა 44.09%
წაგებული ორთაბრძოლა 55.91
დაჯარიმდა 15
მასზე დაჯარიმდნენ 28
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"