ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანკუნიანელები ფორვარდის კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს პირველ იანვრამდე არ გამოიყენებენ.
30 წლის ბერბატოვი "ბაიერში" 2001-დან 2006 წლამდე თამაშობდა და საფეხბურთო ევროპამ სწორედ მაშინ გაიცნო. მეტიც: ბერბატოვი იმ პერიოდში ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ, რაც იმით დასტურდება, რომ გერმანიის ჩემპიონატის 154 შეხვედრაში 69 გოლი აქვს გატანილი (32 საგოლე პასი).
დიმიტარი "ლევერკუზენიდან" ჯერ "ტოტენჰემში" გადავიდა, სამი წლის წინ კი "მანჩესტერ იუნაიტედში"
მიუხედავად იმისა, რომ როცა თამაშობს, თავის შესაძლებლობებს თითქმის ყოველთვის ამტკიცებს, სერ ალექს ფერგიუსონი ბერბატოვს იშვიათად ათამაშებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერგისთვის ის მხოლოდ მეოთხე ფორვარდია. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის წინა ტურში ფერგიუსონმა ბერბატოვი ათამაშა და ამ უკანასკნელმა "უიგანთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა - "იუნაიტედმა" 5:0 მოიგო.
რაც შეეხება პირველ იანვარს და კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს: ბერბატოვს მანკუნიანელებთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, ხსენებული პუნქტის თანახმად კი, მანჩესტერელებს შეუძლიათ, კონტრაქტი პირველ იანვარს ავტომატურად გააგრძელონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბერბატოვის დაბრუნების შემთხვევაში, 23 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელი ერენ დერდიოკი "ლევერკუზენიდან" წასვლის უპირველესი კანდიდატი გახდება.
"ეს სპეკულაციაზე მეტია. "ლევერკუზენს" ნამდვილად უნდა ბერბატოვის დაბრუნება. "ბაიერთან" კონტაქტი გვაქვს, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა, რადგან დიმიტარის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი და იქვე დასძენს, - ბერბას "ლევერკუზენი" არ დავიწყებია და ეს კლუბი დღემდე ძალიან უყვარს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"