არსენ ვენგერი: ლუკას, წამოდი ლონდონში!

AutoSharing Option
"კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკის არაერთი გუნდი რომ ეპატიჟება, ამის შესახებ რამდენჯერმე დავწერეთ.

მათ შორისაა ლონდონის "არსენალიც": "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იანვარში წინა ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში 26 წლის პოდოლსკიცაა. შეიძლება ამ ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს "არსენალის" გერმანელმა მცველმა, პერ მერტეზაკერმა. 27 წლის უკანახაზელი ყველანაირად ცდილობს, პოდოლსკის ლონდონში გადაბარგების პერსპექტივა მოაწონოს.

"იმედი მაქვს, რომ ვენგერი პოდოლსკის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ლუკასი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, - აცხადებს მერტეზაკერი "დეილი მეილისთვის"
მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მე ხშირად ვესაუბრები პოლდის და ვურჩევ, რომ ჩვენთან გადმოვიდეს."

ლუკას პოდოლსკის "კიოლნთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "არსენალი" მზადაა, გერმანულ კლუბს მის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა ლუკასისთვის ომში ინტენსიურად ჩაერთო რომის "ლაციოც". რამდენიმე დღის წინ იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერდა, პოლდიმ რომაულ კლუბს უკვე წინასწარი თანხმობა შეუთვალაო.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, ის კი ფაქტია, რომ მას მერე, რაც 33 წლის მიროსლავ კლოზეს ტრანსფერმა გაამართლა, "ლაციოს" ბოსი კლაუდიო ლოტიტო თავდასხმაში კლოზე/პოდოლსკის ტანდემზე ოცნებობს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, თავად პოდოლსკი "ლაციოში" გადასვლისკენ იხრება.

"კიოლნის" მენეჯერ კლაუს ჰორსტმანის თქმით, მას ჯერ არც ლონდონიდან შეხმიანებია ვინმე და არც რომიდან, იმას კი ხვდება, რომ ამ კლუბების მხრიდან სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში, "თხებს" პოდოლსკის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული