რაკი "მგლებმა" ბუნდესლიგის პირველ წრეში ცუდად იასპარეზეს, ლოგიკურია, რომ "დესპოტ ფელიქსს" ახლა შოპინგის მადა ყველაზე მეტად აქვს გახსნილი.
2 იანვარს, "ვოლფსბურგის" 58 წლის მწვრთნელ-მენეჯერი სახლიდან რომ გამოვიდა და თავის "ფოლკსვაგენ პასატში" რომ ჯდებოდა, "ბილდის" ჟურნალისტი დაადგა თავზე და ახალი წლის მილოცვას პირდაპირ კითხვა მიაყოლა: "დღეს რა გეგმები გაქვთ,
20 მილიონი ფოლკსვაგენისგან
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ საქმეზე გადავალთ: მაგათს მინიმუმ 9 (!) ახალი ფეხბურთელის ყიდვა აქვს დაგეგმილი და ამისათვის კლუბის ხელმძღვანელობისგან, "ბილდის" ინფორმაციით, დაახლოებით 20 მილიონი ევრო მიიღო. ფელიქსმა ჩვენს გერმანელ კოლეგას ისიც უთხრა, აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთებ, მინდა, რომ პერსპექტიული ფეხბურთელები გადმოვიბიროო. ლოგიკურია, რადგან ზაფხულში მან გამოცდილი, პირდაპირ ვთქვათ, "ბებერი" ფეხბურთელები შეიძინა, რომლებმაც იმედები გაუცრუეს. პრობლემა მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ ზაფხულში დახარჯული ფული წყალში გადაყრილი გამოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, "ფოლკსვაგენის" კონცერნის მფარველობის ქვეშ მყოფი გუნდისთვის არც ესაა პრობლემა - მაგათს მაინც ენდობიან და დამატებით კიდევ 20 მილიონი გამოიყვეს. პრინციპში, არც ესაა გასაკვირი, რადგან ფელიქსი ერთადერთი და "ვოლფსბურგისთვის" განუმეორებელი მწვრთნელია, რომელმაც 2009 წელს ეს მოკრძალებული გუნდი ყველასათვის მოულოდნელად გერმანიის ჩემპიონი გახადა.
ახალი გრაფიტე და სხვები
მოკლედ, იანვარში "ვოლფსბურგს" მინიმუმ რვა ფეხბურთელი დატოვებს. "ბილდის" ცნობით, წამსვლელთა სიაში პირველები არიან ბერძენი მცველი სოტირიოს კირიაკოსი, თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესი, გამთამაშებელი თომას კალენბერგი, ფორვარდი სრდიან ლაკიჩი და გუნდის ყოფილი კაპიტანი, ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟოსუე.
ამ მოთამაშეებიდან მაგათმა გუნდში მხოლოდ კირიაკოსი (ზაფხულში) და ჟოსუე მიიყვანა - პირველმა იმედები გაუცრუა, უკანასკნელი კი წლებია "მგლებში" თამაშობს, 2009-ში კი კაპიტანი და ფელიქსის ფავორიტი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარად აღარ ვარგა. დანარჩენები "ვოლფსბურგში" იმ დროს მივიდნენ, როცა მაგათი "შალკეში" მუშაობდა და მათ ამ სეზონის პირველ ნახევარში მაინც მისცა შანსი, მაგრამ ვერცერთმა ვერ ივარგა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ იანვარში "ვოლფსბურგის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი იქნება. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი "მგლებს" 6.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. მასზე ოდნავ იაფი ღირს თავდამსხმელი ჯოვანი სიო, რომელიც ასევე შვეიცარიაში, კერძოდ "სიონში" თამაშობს. 22 წლის კოტ დ’ივუარელი ფორვარდი, რომელსაც ფრანგული პასპორტი აქვს, 5 მილიონი ღირს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი მაგათის ახალი გრაფიტე უნდა გახდეს!
ამავდროულად, ფელიქსმა უკვე სრულყო რამდენიმე ტრანსფერი: 25 წლის ჩეხი პეტრ ირჟაჩეკი უკვე ვოლფსბურგელია - "მგლებმა" პლზენის "ვიქტორიას" მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაურიცხეს. 2 იანვარს საბოლოოდ დადასტურდა სერბი სლობოდან მედოიევიჩისა (21 წლის, "ნოვი სადიდან") და ფერჰან ჰასანის (21, ტეტოვო, მაკედონია) ტრანსფერები.
ამ ფეხბურთელების გარდა, მაგათს "ვოლფსბურგში" შემდეგი მოთამაშეების გადაბირება სურს: ვაცლავ პილარი (23, ვიქტორია პლზენი), იბრაჰიმ სისოკო (21, კოიმბრა), ალექსანდერ ლუკოვიჩი (29, ზენიტი) და ვიერინია (25, პაოკ სალონიკი). თუმცა ეს მოთამაშეები ზემოთ ხსნებულებზე გაცილებით იაფად ფასობენ - "ბილდის" ცნობით, "დესპოტ ფელიქსს" ყველა ერთად 4.5 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.
რაც მაგათისთვის ყველაზე მთავარია, "ვოლფსბურგის" გენერალური სპონსორი "ფოლკსვაგენი" მას ასპროცენტიან ნდობას უცხადებს. გერმანული ავტოგიგანტის შეფი მარტინ ვინტერკორნი ამბობს, ფელიქსს შესანიშნავი იდეები აქვს და ჩვენც მზად ვართ, მათი განხორციელებისთვის ხელი მაქსიმალურად შევუწყოთო. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან ამჯერად...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"