სკიბე კობიაშვილს უყურებს!

AutoSharing Option
"ეს კლუბი, - თქვა ცოტა ხნის წინ "ჰერტას" ახალმა მწვრთნელმა, მიხაელ სკიბემ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს გერმანიაში. "ჰერტას" ამაში ბევრი რამ უწყობს ხელს - ემოციები, ბერლინის, როგორც მსოფლიო ქალაქის ფაქტორი და პერსპექტივა, რასაც აშკარად ვხედავ".

ლევან კობიაშვილის ახალი დამრიგებელი ან ცაში დაფრინავდა, ანაც, უნდოდა, რომ სათქმელი უბრალოდ ლამაზად ეთქვა. ჩვენ უფრო მეორე ვერსიისა გვჯერა, რადგან ბერლინის "ჰერტა" ის გუნდია, რომელიც შარშან ამ დროს მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა. სამაგიეროდ, ჰერ სკიბეს ასი პროცენტით ვეთანხმებით იმაში, რომ წესით და
რიგით, "ჰერტა" მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს გერმანიაში - იმიტომ, რომ ბერლინის, გერმანიის დედაქალაქის გუნდია.

თუ სკიბე მართლა ცაში დაფრინავდა და სჯეროდა, რომ ბერლინში საფეხბურთო კუთხით ემოციები დუღს და გადმოდუღს, მიწაზე გუშინ დილას დაეშვებოდა - მან კობიაშვილი და კომპანია დილის 10 საათზე პირველად ავარჯიშა და ემოციები არსად იყო, რადგან 2012 წელს "ჰერტას" პირველ ვარჯიშს მხოლოდ 30 ფანი დაესწრო. და როცა ახალი მწვრთნელის და ზოგადად გუნდის პირველ ვარჯიშზე დამსწრეთა შორის ჟურნალისტების რაოდენობა (ვარჯიშს პრესის 50 წარმომადგენელი ესწრებოდა) გულშემატკივრებისას სჭარბობს, ეს იმის მაუწყებელია, რომ გუნდი ხელოვნურად არის ყურადღების ცენტრში.

სკიბემ 27 ფეხბურთელთან ერთად, პირველ ვარჯიშზე 18 წლის ჟერომ კიზევეტერსაც უხმო - მეორე გუნდიდან. მანამდე, ფეხბურთელებს ახალი თავკაცი მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა დახურულ კარს მიღმა გააცნო. სკიბეს შეგირდებისთვის უთქვამს, თქვენობით უნდა მომმართოთ და მწვრთნელი უნდა დამიძახოთო.

ვარჯიშის შემდეგ მიხაელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალწვეულებზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. "პირველ რიგში მინდა, რომ გუნდი კარგად შევისწავლო, ყველა ფეხბურთელს დავაკვირდე და თუ საჭიროდ ჩავთვლი, ახალ ფეხბურთელებზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ," - განაცხადა კობიაშვილის ახალმა დამრიგებელმა და იქვე დაამატა, სერიოზულ ცვლილებებს ნამდვილად არ ვაპირებო. მანვე დაადგინა, რომ "ჰერტას" კაპიტანი კვლავ ცენტრალური მცველი ანდრე მიატოვიჩი იქნება.

მიიყვანს სკიბე კობის კონკურენტს?
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ლევანის მდგომარეობაა. როცა სკიბეს "ჰერტაში" დანიშვნა გადაწყდა, გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მიხაელი ბერლინში "ესქიშეჰირიდან" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, დედეს წაყვანას აპირებდა, რაც თავად სკიბემ უარყო - კობიაშვილის სახით ზუსტად დედესნაირი ფეხბურთელი გვყავსო.

თუმცა ამის შემდეგ მაინც ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ სკიბე "ჰერტაში" ახალი მარცხენა მცველის მიყვანას აპირებდა - ბერლინულ კლუბთან მიმართებაში ახალ წლამდეც და ამ დღეებშიც არაერთხელ გაიჟღერა "ფრაიბურგის" მარცხენა უკანახაზელის, ფელიქს ბასტიანსის გვარმა. "ბილდი" წერდა, "ფრაიბურგმა" ამ უკანასკნელს კონტრაქტი უკვე გაუწყვიტა და ბასტიანსი "ჰერტაში" გადასასვლელად მზადააო.

ტრანსფერი ჯერჯერობით არ განხორციელებულა და შესაბამისად, კობის კონკურენტი არ ჰყავს. მაგრამ ხომ იცით, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სკიბე ლევანს ამ დღეებში კარგად დააკვირდება და მერე გადაწყვეტს, მიიყვანოს თუ არა "ჰერტაში" ქართველი ფეხბურთელის კონკურენტი. შესაძლოა, მას ეს უკვე გადაწყვეტილიც აქვს და უბრალოდ უნდა, რომ განცხადებით "ყველას დავაკვირდები" დრო გაიყვანოს. ფაქტია, კობიაშვილი სკიბეს ვარჯიშებზე თავს არ დაზოგავს.

"ჰერტა" პირველ ტესტ-მატჩს პარასკევს, მესამელიგელ "ოსნაბრიუკთან" გამართავს, რის შემდეგაც ბერლინელები ბელეკისკენ აიღებენ გეზს, სადაც გუნდი 7-დან 14 იანვრამდე მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული