შემდეგი, თუ შეიძლება: სიოც გამგელდა!

AutoSharing Option
ფელიქს მაგათი "ვოლფსბურგის" დაშლა-აწყობას განაგრძობს: ნახევარმცველების, პეტრ ირჟაჩეკის (პლზენის "ვიქტორიადან") და სლობოდან მედოიევიჩის (ნოვი სადიდან), ასევე თავდამსხმელ ფერჰად ჰასანის (ტეტოვოდან) შემდეგ, "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა და მენეჯერმა კიდევ ორი ტრანსფერი სრულყო.

"დესპოტმა ფელიქსმა" ჯერ ნახევარმცველი ვიერინია (სალონიკის პაოკიდან) გადაიბირა, გუშინ კი თავდამსხმელ ჯოვანი სიოსაც (სიონიდან) გაუფორმა კონტრაქტი. 22 წლის სიომ "ვოლფსბურგთან" სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"ჯოვანი სიო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში უდიდესი პროგრესი განიცადა. სწრაფია და გოლებიც უხვად გააქვს, - აქებს მაგათი ახალწვეულს, - რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია,
მას შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ისე ცენტრალური ნახევარმცველისა და მეორე ფორვარდის პოზიციებზე თამაშიც. ამასთან, ფიზიკურად ძლიერია და დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგას მალე აუღებს ალღოს."

სიო ფრანგული კლუბის, "ნანტის" აღზრდილია და საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში უთამაშია, ბოლოს კი კოტ დ’ივუარის 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. ნანტის შემდეგ სიო ესპანეთში წავიდა და "რეალ სოსიედადში" ჩაირიცხა, თუმცა იქ თავი ვერ დაიმკვიდრა – რეზერვისტის სტატუსს ვერ გასცდა და მხოლოდ მეორე გუნდში ათამაშებდნენ. შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ კი პროგრესი განიცადა, "სიონის" ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და გასულ სეზონში ამ გუნდთან ერთად შვეიცარიის თასი მოიგო. საერთო ჯამში, მან "სიონის" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, რაც გამთამაშებლისა და მეორე ფორვარდის ამპლუის ფეხბურთელისთვის ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგმა" შვეიცარიულ კლუბს ჯოვანი სიოს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაუხადა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაგათს იაფი, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენის უტყუარი ალღო აქვს (ახლო წარსულიდან გაიხსენეთ ედინ ჯეკო და გრაფიტე), წესით, ამ ფეხბურთელმა "ვოლფსბურგში" უნდა გაიბრწყინოს.

ფელიქსი ვიერინიაზეც დიდ იმედებს ამყარებს

2015 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი ვიერინიასაც, რომელიც "ვოლფსბურგში" სალონიკის პაოკიდან გადაბარგდა. პორტუგალიელი გარემარბი ბერძნულ კლუბში 2008 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და იქ პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშე გახლდათ. "ვოლფსბურგთან" ერთად, მის ხელში ჩასაგდებად ინგლისური "ბლექბერნიც" იბრძოდა, მაგრამ ფეხბურთელმა უპირატესობა გერმანულ კლუბს მიანიჭა. სატრანსფერო თანხის ოდენობა გასაიდუმლოებულია.
"ვიერინიაც მრავალმხრივი ფეხბურთელია. თავს ყველაზე კარგად ნებისმიერ ფლანგზე გრძნობს, მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ბერძნულ კლუბში ის საუკეთესო მეპასე იყო," - მაგათი ნავაჭრით ძალიან კმაყოფილია.
სამშაბათს, სიოსთან ერთად, ვოლფსბურგში იბრაჰიმ სისოკოც იმყოფებოდა, მაგრამ მისი ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი – მაგათის თქმით, მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობები დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული