ოლიჩმა ჰაინკესს დაუმტკიცა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" 2012 წლის პირველი სერიოზული ტესტ-მატჩი ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო. როგორც იცით, მიუნხენელები ბუნდესლიგის მეორე წრისთვის ყატარში ემზადებიან.

გერმანიის ჩემპიონატის განახლებამდე ორი კვირით ადრე, რეკორდმაისტერმა პირველი სერიოზული ამხანაგური მატჩი ეგვიპტურ გრანდთან, კაიროს "ალ აჰლისთან" გამართა და 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრა დოჰაში, სტადიონ "ალ რაიანზე" გაიმართა და მას 8 000 მაყურებელი დაესწრო. საინტერესო ის არის, რომ მიუნხენელთაგან ორივე გოლი ივიცა ოლიჩმა გაიტანა, რომელმაც ბავარიული გრანდის ძირითადი გოლედაორი მარიო გომესი მე-8 წუთზე შეცვალა. გომესის ნაადრევი შეცვლის მიზეზი მისი ტრავმა გახლდათ, თუმცა "ბაიერნის"
ფანებს აქვე დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ მარიო სერიოზულად არ დაშავებულა.

ოლიჩმა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მიუნხენიდან წასვლაზე ეჭირა თვალი, მაგრამ ხელმძღვანელებმა იანვარში კლუბის გამოცვლა აუკრძალეს, ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ეგვიპტელებმა წონასწორობა აღადგინეს, გამარჯვების გოლი კი ხორვატმა თავდამსხმელმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა.

"ბაიერნის" თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა ძირითადი შემადგენლობა 66 წუთის მანძილზე ათამაშა - "დონ იუპმა" სასტარტო თერთმეტეულიდან მხოლოდ ფრანკ რიბერი დაასვენა, რომელიც მეორე წრის პირველ მატჩში (მიონხენგლადბახის ბორუსიასთან) დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზებს.

ფრანგთან ერთად, მოედანზე არც ბრაზილიელი მცველი ბრენო გამოჩენილა, საერთო ჯამში კი, ჰაინკესმა 24-დან 17 ფეხბურთელი გამოიყენა.

ნერლინგერი: გაძლიერება არ გვჭირდება
მატჩის შემდეგ, "ბაიერნის" მენეჯერმა, კრისტიან ნერლინგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუნხენური გრანდი იანვარში სატრანსფერო ბაზარზე არ გააქტიურდება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. მას მერე, რაც რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ბრძანა, ერთადერთი რგოლი, რომლის გაძლიერებაზე შეიძლება ვიფიქროთ, დაცვის ხაზიაო, გერმანიაში დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ბავარიელები ახალი მცველის ყიდვას აპირებდნენ, მაგრამ ნერლინგერმა ეს ინფორმაციაც უარყო.

"პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ იანვარში ახალი უკანახაზელის ყიდვას ვაპირებთ. მან თქვა, შეიძლება ამაზე ვიფიქროთო. მე კი დავძენ, რომ შესაძლოა, ჩვენ ახალი მცველი ოდესმე ვიყიდოთ, იმის ალბათობა კი, რომ ეს ახლავე მოხდება, ძალიან მცირეა," - აღნიშნა ნერლინგერმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიუნხენური გრანდის მენეჯერის აზრით, გუნდი ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული და სეზონის მეორე ნახევრისთვის გაძლიერებას არ საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ მცველებს, დანიელ ვან ბუიტენს და ბრენოს კონტრაქტები ზაფხულში უმთავრდებათ, მაგრამ 34 წლის ბელგიელი პირველ წრეშიც კარგად გამოიყურებოდა და მას ზაფხულამდე სავარაუდოდ ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ. რაც შეეხება ბრაზილიელს: მიუნხენში ყველას იმედი აქვს, რომ ბრენო ზაფხულამდე ბოლოს და ბოლოს მოახერხებს თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას.

ასეთ შემთხვევაში, კონტრაქტს მასაც გაუგრძელებენ - "ზებენერშტრასეზე" ძალიან არ უნდათ, რომ წლების წინ ბრენოში გადახდილი 10 მილიონი ევრო წყალში გადაყრილი ფული გამოდგეს.

სასწრაფოდ: ახალი კონტრაქტი რობენს
ამავდროულად, ნერლინგერმა ოფიციალურად დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ მიონხენგლადბახის ვარსკვლავ მარკო როისს მიუნხენელებიც ეპატიჟებოდნენ. მისი თქმით, 22 წლის გარემარბს "ბაიერნმაც" მიმართა კონკრეტული წინადადებით. როგორც იცით, როისმა რეკორდმაისტერს ზურგი აქცია და უპირატესობა დორტმუნდის "ბორუსიას" მიანიჭა, სადაც კარიერას ზაფხულიდან გააგრძელებს. ნერლინგერის თქმით, როისის უარი "ბაიერნისთვის" მიუღებელი არ არის.

"ბაიერნში" მართლა გულახდილად გვიხარია, რომ "დორტმუნდი" ნელ-ნელა ძლიერ გერმანულ კლუბად ყალიბდება და უკვე სერიოზულ კონკურენციას გვიწევს. როისის ტრანსფერით დორტმუნდელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს იქითკენ, რომ ჩვენი მუდმივი კონკურენტები გახდნენ. მარკოს გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი არ არის, რადგან ფაქტია, რომ "ბაიერნში" მას ამ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდებოდა," - განაცხადა ნერლინგერმა.

სამაგიეროდ, როისის გადაწყვეტილება სიგნალია იმისა, რომ რეკორდმაისტერმა არიენ რობენს სასწრაფოდ ახალი ხელშეკრულება უნდა გაუფორმოს. ნერლინგერი: "ჩვენ გვყავს რობენი, რომელსაც მალე უნდა გავუფორმოთ ახალი კონტრაქტი, გვყავს ფრანკ რიბერი, თომას მიულერი, ტონი კროოსი და ბასტიან შვაინშტაიგერი, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" ნახევარდაცვა საუკეთესოა გერმანიაში და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში."

დაბოლოს: ნერლინგერი დარწმუნებულია, რომ წელს "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობას დაიბრუნებს - უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ ორჯერ ვერ გახდეს ჩემპიონიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული