ცნობილია ისიც, რომ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებს 34 წლის ესპანელი თავდამსხმელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ იმხელა ხელფასის გადახდა, რასაც გონსალეს ბლანკო აქამდე იღებდა.
"შალკე" გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ყატარში ემზადება, სადაც ვეტერანმა ესპანელმა გულახდილად ისაუბრა და გელზენკირხენელი ფანები მაგრად დააიმედა - მან თქვა, რომ "შალკესთან" ერთად სერიოზული მიზნები აქვს.
"შალკეში" ბედნიერი ვარ და აქედან წასვლა არ მინდა, - განაცხადა რაულმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე, - ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით
ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რაული "შალკეში" დარჩება. ცნობილია, რომ გელზენკირხენული კლუბის ბოსებთან უკვე შეთანხმებულია მოლაპარაკებების დრო და თარიღი. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ რაულის მეუღლე და შვილები გერმანიაში თავს კარგად გრძნობენ და თანახმა არიან, გონსალეს ბლანკო "შალკეში" დარჩეს. თავად ესპანელს, რომელიც ოჯახთან ერთად არა გელზენკირხენში, არამედ დიუსელდორფში ცხოვრობს, არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მეუღლე და შვილები იქ თავს ჰარმონიულად გრძნობენ.
"შალკესთვის" ერთგულების შეფიცვა რაულისთვის იმასაც ნიშნავს, რომ მან რამდენიმე მილიონზე უარი უნდა თქვას. ესპანელის ხელფასი ამ სეზონის ჩათვლით წელიწადში 7 მილიონი ევროა. ამ თანხიდან 2 მილიონს ჯერ კიდევ "რეალი" უხდის, ხუთს კი "შალკე". ზაფხულიდან "რეალი" 2 მილიონის გადახდას შეწყვეტს და აღარც "ხუმარებს" შეუძლიათ 34 წლის ფეხბურთელისთვის 5 მილიონის მიცემა. როგორც ჩანს, რაულისთვის ფული მართლაც არ არის მთავარი.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის გეგმებს: "პირველი წრე ძალიან კარგად ჩავატარეთ, რაც იმის უფლებას გვაძლევს, რომ სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად შევხვდეთ. ჩვენთვის შესაძლოა დიდი პლუსი იყოს ის, რომ "შალკეს" გერმანიის ჩემპიონობის სერიოზულ კანდიდატად არავინ მიიჩნევს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულაზე მეტი არ იქნება, ვითომ რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩემპიონობაზე სერიოზულად? ცხადია, "შალკესთან" ერთად ჩემპიონობა ადვილი არ არის, მაგრამ პირველი წრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არც არარეალურია. პირადად მე ძალიან მინდა, რომ "ვერცხლის სინს" ხელით შევეხო."
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს...
ესპანეთის ნაკრებში, სადაც 1996-დან 2006 წლამდე 102 მატჩში 44 გოლი გაიტანა, რაული დიდი ხანია აღარ გამოჩენილა და მას მერე, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა მთავარმა გოლეადორმა, დავიდ ვილიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ესპანეთში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, ვისენტე დელ ბოსკემ რაული ეროვნულ გუნდში დააბრუნოს და გამოცდილი გოლეადორი ევროპის ჩემპიონატზეც იახლოს. რაულის ნაკრებში დაბრუნება არა მარტო ვილიას ტრავმის, არამედ იმის გამოც გახდა რეალური, რომ ფერნანდო ტორესი ძალიან ცუდ ფორმაშია.
ცხადია, ამ ამბებმა რაულის ყურამდეც მიაღწია და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი ხსენებულ პრესკონფერენციაზე ნაკრების თემასაც შეეხო: "ესპანეთის ნაკრები დღეს იდეალურად დაკომპლექტებული გუნდია. შესაბამისად, იქ დაბრუნებაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. თუმცა თუ ვისენტე დელ ბოსკე ამაზე მართლაც დაფიქრდება და ჩემთან გასაუბრებას მოისურვებს, სიამოვნებით დავთანხმდები," - თქვა რაულმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"