"ბაიერნი" ჰიოვედესს უმიზნებს!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ „შალკეს“ დაცვის ბურჯი ბენედიქტ ჰიოვედესი გაიხსენა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერის შეფები სერიოზულად ფიქრობენ ჰიოვედესის ზაფხულში გადაბირებაზე და მეტიც: „სპოქსი“ წერს, რომ ბავარიელებმა მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და 23 წლის მცველის მრჩეველთან ერთად, „შალკეს“ შეფებსაც დაუკავშირდნენ.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ადასტურებს, მაგრამ გერმანული პრესა უკვე მასობრივად იუწყება, რომ ჰიოვედესი ზაფხულისთვის „ბაიერნის“ ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.

როგორც იცით, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებმა იანვარში ტრანსფერების განხორციელება გამორიცხეს, ზაფხულისთვის კი, მათი პრიორიტეტი სწორედ ახალი, მაღალი კლასის მცველის შეძენაა.
ამას წინათ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, ზაფხულში გუნდის გაძლიერებაზე ვიფიქრებთ და პირველ რიგში დაცვას უნდა მივხედოთო. ისე, მიუნხენურ გრანდს ჰიოვედესის გადაბირება წინა ზაფხულშიც სურდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს დანიელ ვან ბუიტენს და ბრენოს „ბაიერნთან“ კონტრაქტები უმთავრდებათ და ჯერ არავინ იცის, გაუფორებს თუ არა რეკორდმაისტერი მათ ახალ ხელშეკრულებებს. ბრაზილიელს თავის გამოჩენისა და შესაძლებლობების დამტკიცების უკანასკნელი შანსი აქვს, ბელგიელი კი, რომც დარჩეს, მაღალი კლასის მცველი არაა და აღარც ასაკი უწყობს ხელს. ჟერომ ბოატენგს გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ხშირად მარჯვენა მცველად ათამაშებს ხოლმე. ამ ლოგიკით, „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი კარგი ცენტრალური უკანახაზელი ჰყავს – ჰოლგერ ბადშტუბერი.

გერმანული მედია იმასაც იტყობინება, რომ „შალკემ“ „ბაიერნს“ მოლაპარაკებებზე თანხმობა შეუთვალა. ჰიოვედესი გელზენკირხენული კლუბის კაპიტანია და გერმანიის ნაკრებშიც ხშირად იძახებენ, კონტრაქტი კი „შალკესთან“ 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული