ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ადასტურებს, მაგრამ გერმანული პრესა უკვე მასობრივად იუწყება, რომ ჰიოვედესი ზაფხულისთვის „ბაიერნის“ ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.
როგორც იცით, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებმა იანვარში ტრანსფერების განხორციელება გამორიცხეს, ზაფხულისთვის კი, მათი პრიორიტეტი სწორედ ახალი, მაღალი კლასის მცველის შეძენაა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს დანიელ ვან ბუიტენს და ბრენოს „ბაიერნთან“ კონტრაქტები უმთავრდებათ და ჯერ არავინ იცის, გაუფორებს თუ არა რეკორდმაისტერი მათ ახალ ხელშეკრულებებს. ბრაზილიელს თავის გამოჩენისა და შესაძლებლობების დამტკიცების უკანასკნელი შანსი აქვს, ბელგიელი კი, რომც დარჩეს, მაღალი კლასის მცველი არაა და აღარც ასაკი უწყობს ხელს. ჟერომ ბოატენგს გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ხშირად მარჯვენა მცველად ათამაშებს ხოლმე. ამ ლოგიკით, „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი კარგი ცენტრალური უკანახაზელი ჰყავს – ჰოლგერ ბადშტუბერი.
გერმანული მედია იმასაც იტყობინება, რომ „შალკემ“ „ბაიერნს“ მოლაპარაკებებზე თანხმობა შეუთვალა. ჰიოვედესი გელზენკირხენული კლუბის კაპიტანია და გერმანიის ნაკრებშიც ხშირად იძახებენ, კონტრაქტი კი „შალკესთან“ 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"