"მარსელს" ბარიოსი უნდა, მაგრამ...

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" უახლოესი წარსულიდან მარსელის "ოლიმპიკთან" ძალიან ცუდი, მეტიც, კოშმარული მოგონებები აკავშირებს და პრინციპში, ლოგიკურია, რომ გერმანიის ჩემპიონმა ფრანგული გრანდის თხოვნას ცივი და მტკიცე უარით უპასუხა.

"მარსელმა" "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში მოუგო (3:0 და 3:2), რის გამოც დორტმუნდელები ბოლო ადგილზე გავიდნენ, ახლა კი, ფრანგულმა კლუბმა BVB-ს თავდამსხმელის, ლუკას ბარიოსის არენდით წაყვანა მოისურვა, მაგრამ დორტმუნდელებმა ველოდრომელებს უარი უთხრეს.

მართალია, "ბორუსიას" 27 წლის ბარიოსს "კალთებს არ ახევს", მაგრამ "შავ-ყვითლებს" უთამაშებლობით უკმაყოფილო არგენტინელის იჯარით გაშვებაც არ აწყობთ.

"მარსელი" კი ამთავითვე
ზრუნავს 26 წლის ანდრე-პიერ ჟინიაკის შემცვლელის პოვნაზე, რადგან ეს უკანასკნელი ინგლისურ "ფულჰემს" ფაქტობრივად ყველაფერზე შეუთანხმდა. გაირკვა ისიც, რომ "ტოტენჰემი" ველოდრომელთა ცენტრფორვარდი ლოიკ რემის ეპატიჟება და მოკლედ, "მარსელს" ბარიოსი სჭირდება. უფრო სწორად, სჭირდებოდა.

ლუკასის გაშვება დორტმუნდელების მიზანი არ არის, მაგრამ არ მალავენ, რომ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში თავდამსხმელს გაყიდიან, არენდით გაშვებას კი კატეგორიულად გამორიცხავენ. "დორტმუნდი" ბარიოსს 12 მილიონ ევროდ აფასებს და უფასოდ (თუნდაც რამდენიმე თვით) არ დათმობს, რადგან ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს გუნდში მხოლოდ ერთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი (რობერტ ლევანდოვსკი) დარჩება და არც ფული ექნება იმისთვის, რომ ლუკასის შემცვლელი მალევე იყიდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული