გუნდი, რომელმაც პირველ წრეში ყველასათვის მოულოდნელად მე-4 ადგილი დაიკავა, ბელეკში ემზადებოდა. ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მწვრთნელი ლუსიენ ფავრი და მისი შეგირდები მიონხენგლადბახში გუშინწინ დაბრუნდნენ და ახლა მეორე წრის პირველი მატჩისთვის მზადებას მშობლიურ ბაზაზე განაგრძობენ - მომავალ პარასკევს „გლადბახს“ მიუნხენის „ბაიერნთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის და ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ბუნდესლიგის პირველ ტურში „გლადბახმა“ „ბაიერნს“ მიუნხენში (!) მოუგო.
იმ შემთხვევაში, თუ მარკო როისი და კომპანია რეკორდმაისტერს ახლაც დაამარცხებენ, „გლადბახი“
„ჩვენ პირველ წრეში მაქსიმუმი გავაკეთეთ. ის ფაქტი, რომ „გლადბახი“ 17 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა, ნამდვილად ასპროცენტიანი მიღწევაა. ამაზე მეტი ჩემს გუნდს არ შეუძლია. მე-4 ადგილი ჩვენთვის თითქმის სასწაულია და მინდა, რომ ეს ყველამ გააცნობიეროს, - ამბობს ფავრი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მეტსაც ვიტყვი: ეს გუნდი გასული სეზონის მიწურულს ჩავიბარე და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას სულ ბოლოს რომ გადავურჩით, ისიც მცირე, მაგრამ სენსაცია იყო. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ სეზონში ზუსტად იმ გუნდმა აიღო 17 ტურში 33 ქულა, რომელიც წინა სეზონში კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. ასე რომ, მოდი, ცაში ნუ ვიფრენთ.“
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლუსიენი ძალიანაა გაბრაზებული იმის გამო, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა უმთავრესი ფეხბურთელი როისი ვერ შეინარჩუნეს. მართალია, ეს უკანასკნელი ამ სეზონს „გლადბახში“ ჩაამთავრებს, მაგრამ როგორც იცით, ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავა. ფავრმა კი ამას წინათაც თქვა, თუ ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ, რომელ პროგრესზეა საუბარიო.
ისე კი, ფაქტია, რომ მიონხენგლადბახელები მეორე წრის სტარტს კარგ ფორმაში ხვდებიან. გუნდმა ბოლო სამი სერიოზული ტესტ-მატჩი (ნიურნბერგთან, დარმშტადთან და ალმელოსთან) მოიგო და ესეც რომ არ იყოს, ფავრს ტრავმირებული ფილიპ დემსის გარდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.
„ჩემს სიტყვებს ისე ნუ გაიგებთ, თითქოს „ბაიერნთან“ წაგებას მოვაწერე ხელი - არავითარ შემთხვევაში! მესმის, რომ რეკორდმაისტერი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ზაფხულში იყო, მაგრამ ჩვენც უკეთეს ფორმაში ვართ,“ - ამბობს ფავრი. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მიონხენგლადბახელებმა მიუნხენში 1:0 გაიმარჯვეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"