ვერცხლის სინისთვის ყველა გზა მიუნხენში მიდის?

AutoSharing Option
ჩემპიონატები ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში განახლდა... გარდა გერმანიისა. თუმცა გერმანიის ჩემპიონატის განახლებამდე ბევრიც აღარ დარჩა - ზუსტად 5 დღე.

მოსამზადებელი შეკრებები დასრულდა, ტრანსფერებიც განხორციელდა და ერთი სიტყვით, თუ სასწაული არ მოხდა (გერმანიაში კი ასეთი სასწაულები იშვიათად ხდება) ამ ხუთ დღეში კლუბებში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, დროა, განვიხილოთ, ვინ როგორ ფორმაში ხვდება მეორე წრეს.

როგორ ფორმაში არიან გუნდების წამყვანი მოთამაშეები? რა პრობლემებია ამა თუ იმ გუნდში? ვინ როგორ გაძლიერდა? ვის რა ელის სეზონის მეორე ნახევარში? და ყველაზე მთავარი: რა
შანსები აქვთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შემოდგომის ჩემპიონ "ბაიერნის" უმთავრეს კონკურენტებს?

შევეცდებით, ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ.

ბაიერნი: ჩემპიონობა გარდაუვალია?
კადრები: რეკორდმაისტერმა არავინ იყიდა და არავინ გაყიდა. ბასტიან შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდა და იდეალურ ფორმაშია.

პრობლემები: მეორე წრის პირველ მატჩს ფრანკ რიბერი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ანატოლი ტიმოშჩუკი და ლუის გუსტავო ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩებიან, რაც დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

პროგნოზი: "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ყველა დროის საუკეთესო მოსამზადებელ შეკრებაზე საუბრობს - მიუნხენელებმა 4 ტესტ-მატჩში 24 გოლი გაიტანეს. შვაინშტაიგერის დაბრუნებით "დონ იუპს" უკანასკნელი საკადრო პრობლემაც მოუგვარდა. "ბაიერნის" შეჩერება ძალიან ძნელი იქნება.

ფორმა: 95%

დორტმუნდი: ბარიოსი უკვე პრობლემაა!
კადრები: თუკი რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ლუკას ბარიოსს შეუძლია, წავიდეს. ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელები ახალ თავდამსხმელს იყიდიან. "ბორუსიადან" აბარგება ფლორიან კრინგესაც შეუძლია.

პრობლემები: მარიო გიოტცე ახალი გამოჯანმრთელებულია და აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მეკარე რომან ვაიდენფელერს მცირე ტრავმა აწუხებს. თუ ბარიოსი დარჩა, სკამზე ჯდომა მოუწევს, რაც მის უკიდურეს უკმაყოფილებას გამოიწვევს.

პროგნოზი: "დორტმუნდი" მეორე წრეშიც "ბაიერნის" ნომერ პირველი კონკურენტი იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონობა შეინარჩუნოს.

ფორმა: 55%

შალკეს საუკეთესო პერსპექტივა: ჩემპიონთა ლიგა
კადრები: ობასი (ჰოფენჰაიმიდან) მოვიდა, მორავეკი (აუგსბურგში) წავიდა. "შალკედან" წასვლის უფლება მარიკას, ხურადოს, ბაუმიოჰანს, უჩიდასა და სარპეისაც აქვთ.

პრობლემები: გელზენკირხენელებს ნახევარდაცვის ცენტრში უჭირთ - ჯონსი დისკვალიფიცირებულია (6 მატჩი), ჰოლტბი კი ტრავმირებული (მინიმუმ 2 თვე). გარდა ამისა, ფარფანი ფორმაში არაა და კლუბის ხელმძღვანელებთანაც კონფლიქტი აქვს. რაულთან ახალი კონტრაქტია გასაფორმებელი და "შალკეს" შეფებმა ეს რომ ვერ მოახერხონ, ფანებს გადაიმტერებენ.

პროგნოზი: იმისათვის, რომ "შალკე" "ბაიერნს" და დორტმუნდის "ბორუსიას" არ ჩამორჩეს, ჰუუბ სტევენსის გუნდში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ზოგადად, გუნდის საუკეთესო პერსპექტივა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

ფორმა: 65%

გლადბახი: ურთულესი მატჩები უახლოეს 4 ტურში
კადრები: პირველი წრის სენსაციურმა გუნდმა შემადგენლობა შეინარჩუნა. მეტიც: მიონხენგლადბახელები ორი ფეხბურთელით (რინგი, ჩიგერჩი) გაძლიერდნენ.

პრობლემები: მიუხედავად ზემოთქმულისა, მიონხენგლადბახში მაინც ყველა უკმაყოფილოა, რადგან გუნდის "მარგალიტი" მარკო როისი ზაფხულიდან დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავა. კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი ნოიშტედტერი კი სეზონის ბოლოს "შალკეს" მიაშურებს. აქედან გამომდინარე, არც ისაა ცნობილი, დარჩება თუ არა გუნდში წარმატებების უმთავრესი შემოქმედი, მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი.

პროგნოზი: "გლადბახს" მეორე წრის სტარტზე ურთულესი გამოცდები ელის - "ბაიერნთან", "შტუტგარტთან", "ვოლფსბურგთან" და "შალკესთან". თუ გუნდმა ამ მატჩებს გაუძლო, ფავრის ბიჭები ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოლებენ.

ფორმა: 80%

ვერდერი: მთავარია, პისარო იყოს კარგად
კადრები: "ვერდერი" ვესლის მყიდველს ეძებს. ფეხბურთელს, რომელშიც ბრემენელებმა თავის დროზე 7.5 მილიონი გადაიხადეს და რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, ბრაზილიაში დაბრუნება სურს. გამთამაშებელ მარინს "ინტერი" ეპატიჟება.

პრობლემები: "მუსიკოსების" მთავარი სისუსტეები დაცვის ხაზის ბედოვლათობა (31 გაშვებული გოლი) და გასვლით მატჩებში უსუსურობაა (მხოლოდ ორი გამარჯვება სტუმრად). დაცვის ბურჯ ნადლოს მოსამზადებელი შეკრება ტრავმის გამო გაუცდა.

პოროგნოზი: თუ კლაუდიო პისარო გოლების გატანას (12 გოლი პირველ წრეში) განაგრძობს, "ვერდერს" ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

ფორმა: 65%


ლევერკუზენი: დუტს მხოლოდ გამარჯვებები უშველის
კადრები: ლევერკუზენელები მარჯვენა მცველს ეძებენ. მიხაელ ბალაკმა დაადასტურა, რომ ეს მისი უკანასკნელი სეზონია ბუნდესლიგაში.

პრობლემები: ბარნეტა, სემი და რენატო ტრავმირებულები არიან. "ბაიერმა" "ვალვაიკთან" (1:3) და "ჰერენვენთან" (2:4) ტესტ-მატჩებში სამარცხვინო მარცხები განიცადა.
პროგნოზი: მწვრთნელი რობინ დუტი უმძიმესი წნეხის ქვეშაა. მას მხოლოდ მოგებათა სერიოზული სერია თუ უშველის. თეორიულად, "ბაიერს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

ფორმა: 60%

ჰანოვერი: არც იქით, არც აქეთ
კადრები: მწვრთნელი მირკო სლომკა ახალ თავდამსხმელს ითხოვს.

პრობლემები: "ჰანოვერში" ბევრი ფეხბურთელია ტრავმირებული. კარლიტოსს და ჰაუგერს ხანგრძლივი ტრავმები აქვთ. შულცი და აბდელაუ კი ერთი თვე დაისვენებენ. ია კონანი და ჰაგი აფრიკის თასზე თამაშობენ. იმის გამო, რომ ახალი თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ ჩანს, სლომკას ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაეძაბა.
პროგნოზი: "ჰანოვერი" არც გავარდება და სავარაუდოდ, ვერც ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს.

ფორმა: 40%

შტუტგარტი: ოცნებას არავინ მოუკლავს
კადრები: იაპონელი მცველი საკაი ჯერჯერობით ერთადერთი ახალწვეულია. მწვრთნელი ბრუნო ლაბადია თავდამსხმელსაც ითხოვს - კანდიდატი: ვოლფსბურგელი სრდიან ლაკიჩი. პოგრებნიაკს შეუძლია წავიდეს, "წითლები" მის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ითხოვენ.

პრობლემები: ბოკას, ბას და ტრაორეს სახით აფრიკის თასზე სამი ფეხბურთელი მონაწილეობს და მეორე წრის პირველ ტურებში "შტუტგარტს" სამივე დააკლდება.
პროგნოზი: შვაბებმა 2007 წლის საჩემპიონო სეზონის შემდეგ საუკეთესო პირველი წრე ჩაატარეს და ევროპის ლიგის საგზურზე ოცნებობენ, მაგრამ ეს ალბათ ოცნებადვე დარჩება.

ფორმა: 75%

ჰოფენჰაიმი: არ არის ფული, არ არის შედეგი
კადრები: გუნდში ნახევარმცველ ვიზერისა (ბაზელიდან) და მცველ თესკერის (ტვენტე) სახით ორი ახალწვეულია. სამაგიეროდ, "ჰოფემ" თავდამსხმელები დაკარგა: ობასი "შალკეში" გადავიდა, სიგურდსონი "სუონსიში".

პრობლემები: შესაბამისად, "სოფლელებს" სწორედ წინა ხაზში უჭირთ. თანაც, ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ 19 გოლი გაიტანა. საოცარია, რომ მიუხედავად ამისა, ორი თავდამსხმელი გაუშვეს. მოკლედ, ახლა ყველაფერი ვედად იბიშევიჩზეა (5 გოლი პირველ წრეში) დამოკიდებული.

პროგნოზი: გუნდის მფლობელი, მილიარდერი დიტმარ ჰოპი ბოლო დროს ძუნწობს. "ჰოფენჰაიმი" ცხრილის შუაში ყოფნისთვისაა განწირული.

ფორმა: 65%

კიოლნი: მთავარი თემა პოდოლსკია
კადრები: მაკინო (ურავაში), მატუშიკი (ფორტუნაში) და იონიცა (ბუქარესტში) უკვე წავიდნენ. გუნდიდან წასვლა პეცონის, ფრაისს და ვარვოდიჩსაც შეუძლიათ - "კიოლნი" მათ "კალთებს არ დაახევს". მილოვოე ნოვაკოვიჩი 4-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. "კიოლნს" თავდასხმაში სურს გაძლიერება.

პრობლემები: პოდოლსკი მე-18 ტურამდე გამოჯანმრთელებას ალბათ მოასწრებს, მაგრამ მისი მომავალი გაურკვეველია, რაც "თხებისთვის" სერიოზული პრობლემაა.

პროგნოზი: "კიოლნს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ალბათ არ დაემუქრება, მაგრამ საუკეთესო ათეულში მოხვედრაზე უკეთესი პერსპექტივაც არ აქვს.

ფორმა: 60%

ჰერტა: ბერლინი ელიტაში დარჩება
კადრები: ბერლინელებმა ზაფხულისთვის მარცხენა მცველი ბასტიანსი გაინაღდეს, თუმცა ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ფრაიბურგელს ახლავე გადაიბირებენ. "ჰერტას" მიხაელ სკიბეს სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს.

პრობლემები: ებერტი ახალ კონტრაქტზე ვაჭრობს, რაფაელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

პროგნოზი: წესით, ლევან კობიაშვილის გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. ფაქტია, რომ ბერლინელები მეტს ვერაფერს მიაღწევენ.

ფორმა: 70%

ვოლფსბურგი: გუნდი გამოცანა
კადრები: "ვოლფსბურგს" რვა (!) ახალი ფეხბურთელი ჰყავს: როდრიგესი და ლოპესი მცველები არიან, ირჟაჩეკი, მედოიევიჩი, ვიერინია, ჰასანი, სიო და სისოკო კი ნახევარმცველები, რომლებსაც თავდამსხმელობაც შეუძლიათ. სამაგიეროდ, გუნდი დატოვეს კალენბერგმა (ევიანშია), ჩიგერჩიმ (გლადბახში) და ჰლებმა (ბარსელონაში დაბრუნდა).

პრობლემები: დიდი შანსია, რომ ახლებს ადაპტაციის პერიოდი გაუგრძელდეთ. ასეთ შემთხვევაში "ვოლფსბურგი" ცხრილის შუაში დარჩება.

პროგნოზი: ფელიქს მაგათის გუნდები მეორე წრეს ყოველთვის კარგად ატარებენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, "ვოლფსბურგისგან" ჩემპიონობის გარდა ყველაფერია მოსალოდნელი.

ფორმა: 65%

ჰამბურგი: გადარჩენა რეალურია
კადრები: ტიორემ ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ 6 კვირას ლაზარეთში გაატარებს, გამოჯანმრთელებული თავდამსხმელი პეტრიჩი კი კარგ ფორმაშია.

პრობლემები: "ჰამბურგს" კიდევ ერთი თავდამსხმელი რომ დაუშავდეს, მწვრთნელ ტორსტენ ფინკს საქმე ცუდად ექნება. ზოგადად, მას მწირი სათადარიგოთა სკამი აქვს.

პროგნოზი: "ჰამბურგი" მეორე წრეს სამი ურთულესი საშინაო მატჩით იწყებს: "დორტმუნდთან", "ბაიერნთან" და "ვერდერთან". თუ ჩრდილოელები ამ სამიდან ორს მაინც მოიგებენ, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც კი რეალური გახდება. პროგრამა მინიმუმი ელიტაში დარჩენაა, რაც ფინკის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს.

ფორმა: 80%

მაინცი: ეს ის მაინცი აღარაა...
კადრები: ჰელერი "ინგოლშტადტში" გადავიდა, რისსეს და სვენსონს სერიოზული ტრავმები აქვთ, ივანშიტცი კი თებერვლამდე ვერ დაბრუნდება.

პრობლემები: სეზონის "მაინცისგან" მხოლოდ აჩრდილიღა დარჩა. თავდასხმა და დაცვა ძალიან არაეფექტურია და კლუბის ბოსები ამ ორი რგოლის გაძლიერებას ამიტომაც ცდილობენ.

პროგნოზი: საკმარისია, მაინცელებს მეორე წრის სტარტზე (მატჩები "ლევერკუზენთან", "ფრაიბურგთან" და "შალკესთან") გაუჭირდეთ, რომ თომას ტუხელის გუნდი გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაებმება.

ფორმა: 40%

ნიურნბერგი: გააჩნია სტარტს
კადრები: ახალწვეული ბალიტში ტრავმირებულია. ნილსონი, ბუნიაკუ და ფრანტცი გამოჯანმრთელდნენ.

პრობლემები: მეორე წრის პირველი მატჩისთვის (ჰერტასთან) ორივე მარჯვენა მცველი (ჩენდლერი და ფოილნერი) დისკვალიფიცირებულები არიან. პინოლას არგენტინაში ეპატიჟებიან.

პროგნოზი: "ნიურნბერგი" ელიტაში ადგილს უპრობლემოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მეორე წრეს კარგად დაიწყებს. ფრანკებს პირველი მატჩები "ჰერტასთან", "ჰანოვერთან", "დორტმუნდთან" და "აუგსბურგთან" უწევთ.

ფორმა: 55%

კაიზერსლაუტერნი: წინა ხაზი გაძლიერებულია
კადრები: "ეშმაკებს" ორი ახალი თავდამსხმელი ჰყავთ: სვიერჩოკი (პოლონია ბიტომიდან) და დანიელი იორგენსენი (იჯარა "ლევერკუზენიდან").

პრობლემები: "კაიზერსლაუტერნმა" პირველ წრეში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 13 გოლი გაიტანა და კლუბის ხელმძღვანელებმა წინა ხაზი ამიტომაც გააძლიერეს. მეკარე ტრაპმა კი ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა.

პროგნოზი: "ლაუტერნს" გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა და წესით, ეს უნდა შეძლოს.

ფორმა: 70%

აუგსბურგი: ისევ მეორე ბუნდესლიგა?
კადრები: "აუგსბურგმა" "შალკედან" ნახევარმცველი მორავეკი ინათხოვრა, თურკისა და მაიერის სახით კი (ჰაიდენჰაიმში გადავიდნენ), თავდასხმაში ბალასტი მოიშორა.

პრობლემები: ბუნდესლიგის დებიუტანტს გოლების გატანა ძალიან უჭირს - მხოლოდ 15 გოლი პირველ წრეში.

პროგნოზი: სარელეგაციო მე-16 ადგილის დაკავება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მაქსიმალური მონდომება და გამართლებაა საჭირო.

ფორმა: 75%

ფრაიბურგი: სასწაულები იშვიათად ხდება
კადრები: ფრაიბურგში დიდი ამბები და გაურკვევლობაა. ბოსებმა 6 ფეხბურთელი (მათ შორის კაპიტანი ბუტშერი) მოკვეთეს და მწვრთნელიც გაუშვეს - ზორგი შტრაიხმა შეცვალა. ჯერჯერობით ერთადერთი ახალწვეული დიანიეა.

პრობლემები: საკადრო ცვლილებებისა და მწვრთნელის შეცვლის შემდეგ "ფრაიში" ქაოსია. თანაც, ტოპ-თავდამსხმელი სისე (9 გოლი პირველ წრეში) და მისი შემცვლელი დემბელე აფრიკის თასზე არიან.

პროგნოზი: აუტსაიდერის ანგარიშზე მხოლოდ 13 ქულაა. "ფრაიბურგს" მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან მხოლოდ სასწაული თუ იხსნის.

ფორმა: 55%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული