ბრენო აიჭრა: მასულელებთ?

AutoSharing Option
22 წლის ბრაზილიელი მცველი ბრენო სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნება არც აქამდე იყო, ახლა კი ისეთი რამ თქვა, რომ "ბაიერნში" თავის დამკვიდრების უკანასკნელ შანსსაც უშვებს ხელიდან.

4 წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდმა ფეხბურთელმა მიუნხენში იმედები ვერ გაამართლა და იმისათვის, რომ თავის დროზე მასში გადახდილი 10 მილიონი წყალში გადაყრილ ფულად არ ჩაეთვალოთ, რეკორდმაისტერის ბოსებმა ბრენოს სეზონის ბოლომდე მართლა უკანასკნელი შანსი მისცეს, მაგრამ...

შაბათს ბრენომ "ბაიერნის" მეორე გუნდში 90 წუთი (ბურგჰაუზენთან 1:1) ითამაშა, რის გამოც კვირას, მიუნხენური გრანდის პირველ გუნდში აღარ მიიწვიეს -
"ბაიერნმა" "ერფურტთან" ტესტ-მატჩი ბრაზილიელის გარეშე მოიგო (4:0).

როგორც ჩანს, ბრენო განაწყენდა იმის გამო, რომ პირველ გუნდში არ ათამაშეს და სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: "ბაიერნის" მეორე გუნდში თამაში ნამდვილად არ მეთაკილება, იქ ბევრჯერ მითამაშია. პრობლემა ის არის, რომ მეორე გუნდსაც ამხანაგური მატჩი ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ პირველი გუნდის ტესტ-მატჩისთვის გამოძახებას ვიმსახურებდი. მე მგონი, მასულელებენ..."

აი, ასე გაისროლა ბრენომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებისკენ. არადა, როცა რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელი სკანდალში გაეხვა და საკუთარი ვილის განგებ გადაწვას აბრალებდნენ (ეს საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და არსებობს ეჭვი, რომ ბრენოს დაგროვილი ვალების გამო სადაზღვევო კომპანიის გასულელება სურდა), რეკორდმაისტერის შეფები მას ყველანაირად მხარში დაუდგნენ.

"ბილდის" კორესპონდენტი "ბაიერნის" მენეჯერ კრისტიან ნერლინგერს დაუკავშირდა და ბრენოს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ "ფიურტთან" გოლები ტონი კროოსმა, არიენ რობენმა, თომას მიულერმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული