პრინციპში, ერთი ჩვეულებრივი ტესტ-მატჩი (მოსამზადებელ შეკრებას ორივე კლუბი ბელეკში გადიოდა) ყურადღების ცენტრში არ მოექცეოდა, რომ არა ერთობ უცნაური ამბავი - შეხვედრა ისეთმა არბიტრმა იმსაჯა, რომელსაც მსაჯობის უფლება არ ჰქონდა და უფრო მეტიც: ის სულ სხვა არბიტრი ეგონათ.
სწორედ ამ ამბის გარკვევის შემდეგ მოექცა ეს შეხვედრა ყურადღების ცენტრში და ამოტივტივდა ორი საეჭვო დეტალიც: პენალტი, რომელსაც ათიდან მხოლოდ სამი
კაცი, რომელმაც "ვერდერისა" და "ალკმაარის" ამხანაგური დაპირისპირება იმსაჯა, ბულგარელი ლაჩესარ იონოვია, რომელიც ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ შარშან მოკვეთა და მას ფიფას ლიცენზიაც ჩამოართვეს. მიზეზი ის იყო, რომ იონოვმა არალეგალურად იმსაჯა ვენესუელისა (?!) და არგენტინის (?!) ჩემპიონატებში. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ "ვერდერისა" "ალკმაარის" ტესტ-მატჩში სულ სხვა არბიტრი, ასევე ბულგარელი რაიჩო რაიჩევი გახლდათ დანიშნული. იონოვმა კი თურქეთში თავი სწორედ რაიჩევად გაასაღა!
უცნაურ საიდუმლოს ფარდა მას მერე აეხადა, რაც ნამდვილმა რაიჩევმა ბულგარულ პრესას განუცხადა, თურქეთში არ ვყოფილვარ, იმ დღეს, როცა "ვერდერი" "ალკმაარს" შეხვდა, სახლში ვიყავიო. მანიპულაციის ან მანიპულირების მცდელობის ალბათობას კი ის ზრდის, რომ ფალშ-არბიტრმა ხსენებულ შეხვედრაში უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო: ჯერ იყო და "ვერდერის" კარში არდასანიშნი პენალტი დანიშნა, მერე კი, ჩვენი გერმანელი და ბულგარელი კოლეგების მტკიცებით, მატჩის ძირითად დროს აბსოლუტურად უმიზეზოდ 9 წუთი დაამატა! საკლუბო დონეზე ამხანაგურ მატჩში 9 წუთს უმიზეზოდ კი არა, საფუძვლიანი მიზეზითაც არ ამატებენ ხოლმე.
"ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი ამბობს, იმედი მაქვს, ამ მატჩის უკან ბინძური საქმე არ იმალებაო. დგას თუ არა ამ შეხვედრის უკან მართლაც მაფია? "ვერდერმა" საქმეში გერმანიის საფეხბურთო კავშირი ჩართო. ფაქტი ერთია: მანიპულატორებს თურქეთში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები ძალიან უყვართ, რადგან ასეთი მატჩების აბსოლუტური უმეტესობა ნაკლებადაა ხოლმე ყურადღების ცენტრში, ტოტალიზატორებში კი ფსონები თითქმის ყველა ასეთ ტესტ-მატჩზე იდება.
ახლო წარსულში, გამოძიების ყურადღების ცენტრში ანტალიაში გამართული ამხანაგური მატჩი (ბულგარეთი-ესტონეთი 2:2) იყო მოქცეული, რომელშიც ოთხივე გოლი პენალტებით გავიდა.
"ბილდის" ინფორმაციით, "ვერდერისა" და "ალკმაარის" ტესტ-მატჩზე ცხრა უდიდესი ტოტალიზატორი იღებდა ფსონებს. აქ არ შედის აზიური ბუკმეკერები, რომელთა გაკონტროლება და გადამოწმება უმეტესად შეუძლებელია.
ფაქტია ისიც, რომ მატჩი თურქული კომპანია "მუტლუ-სპორტსის" მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ბოსი ატალაი მუტლუ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:
"ჩვენს მიერ დაგეგმილ ტესტ-მატჩებზე მსაჯებს ანტალიის სააგენტო გვიგზავნის ხოლმე. თუ რომელ არბიტრს მოავლენენ, ამას ყოველთვის თამაშამდე ერთი საათით ადრე ვიგებთ."
როგორც წესი, გამოძიება მატჩით მაშინ ინტერესდება, თუ რომელიმე ტოტალიზატორში შეხვედრაზე დიდი ფული (მინიმუმ ერთი მილიონი) დაიდება. ამ შემთხვევაზე კი საქმე არ აღძრულა - როგორც ჩანს, ან "პატარა ფული" გაკეთდა (მაგალითად იმაზე, რომ დაინიშნებოდა პენალტი, ან გავიდოდა 2-ზე მეტი გოლი), ანაც მართლაც საოცარ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, ვერდერის ბოსი ალოფსი ამბობს, ამიერიდან ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მსაჯებს პასპორტებს შევუმოწმებო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"