ული ჰაინკესი ოლიჩს აქებს

AutoSharing Option
რაკი მიუნხენის "ბაიერნმა" იანვარში ტრანსფერებზე უარი თქვა, საფეხბურთო გერმანია რეკორდმაისტერისგან ხმაურიან ტრანსფერებს ზაფხულში ელის.

ამ დღეებში "ბაიერნთან" მიმართებაში არაერთი საინტერესო ფეხბურთელის გვარმა გაიჟღერა - პისარო, ბერბატოვი, ნიდერმაიერი, ჰიოვედესი.

ხელმძღვანელები დეტალებზე კონკრეტულად არ საუბრობენ, თუმცა რაღაც-რაღაცებს ადასტურებენ, რაღაც-რაღაცებს კი უარყოფენ.

სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი საზაფხულო გეგმებზე ამბობს, ჯერ კონკრეტულზე არაფერზე ჩამოვყალიბებულვართო, მაგრამ მის ამ განცხადებას ჩვენი გერმანელი კოლეგები არად აგდებენ. მათი აზრით, დიდია იმის შანსი, რომ პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ნერლინგერის გარეშე ჩამოყალიბებულიყვნენ. თუმცა ის კი ფაქტია, რომ
მიუნხენელებს არსად ეჩქარებათ - თანაც, მომავალი სეზონი ევროპის ჩემპიონატის გამო ხომ გვიან, 24 აგვისტოს დაიწყება.

"ბაიერნში" პრესის მიერ შემოგდებულ გვარებს არ ადასტურებენ. მეტიც, "ზებენერშტრასეზე" უკვე რამდენჯერმე ითქვა, რომ რეკორდმაისტერს არც კლაუდიო პისარო (33 წლის, ვერდერი, კონტრაქტი 2013 წლამდე) აინტერესებს, არც დიმიტარ ბერბატოვი (30/მანჩესტერ იუნაიტედი/2012) და არც გეორგ ნიდერმაიერი (25/შტუტგარტი/2014). ბენედიქტ ჰიოვედესის შემთხვევაში კი განსხვავებული ვითარებაა: რუმენიგე არ მალავს, რომ "შალკეს" 23 წლის მცველი, რომელსაც გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, "ბაიერნისთვის" "მეტ-ნაკლებად საინტერესო ფეხბურთელია".

ამ ეტაპზე რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების ყურადღება უფრო მეტად აქტუალურ შემადგენლობაზეა ფოკუსირებული. ფაქტია, რომ 37 წლის ჰანს იორგ ბუტი და 30 წლის დანიელ პრანიჩი წავლენ. 33 წლის დანიელ ვან ბუიტენს კონტრაქტი უმთავრდება და ალბათ ახალს გაუფორმებენ. იგივე ვითარებაშია ბრენოც.

ბოლო გაფრთხილება ბრენოს
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ბრაზილიელმა მცველმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" "ბაიერნის" ხელმძღვანელებს შეუტია - მასულელებენო. გუშინ 22 წლის მცველმა, რომელსაც რეკორდმაისტერში თავის დამკვიდრების უკანასკნელი შანსი აქვს, ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსები მისმა საქციელმა ძალიან გააბრაზა, მიუნხენური გრანდი ბრენოს მაინც არ დასჯის. რუმენიგეს თქმით, კლუბი თავს იკავებს ფეხბურთელისთვის რაიმე სახის სანქციის დაკისრებაზე. კალე იმედს იტოვებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრენოს სერიოზული სასჯელი აღარ ასცდება.

ოლიჩი: ვითარება შეიცვალა
ამასობაში, ივიცა ოლიჩის საკითხიც გასარკვევია. რაკი 32 წლის ხორვატი ტრავმებმა დატანჯა, მარიო გომესი კი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს, ივიცა მიუნხენიდან წასვლაზე ალაპარაკდა. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა - ოლიჩი უკმაყოფილო აღარ არის და "ბაიერნში" დარჩენას არ გამორიცხავს.

"ივიცა შეკრებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს 2009/2010 წლების სეზონი, როცა ოლიჩი "ბაიერნის" წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია იყო. მას მერე ივიცას ფეხბურთი ხეირიანად აღარ უთამაშია, რადგან ტრავმირებული იყო," - აცხადებს ნერლინგერი.

მოკლედ, ოლიჩს შანსი აქვს. ბავარიელთა მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ამბობს, ივიცას სახით მარიო გომესის იდეალური შემცვლელი მყავსო. ვნახოთ, დააკმაყოფილებს თუ არა ხორვატ თავდამსხმელს ეს სტატუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული