კარლ-ჰაინც რუმენიგეს დამცინავი ტონი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ბუნდესლიგის მეორე წრეს ერთობ თავდაჯერებულები რომ ხვდებიან, ამაზე უკვე არაერთხელ დავწერეთ. გერმანიის ჩემპიონატის განახლებამდე ორი დღით ადრე (ხვალ, მიუნხენური კლუბი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სტუმრობს), რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კონკურენტებზე, რბილად რომ ვთქვათ, აგდებით ილაპარაკეს.

რუმენიგემ "ბაიერნის" უმთავრესი კონკურენტისკენ, დორტმუნდის "ბორუსიასკენ" გაისროლა: "დღეს ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ "დორტმუნდი" ნელ-ნელა "ბაიერნის" დონეს უახლოვდება და რომ ჩვენ "ბორუსიასი" უნდა გვეშინოდეს. პირდაპირ ვიტყვი: "დორტმუნდის" ოდნავადაც არ გვეშინია! ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კლუბმა მართლაც განიცადა
პროგრესი, მაგრამ გადახედეთ, როგორი შედეგები აჩვენა ევროტურნირებზე და "ბაიერნის" დონესთან მიახლოვებაზე მერე ვილაპარაკოთ."

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს "დორტმუნდი" ევროპა ლიგაში თამაშობდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა, 2011-ში კი, გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაში სცადა ბედი, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეტიც, BVB ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ტონი კროოსი კი ხვალინდელ მატჩს გამოეხმაურა: "მომკალით და "გლადბახს" სერიოზულ კონკურენტად ვერ აღვიქვამ. პარასკევს აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვიგებთ კიდეც. საერთოდაც, ლიდერობას ბოლო ტურამდე არ დავთმობთ. ჩვენი მიზანი მეორე წრის პირველივე შეხვედრაში ხმაურიანი გამარჯვების მოპოვებაა, რათა ყველამ გაიგოს, რომ წელს გერმანიის ჩემპიონი აუცილებლად "ბაიერნი" გახდება!" - აცხადებს 22 წლის ნახევარმცველი "შპორტ ბილდითვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ "ბაიერნი" დორტმუნდს სამი ქულით უსწრებს, ხვალინდელ მეტოქე "გლადბახს" კი - ოთხით. თუმცა მიუნხენელებს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ სეზონში მათ პირველი მარცხი სწორედ "გლადბახთან" იგემეს - პირველ ტურში "ალიანს არენაზე" 0:1 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში "ბაიერნმა" მიონხენგლადბახში ასევე ვერ მოიგო - 3:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული