კონტრაქტი 2016 წლამდე, 9-ნომრიანი მაისურა, მისია: გოლები!

AutoSharing Option
როგორც იქნა, "შტუტგარტმა" თავდასხმა გააძლიერა. შვაბებმა გუშინ "ჰოფენჰაიმიდან" ბოსნიელი ცენტრფორვარდის, ვედად იბიშევიჩის ტრანსფერი სრულყვეს.

27 წლის ვედომ, რომელიც "შტუტგარტში" გუშინვე წარადგინეს და 9-ნომრიანი მაისურა გადასცეს, VFB-სთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაბებს იბიშევიჩის ტრანსფერი დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

"მიხარია, რომ ტრანსფერი გამოვიდა. "შტუტგარტი" დიდი გუნდია და აქვს იმის პოტენციალი, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ბედნიერი ვარ, რომ ამიერიდან მეც ამ კონცეფციის ნაწილი ვხდები და თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ "შტუტგარტის" ფორმით
ბევრი გოლი გავიტანო.

"ჰოფენჰაიმთან" ერთად "მერსედეს-ბენც-არენაზე" არაერთხელ მითამაშია და ამ სტადიონზე შექმნილი საფეხბურთო ატმოსფერო ყოველთვის ძალიან მომწონდა," - განაცხადა იბიშევიჩმა მისი პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

ასე რომ, "შტუტგარტის" მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას შეუძლია, შვებით ამოისუნთქოს. როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ის დღენიადაგ ერთსა და იმავეს იმეორებდა - ახალი ფორვარდი მჭირდებაო. იბიშევიჩამდე შვაბები "ვოლფსბურგში" დაწუნებულ თავდამსხმელ სრდიან ლაკიჩს უმიზნებდნენ, მაგრამ მათთვის პირველი კანდიდატი სწორედ იბიშევიჩი იყო.

"კიკერის" ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ლაკიჩი "ვოლფსბურგიდან" "ჰოფენჰაიმში" გადავა და იქ სწორედ იბიშევიჩს შეცვლის. "ჰოფეს" მფლობელ დიტმარ ჰოპს ბოსნიელის გაშვება არ უნდოდა - მთავარი გოლეადორის გაყიდვით დიდ რისკზე მივდივართო - მაგრამ ბოლოს ტრანსფერს მაინც დათანხმდა.

ვედად იბიშევიჩი "ჰოფენჰაიმში" 2007 წლიდან თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი 5 გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგი არაფერზე მეტყველებს, მაგრამ ყველას გეხსომებათ 2008/2009 წლების სეზონი, როცა "ჰოფენჰაიმისთვის" ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში მან 17 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მაშინ "სოფლელებმა" ყველასათვის მოულოდნელად პირველი წრეც მოიგეს.

იმ სეზონის მეორე წრეში ვედოს მძიმე ტრავმის გამო აღარ უთამაშია და "ჰოფენჰაიმიც" ბოლოს მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. საერთო ჯამში, ბოსნიელ თავდამსხმელს ბუნდესლიგის 116 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი.

"თავდასხმაში ახალი სისხლი გვჭირდებოდა და ვფიქრობ, იდეალური ტრანსფერი გავჩარხეთ. იბიშევიჩი "შტუტგარტისთვის" ზედგამოჭრილი ფორვარდია და ჩვენც უკან აღარ დავიხიეთ," - ეს შვაბენლანდური კლუბის სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის სიტყვებია.

იბიშევიჩს "შტუტგარტში" სამი კონკურენტი დახვდა - კაკაუ, იულიან შიბერი და პაველ პოგრებნიაკიც ხომ ცენტრალური თავდამსხმელები არიან. თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ რუსი პოგრებნიაკი, რომელსაც "შტუტგარტთან" კონტარქტი უმთავრდება, ზაფხულში წავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული