ბუნდესლიგა. მწვრთნელების შედარება

AutoSharing Option
მე-19 ტურის წინ ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მართალია, მხოლოდ მიუნხენში აღიარებენ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძვიან, მაგრამ რაც უნდა ეცადონ თავის არიდებას, ფაქტი ფაქტად რჩება: დღესდღეობით "ბაიერნს", დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" 37-37 ქულა აქვთ, მიონხენგლადბახის "ბორუსია" კი მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. თანაც, ეს გუნდები ისეთ ფორმაში არიან, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, "ვერდერი" და "ლევერკუზენი" მათ კონკურენციას ვერ გაუწევენ. ასე რომ, ლოგიკურად, პირველობისთვის ოთხთაბრძოლა უნდა ვიხილოთ.

ვის დარჩება "ვერცხლის სინი"? დაგვეთანხმებით, მწვრთნელები უმნიშვნელოვანეს როლს
თამაშობენ და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ "ბაიერნის", "დორტმუნდის", "შალკეს" და "გლადბახის" თავკაცები ერთმანეთს შევადაროთ.

იუპ ჰაინკესი
66 წლის, ბაიერნი

სერიოზული წარმატებები: "დონ იუპმა" მწვრთნელის რანგში, "ბაიერნთან" ერთად ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი - 1989 და 1990 წლებში. 1998 წელს ჰაინკესმა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
სერიოზული წარუმატებლობა: 1991 წლის ოქტომბერში "ბაიერნიდან" გაათავისუფლეს.
მოტივაციის ტრიუკები: ფეხბურთელებს ხშირად ესაუბრება - უმეტესად ცალკე.
მართვის სტილი: მკაცრი, მაგრამ გულახდილი და მეგობრული.
საუკეთესო ციტატა: "ული ჰიონესს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორ ცხოვრობს და მუშაობს ფრანც ბეკენბაუერიც. მგრძნობიარე მწვრთნელებს მათთან თანამშრომლობას არ ვურჩევ."

იურგენ კლოპი
44 წლის, ბორუსია (დ)

სერიოზული წარმატება: გერმანიის ჩემპიონობა "დორტმუნდთან" ერთად, 2011 წელს.
სერიოზული წარუმატებლობები: შემოდგომაზე მისმა "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა - დორტმუნდელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. 2007 წელს კლოპის გაწვრთნილი "მაინცი" პირველიდან მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.
მოტივაციის ტრიუკები: ფეხბურთელები ამბობენ, რომ კლოპი იდეალური მოტივატორია და ყოველთვის ახერხებს მოთამაშეების აზრზე მოყვანას. იურგენი ხშირად ულაწუნებს სახეში შეგირდებს და ეს მისგან არავის სწყინს. სამაგიეროდ, კლოპი ყოველთვის ბოლომდე იცავს თავის შეგირდებს და მათ ბოლომდე ენდობა. მაგალითად, შარშან ნური შაჰინმა (ახლა "რეალში" თამაშობს) ზედიზედ სამი პენალტი ვერ გაიტანა და მიუხედავად ამისა, კლოპი ამბობდა, 100-ჯერ რომ ვერ გაიტანოს, 101-ე თერთმეტმეტრიანსაც მას დავარტყმევინებო...
მართვის სტილი: ფეხბურთელებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ როცა სჭირდება, ავტორიტარია.
საუკეთესო ციტატა: "საფეხბურთო თვალსაზრისით, აქტიური სპორტული კარიერის დროს იურგენ კლინსმანზე მეტად ლიმიტირებული ვიყავი."

ჰუუბ სტევენსი
58 წლის, შალკე

სერიოზული წარმატებები: სტევენსმა 1997 წელს "შალკეს" უეფას თასი მოაგებინა, 2001 და 2002 წლებში კი გელზენკირხენში გერმანიის თასსაც დაუდო ბინა. 2010 წელს მის მიერ გაწვრთნილი "ზალცბურგი" ავსტრიის ჩემპიონი გახდა.
სერიოზული წარუმატებლობა: 2003 წელს სტევენსი ბერლინის "ჰერტადან" გააგდეს.
მოტივაციის ტრიუკები: ყოველი მატჩის წინ, გასახდელში კიდებს წერილებს, სადაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელების სუსტ და ძლიერ მხარეებზეა საუბარი.
მართვის სტილი: უყვარს დისციპლინა, ხშირად იღებს მოულოდნელ გადაწყვეტილებებს.
საუკეთესო ციტატა: "გუნდში ყველა მნიშვნელოვანია. თვით ბალახის მკრეჭავიც!"

ლუსიენ ფავრი
54 წლის, ბორუსია (მ)

სერიოზული წარმატებები: მწვრთნელის რანგში ორჯერ იყო შვეიცარიის ჩემპიონი (2006, 2007) და თასის მფლობელი (2001, 2005). 2011 წელს მიონხენგლადბახის "ბორუსია" სეზონის მიწურულს ჩაიბარა და გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაარჩინა.
სერიოზული წარუმატებლობა: 2009 წელს ბერლინის "ჰერტადან" გაათავისუფლეს.
მოტივაციის ტრიუკები: თითოეული შეგირდისთვის მეტოქის შესახებ ინდივიდუალურ ვიდეო-კლიპს ამზადებს ხოლმე.
მართვის სტილი: ფეხბურთელებს არასდროს მიმართავს შენობით. ფავრი ყველა შეგირდისთვის ავტორიტეტია და ამის მიზეზი უმეტესად მისი კომპეტენციაა.
საუკეთესო ციტატა: "2011 წელს "გლადბახს" ჩემს ადგილზე, ამაზე მეტს ვერც მოურინიო და გვარდიოლა შეაძლებინებდნენ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული