დაპირისპირება - მიხაელ ბალაკი "ლევერკუზენს" განუდგა!

AutoSharing Option
ლევერკუზენის „ბაიერსა“ და მიხაელ ბალაკს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და დიდი შანსია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და „ფარმაცევტების“ გზები ახლავე გაიყაროს.

გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა თქვა, „პროექტი სახელწოდებით ბალაკი, ჩაიშალაო“ და მიხაელთან ნაადრევი განშორება არ გამორიცხა. ამასობაში, მიხაელის მრჩეველმა „ლევერკუზენის“ შეფებს შეუტია.

ვითარებამ დაძაბულობის პიკს ჰოლცჰოიზერის სიტყვებით მიაღწია: როცა კლუბის ბოსი „ბალაკის პროექტს“ ჩაშლილად აცხადებს, ცხადი ხდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე აქამდე გვეგონა - გვეგონა ის, რომ საქმე მხოლოდ მხოლოდ ბალაკისა და მწვრთნელ რობინ
დუტის დაპირისპირებას ეხებოდა. ჰოლცჰოიზერმა კი ისიც თქვა, 20 თვის წინ ყველანი ბედნიერები ვიყავით, მიხაელი რომ გადმოვიბირეთ და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ პროექტს ასეთი ცუდი გაგრძელება ექნებოდაო.

ამ განცხადებას წინ უძღოდა „მაინცთან“ მატჩი, რომელშიც დუტმა ბალაკი ნაადრევად შეცვალა, მიხაელმა კი მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. ამავდროულად, ლევერკუზენელმა ფანებმა დუტს უსტვინეს და ბალაკის სახელს სკანდირებდნენ.

ამის გამო მიხაელი ჰოლცჰოიზერმა და სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა დაიბარეს, ცხადია, გამოლანძღეს და მერე თქვეს, მიხაელისგან მეტს ველოდით, მან კი პუბლიკის დამშვიდების ნაცვლად, მწვრთნელისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვაო.

ჰოლცჰოიზერმა მიხაელის პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა, რამაც ბალაკის მრჩეველი მიხაელ ბეკერი განარისხა. ამ უკანასკნელმა ჰოლცჰოიზერსა და ფიოლერს შეუტია:

„ეს იაფფასიანი ტრიუკია, რითაც მათ იმ პრობლემების მიჩქმალვა სურთ, რაც მწვრთნელთან აქვთ. ბალაკი კი ამ შემთხვევაში უბრალოდ მსხვერპლია. განა სულ რაღაც ორი კვირის წინ არ იყო, მიხაელს ყველანი რომ აქებდნენ? ახლა, მიუხედავად იმისა, რომ „ლევერკუზენმა“ „მაინცთან“ გაიმარჯვა, ფანებმა მწვრთნელს მაინც უსტვინეს.

რაკი, როგორც ჩანს, დუტის გაშვება არ შეუძლიათ, განტევების ვაცად ბალაკი აქციეს. ჰოლცჰოიზერი სისულელეებს ლაპარაკობს!

გასულ სეზონში, „ბაიერი“ მიხაელ ბალაკთან ერთად გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა!“ - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მრჩეველმა.

მიუხედავად ამისა, დღეს ბალაკი „ლევერკუზენის“ სათადარიგოთა სკამზე იჯდება, თუმცა მასთან ნაადრევი, მეტიც, მყისიერი განშორება გამორიცხული აღარაა – ჰოლცჰოიზერმა თქვა, ხვალ რომ დამირეკონ, ბალაკის შესახებ ყველას სიამოვნებით დაველაპარაკებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული