გერმანიის თასი. 1/4 ფინალის წინ

AutoSharing Option
დღეს და ხვალ, გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩებია. პირველი ნახევარფინალისტი დღეს გამოვლინდება, დანარჩენი სამი კი - ხვალ. მეოთხედფინალს საღამოს გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" და ამ ეტაპამდე სენსაციურად მოსული, მეოთხელიგელი "ჰოლშტაინ კილის" პაექრობა გახსნის.

"ჰოლშტაინ კილი" პირველი მეოთხელიგელია ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომელმაც გერმანიის თასის მეოთხედფინალში გააღწია და ეს ამ გუნდისთვის უკვე უდიდესი მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ 11 წლის წინ ასეთივე წარმატებას "მაგდებურგმა" მიაღწია.

კილელებმა ამ სეზონში გზიდან ჯერ მეორებუნდესლიგური კლუბები, "კოტბუსი" და "დუისბურგი" ჩამოიცილეს, მერვედფინალში კი ელიტის წარმომადგენელი "მაინციც" დაამარცხეს. ეს
ყველაფერი კი უდიდესი მონდომების, ბრძოლისუნარიანობისა და რა თქმა უნდა, იღბლიანობის დამსახურებაცაა.

ახლა კი, "ჰოლშტაინ კილს" უმაღლესი კალიბრის მეტოქე ელის: გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი, დორტმუნდის "ბორუსია". "შავ-ყვითლებს" მარიო გიოტცეს შემდეგ სვენ ბენდერიც მძიმედ დაუშავდათ, თუმცა წესით, უსუსტესი მეტოქის დამარცხება მათ გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ.

ფაქტია, რომ ბენდერს ნახევარდაცვის ცენტრში 19 წლის ლაიტნერი შეცვლის და შესაძლოა, BVB-ს მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე სათადარიგო ფეხბურთელი ათამაშოს.

დღეს
ჰოლშტაინ კილი-ბორუსია (დ) 23:30

ხვალ
ჰოფენჰაიმი-ფიურტი 22:00
ჰერტა-ბორუსია (მ) 22:00
შტუტგარტი-ბაიერნი 23:30


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული