გერმანიის თასი. 1/4 ფინალი: "შტუტგარტი" თუ მაინც მიუნხენის "ბაიერნი"?

AutoSharing Option
გერმანიის თასი. 1/4 ფინალი
გუშინ
პოლშტაინ კილი-ბორუსია (დ) 0:4

დღეს
ჰოფენჰაიმი-ფიურტი 22:00
ჰერტა-ბორუსია (მ) 22:00
შტუტგარტი-ბაიერნი 23:30

გერმანიის თასის მეოთხედფინალმა სტარტი გუშინ, „ჰოლშტაინ კილისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ჯახით აიღო, დღეს კი დანარჩენი სამი მატჩი გაიმართება: ძალიან საინტერესოა ბერლინში გასამართი მატჩი, რომელშიც „ჰერტა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მასპინძლობს - ამ უკანასკნელს ხომ ერთ დროს ბერლინიდან გაგდებული ლუსიენ ფავრი წვრთნის.

„ჰოფენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგის საკმაოდ ძლიერ კლუბს, „ფიურტს“ დაუხვდება, ხოლო მოგვიანებით კი მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩია: "შტუტგარტი“-„ბაიერნი“.

ფავრი: ბერლინის გავლით ბერლინისკენ
ორი აზრი არ არსებობს, „გლადბახის“ შვეიცარიელი დამრიგებელი ყოფილი
გუნდის წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული იქნება და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ეს განწყობა შეგირდებსაც გადაადოს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ დუელში ფავორიტი სწორედ „გლადბახია“ - ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს რომ თავი დავანებოთ, ამ სეზონში მიონხენგლადბახელებმა თასიდან მისი მოქმედი მფლობელი „შალკე“ დაიფრინეს (3:1 მერვედფინალში).

ნოემბრის დასაწყისში, „გლადბახმა“ ბერლინში 2:1 მოიგო და ფავრი დღესაც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს, რადგან თუკი გერმანიის ჩემპიონობაზე ოცნება მისი გუნდისთვის, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადაჭარბებულია, გერმანიის თასის მოგება რეალობას ნამდვილად არ არის მოკლებული.

თუმცა თავად შვეიცარიელს ფავორიტის სტატუსის გაგონებაც კი არ უნდა და ამ დღეებში ხშირად იმეორებდა, თასზე ყველაფერი სხვაგვარადაა ხოლმე, ხომ გახსოვთ, „ჰაიდენჰაიმთან“ წარმატების მისაღწევად პენალტების სერია დაგვჭირდაო.

„ჰერტა“ კი სერიოზულ კრიზისშია - ლევან კობიაშვილის გუნდმა მიხაელ სკიბეს ხელში სამივე თამაში წააგო. 46 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები თასზე მაინც შეძლებენ წარმატების მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკიბეს თავზე უკვე მაგრად მოიღრუბლება.

ფიურტს შეუძლია!
„ჰოფენჰაიმმა“ მერვედფინალში „აუგსბურგი“ დაამარცხა, მაგრამ ამ უქმეებზე ამავე გუნდთან მხოლოდ 2:2-ს მიაღწია. ფაქტია, ეს „ის ჰოფენჰაიმი“ აღარ არის და შესაბამისად, მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი „ფიურტი“ დღეს უშანსოდ ნამდვილად არ არის.

აღსანიშნავია, რომ „ჰოფეს“ და „ფიურტს“ გერმანიის თასის ნახევარფინალში არასდროს უთამაშიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დუელში გამარჯვებული ასეთ წარმატებას პირველად მიაღწევს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პარასკევს „ფიურტი“ დრეზდენის „დინამოსთან“ კალენდარულ მატჩში 1:3 დამარცხდა. ვითომ, ძალები დაზოგეს?

გამოიყენებს შტუტგარტი ბაიერნის კრიზისს?
მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩი კი უდავოდ „შტუტგარტისა“ და „ბაიერნის“ ჯახია. შვაბთა თავკაცი ბრუნო ლაბადია გერმანიის თასის 15-გზის მფლობელ რეკორდმაისტერთან დუელის წინ ამბობს, ერთი კონკრეტული შეხვედრის მოგება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ, ამისათვის მთავარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთო.

პირდაპირ ვთქვათ: გერმანიის თასი „შტუტგარტისთვის“ ევროსარბიელზე მოხვედრის უკანასკნელი შანსია!

...მაგრამ შვაბებს „ბაიერნთან“ ბოლო სათასო დუელი ძალიან ცუდად ახსენდებათ: 2010 წლის დეკემბერში „შტუტგარტი“ მერვედფინალში „ბაიერნთან“ 3:6 განადგურდა, 2008/2009 წლის სეზონში კი, ასევე მერვედფინალში, „ბაიერნმა“ „შტუტგარტი“ 5:1 შეარცხვინა.

„ჰამბურგთან“ 1:1-ისა და შესაბამისად, ბუნდესლიგაში ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, მიუნხენელებს თავიანთი ფანებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. ტენდენცია კარგია: ბავარიელები გერმანიის თასის მეოთხედფინალში სულ 30-ჯერ იყვნენ და აქედან, 22 შემთხვევაში ნახევარფინალში გააღწიეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული