BOOMდესლიგა

AutoSharing Option
ბუნდესლიგამ ახალი რეკორდი დაამყარა - უფრო სწორად, ძველი, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა: პირველ წრეში, გერმანიის უმაღლეს ლიგაში საშუალოდ ერთ მატჩს 44 345 მაყურებელი ესწრებოდა, რაც არა მარტო გერმანული ფეხბურთის ისტორიაშია საუკეთესო შედეგი, არამედ ევროპაშიც.

ფეხბურთისადმი ინტერესი მეორე ბუნდესლიგაშიც გაიზარდა: პირველ წრეში იქ საშუალოდ ერთ მატჩს 17 125 მაყურებელი ესწრებოდა. საერთო ჯამში, ბუნდესლიგის პირველ წრეში ჩატარებულ 153 შეხვედრას 6.78 მილიონი ქომაგი დაესწრო, რაც წინა სეზონის პირველი წრის მაჩვენებელთან შედარებით, 7-პროცენტიან მატებას ნიშნავს.

"ეს რიცხვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატი შესანიშნავი
საფეხბურთო სანახაობაა და რომ ბუნდესლიგა ქომაგებს საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროსა და სპექტაკლებს სთავაზობს. გერმანულ კლუბებს ბილეთების ფასების საუკეთესო სტრატეგია აქვთ და მაყურებლებს იდეალურ კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიებსაც სთავაზობენ," - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე კრისტიან ზაიფერტი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მატჩებზე დასასწრები ბილეთები გაიაფდა: საშუალოდ ერთ მატჩზე დასწრება პირველი ბუნდესლიგის პირველ წრეში 22.43 ევრო ღირდა.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგას: იქ, შარშანდელთან შედარებით (13 474 მაყურებელი საშუალოდ ერთ მატჩზე), მაყურებლების 27-პროცენტიანი მატებაა (17 125 მაყურებელი საშუალოდ ერთ მატჩზე). საერთო ჯამში, პირველ და მეორე ბუნდესლიგებში ჩატარებულ 306 შეხვედრას ამ სეზონის პირველ ნახევარში 9.40 მილიონი მაყურებელი დაესწრო და საერთო მატება ერთ მილიონს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული