საფრანგეთის ნაკრებთან კაპიტნის გარეშე

AutoSharing Option
ხვალ სანაკრებო ამხანაგური მატჩების დღეა და როგორც იცით, გერმანია საფრანგეთს ეთამაშება. ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ამ მატჩისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია ჯერ კიდევ წინა კვირაში გამოაქვეყნა, მაგრამ მას მერე რაღაც-რაღაცები შეიცვალა: გერმანიის ნაკრებს ტრავმების გამო კაპიტანი ფილიპ ლამი (ბაიერნი) და დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი გამოაკლდნენ.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიოვმა განაცხადა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა მიროსლავ კლოზეს ასპარეზობაც. მიუხედავად ამისა, "იოგი" ახალ მოთამაშეებს არ უხმობს.

ლამის თამაში კვირას გამოირიცხა - ბუნდესკაპიტანმა "შალკესთან" მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. ლიოვს კვირასვე შეუთავალა უარი ბენდერმაც.
მართალია, მერე გაირკვა, რომ სვენს სერიოზული ტრავმა არ აქვს, მაგრამ ლიოვის თქმით, საფრანგეთთან მისი თამაში სარისკო იქნებოდა, რის გამოც იოგიმ დორტმუნდელს სახლში დარჩენის ნება დართო. ამით გამოირიცხა ის, რომ ტყუპებს, სვენ და ლარს ბენდერებს (ლარსი "ლევერკუზენში" თამაშობს) გერმანიის ნაკრებში ერთად პირველად ეთამაშათ...

თუმცა ჩვენს გერმანელ კოლეგებს გუშინდელ პრესკონფერენციაზე პირველ რიგში ის აინტერესებდათ, ვინ შეცვლის ლამს დაცვის მარცხენა ფლანგზე და ხომ არ ათამაშებს ლიოვი "ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზეს - იმის გამო, რომ შეხვედრა ბრემენში გაიმართება. გერმანიის ნაკრების თავკაცმა ამ კითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ საკადრო საკითხებს ორშაბათს, მაგრამ გვიან გადაწყვეტდა. მცირე ტრავმა აწუხებს კლოზესაც, მაგრამ დიდია იმის შანსი, რომ მატჩამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. თუ კლოზე ითამაშებს, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს.

ლიოვს იმედი აქვს, რომ საფრანგეთთან შეხვედრა მისთვის ნაყოფიერი იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის თვალსაზრისით. ამ მატჩში იოგი შედეგს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს: "2006 წლის მუნდიალის წინ იტალიასთან ამხანაგურ მატჩში 1:4 რომ დავმარცხდით, გერმანია ცრემლებით აივსო, მე კი ეს ძალიან არ მომეწონა.

ასეთ ტესტ-მატჩებში შედეგს არ აქვს დიდი მნიშვნელობა - ფრანგებიც და ჩვენც დიდი ტურნირისთვის ვემზადებით და არ მინდა, რომ პრესამ ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოაქციოს," - თქვა ლიოვმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერ გუნდად მიიჩევს: "ლორან ბლანის ხელში საფრანგეთის ნაკრები სტაბილური და ძლიერი გუნდია, ჰყავს შესანიშნავი დაცვის ხაზი და ბრწყინვალე თავდამსხმელები.

მას მერე, რაც გუნდი ბლანმა ჩაიბარა, ფრანგებს პროგრესი აშკარად დაეტყოთ. დღეს ეს გუნდი რადიკალურად განსხვავდება იმ სამარცხვინო კოლექტივისგან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვნახეთ. ჩემი აზრით, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წაუგებელი მარტო გერმანიის ნაკრები არ ყოფილა, შარშან არც ფრანგები დამარცხებულან."

კითხვებზე, თუ რატომ არ იძახებს "ვერდერის" ნახევარმცველ მარკო მარინს და "გლადბახის" თავდამსხმელ მაიკ ჰანკეს, ლიოვმა ასევე არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ ბუნდესგუნდის სამწვრთნელო შტაბი ნაკრების ყველა შესაძლო კანდიდატს გულდასმით აკვრიდება. ამასთან, ლიოვმა ისიც არ გამორიცხა, რომ პოლონეთსა და უკრაინაში ლამის გარდა კიდევ ორი მარცხენა მცველი, დორტმუნდელი მარსელ შმელცერი და ჰამბურგელი დენის აოგო წაიყვანოს.

ასეთი მიდგომა ლიოვს იმის საშუალებას მისცემს, რომ ლამი საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველის პოზიციაზეც მოიაზროს - როგორც იცით, გერმანიის ნაკრებს ყველაზე მეტად სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული