ნუთუ სამივე წავა?

AutoSharing Option
"ბაიერნთან" დამარცხების (0:2) შემდეგ, ფაქტობრივად ცხადი გახდა, რომ "შალკე" გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდება.

მართალია, სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 11 ტურია დარჩენილი და რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის დღევანდელი მდგომარეობა ლევან ყენიას კლუბს "ვერცხლის სინის" მოპოვების შანსს მინიმუმამდე უმცირებს.

მიუნხენში განცდილი მარცხის შემდეგ "შალკე" ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე 8 ქულით ჩამორჩება, რაც 23 ტურის შემდგომი მდგომარეობისთვის ზედმეტად დიდი ჩამორჩენაა. ბევრი მარჩიელობა არცაა საჭირო, რადგან ხსენებული მატჩის შემდეგ თავად შალკელებმა თქვეს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთო.

სამაგიეროდ, გელზენკირხენული კლუბის
გულშემატკივრები პირველობაზე საგაისოდ ოცნებობენ, მაგრამ შეიძლება მოველენები ისე განვითარდეს, რომ ოცნების სამომავლო კოშკებიც ახლავე დაენგრეთ.

საქმე იმაშია, რომ დიდია იმის შანსი, ზაფხულში "შალკედან" სამივე მთავარი შემტევი წავიდეს. რაც დრო გადის და ზაფხული ახლოვდება, გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი უფრო და უფრო ნერვიულობს იმაზე, რომ რაულმა (34 წლის), კლაას-იან ჰუნტელაარმა (28) და ჯეფერსონ ფარფანმა (27) შეიძლება "შალკე" დატოვონ, რაც "შალკესთვის" მოვლენების განვითარების საშინელი სცენარია, რადგან ამ გუნდში ამინდს პირველ რიგში სწორედ ეს ფეხბურთელები ქმნიან. თავად განსაჯეთ: "შალკეს" ბუნდესლიგაში სულ 50 გოლი აქვს გატანილი და აქედან 31 (ანუ, 62 პროცენტი) სწორედ ამ ტრიოს ანგარიშზეა.

რაულის პრობლემა
რაულის მრჩეველ ხინეს კარვახალსა და "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს რაულის ახალი კონტრაქტის შესახებ კონკრეტული მოლაპარაკებები აქამდეც უნდა გაემართათ, მაგრამ შეხვედრა ჯერ კიდევ არ შემდგარა. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან საუბრისას ჰელდტმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის დანიშნული. ჰელდტს მიზეზებზე არ უსაუბრია, "ბილდი" კი საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი გუნდის ხელმძღვანელებზე ნაწყენია.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, "შალკე" რაულს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს და ხელფასს წელიწადში 7 მილიონიდან, 4 მილიონ ევრომდე უმცირებს. რაულს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი და ოდნავ მეტი ხელფასი უნდა. ესპანელი დაბალ ხელფასს კიდევ დათანხმდებოდა, ერთწლიან ხელშეკრულებას კი ხელს არაფრისდიდებით არ მოაწერს. მოკლედ, ირკვევა, რომ სანამ "შალკე" მას ორწლიან კონტრაქტს არ შესთავაზებს, კონკრეტული მოლაპარაკებები არ გაიმართება.

ჰუნტელაარის პრობლემა
ჰოლანდიელ თავდამსხმელს განსხვავებული პრობლემა აქვს - უფრო სწორად, ეს "შალკესთვისაა" პრობლემა, თორემ თავად ჰუნტელაარი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. მართალია, გელზენკირხენელებთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში "შალკედან" წასვლა შეუძლია - თუკი მის სანაცვლოდ რომელიმე გუნდი კონკრეტულ თანხას, 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჰუნტელაარს მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი აქვს გატანილი და მარიო გომესთან ერთად ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, დიდი შანსია, რომ ზაფხულში ევროპის რომელიმე გრანდმა მასში მართლაც გადაიხადოს 20 მილიონი. საერთოდ, ჰოლანდიელი ფორვარდი "შალკეში" ძველებურად გაიხსნა და ამ კლუბის ფორმით ჩატარებულ 34 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი, რაც გრანდებს მადას აღუძრავს.

"შალკესთვის" თავის დასაზღვევად ერთადერთი გამოსავალი ჰოლანდიელისთის ახალი კონტრაქტის შეთავაზებაა, მაგრამ გელზენკირხენელები ამ ნაბიჯს ჯერ ვერ დგამენ. თავად ფეხბურთელი კი ამბობს, "შალკეში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ ზაფხულისთვის არაფერს გამოვრიცხავო.

ფარფანის პრობლემა
პერუელი გარემარბის წასვლა კი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რადგან ფარფანი, რომელსაც "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კლუბისგან ჯიბის ფულის სახით დაუჯერებელ თანხას, 14 მილიონ ევროს ითხოვს. წარმოუდგენელია, რომ "შალკემ" ფარფანს ეს თანხა მხოლოდ იმისთვის გადაუხადოს, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, თუმცა მენეჯერი ჰელტი იმედოვნებს, რომ ფარფანი ზაფხულამდე გონს მოეგება და ფირფიტას შეცვლის.

"თუ აზრს არ შეიცვლის, მისთვის კარი ღიაა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ფარფანს "შალკედან" წასვლა უნდა," - აცხადებს "ხუმარების" მენეჯერი. თავად პერუელი კი ესპანეთში თამაშზე ოცნებობს.

ერთი სიტყვით, ჰელდტს და "შალკეს" სხვა შეფებს მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებით ყოფნა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ზაფხულში სამივე ლიდერი დაკარგონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული