გერმანია. ბუნდესლიგა. XXIV ტური: მიუნხენელები ერთმანეთს დაერივნენ!

AutoSharing Option
აბა, გაიხსენეთ, როდის დარჩა ბოლოს მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ ორი სეზონი გერმანიის ჩემპიონობის გარეშე? გიჭირთ? ჩვენც გაგვიჭირდა! ეს 1995 და 1996 წლებში მოხდა. მაშინ ბუნდესლიგა ორივეჯერ დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო.

ისტორია მეორდება? სწორედ ასეა! დიდი შანსია, რომ რეკორდმაისტერი ზედიზედ მეორე სეზონში "ვერცხლის სინის" გარეშე ისევ "დორტმუნდმა" დატოვოს.

ბაიერნი ბომბზე ზის
"ამ თამაშის შემდეგ ჩვენ აღარ გვაქვს გერმანიის ჩემპიონობაზე ლაპარაკის უფლება", - ასეთი იყო "ლევერკუზენთან" 0:2-ის შემდეგ "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, კრისტიან ნერლინგერის განაჩენი.

მისი განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურ-ლეგიტიმური გახლდათ, რადგან გარდა იმისა, რომ დორტმუნდის
"ბორუსიასთან" ჩამორჩენა უკვე შვიდ ქულას შეადგენს, "ბაიერნში", უბრალოდ, რაღაც ვერ არის წესრიგში. ამ შემთხვევაში "ლევერკუზენთან" წაგებაშიც არ არის საქმე - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 წელიწადში "ბაიერმა" "ბაიერნს" პირველად მოუგო. გაცილებით საყურადღებო იყო ის, რომ თამაშის დაწყებიდან 29 წუთის შემდეგ ჟერომ ბოატენგმა და თომას მიულერმა იჩხუბეს და ერთმანეთისკენ ისე იწევდნენ, ცოტაც და, გვარიანი მუშტი-კრივი გაიმართებოდა.

ბოატენგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მიულერი დაცვას ჯეროვნად ვერ მიეხმარა და რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს უღრენდნენ და ღრიალებდნენ. ისინი რაფინიამ და კაპიტანმა ლამმა გააშველეს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ამაში საოცარი ვერაფერი დაინახა.

"თანაგუნდელების უთანხმოებაში გასაოცარი არაფერია. პირიქით, მე მიხარია კიდეც, მოსაზრებები ემოციურად რომ გამოხატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ", - თქვა დონ იუპმა.

არადა, თამაშის შემდეგ მიულერმაც და ბოატენგმაც კომენტარების გაკეთებაზე უარი თქვეს. თომასმა მხოლოდ ეს თქვა - რაც უნდა იყოს, ქულებს მაინც ვერ დავიბრუნებთ და ამიტომ არც არაფერს ვიტყვიო. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბაიერნელები ერთმანეთს ეჩხუბებიან: "ბაზელთან" მატჩის შემდეგ, რომელიც რეკორდმაისტერმა 0:1 დათმო, იმავე მიულერმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა იჩხუბეს, ხოლო შარშან, როცა "ბაიერნი" "დორტმუნდს" ათი ქულით ჩამორჩა, "ვერდერთან" მატჩის დროს ერთმანეთს მიულერი და არიენ რობენი დაეტაკნენ. თუ დააკვირდებით, ყველა დაპირისპირებაში თომას მიულერი მონაწილეობს...

გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკაც: "ბაიერნმა" ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო. ამიტომაც ჩაიქნიეს ხელი ჩემპიონობაზე - თვით ყველაზე ოპტიმისტი ბაიერნელის, ფრანკ რიბერის კომენტარიც ასეთი იყო:

"სამწუხაროა, საშინელებაა, მაგრამ ფაქტია - "დორტმუნდს" ალბათ ვეღარ დავეწევით. წინა კვირას, "შალკეს" რომ მოვუგეთ, ყველანი ბედნიერები ვიყავით, ახლა კი ისევ უბედურები ვართ. ჩემპიონობაზე ნუღარაფერს მკითხავთ".

ნერლინგერის და რიბერის მოსაზრებები გაიზიარეს რობენმა და კროოსმაც - მათაც თქვეს, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს. კროოსმა უბრალოდ დაამატა, რომ მწვრთნელი არაფერ შუაშია - ჰაინკესი შესანიშნავად მუშაობს, დამნაშავეები ჩვენ, ფეხბურთელები ვართ, რადგან დავალებებს ვერ ვასრულებთო.

არადა, თამაშის დასაწყისი რეკორდმაისტერს ცუდს არაფერს უქადდა. მარტო პირველ 9 წუთში მიუნხენელებმა ლევერკუზენელთა კარისკენ 5-ჯერ დაარტყეს. შესვენების შემდეგ კი მასპინძლები გააქტიურდნენ: ანდრე შიურლემ თქვა, მწვრთნელმა უფრო თამამად თამაში გვიბრძანაო. თანაც, რობინ დუტმა მოედანზე ერენ დერდიოკის სახით მეორე თავდამსხმელი შეიყვანა და შედეგიც მიიღო.

ამრიგად, "ბაიერმა" "ბაიერნი" 2004 წლის აგვისტოს შემდეგ (მაშინ "ფარმაცევტების" მწვრთნელი კლაუს აუგენტალერი გახლდათ) პირველად დაამარცხა. ფაქტია ისიც, რომ "ლევერკუზენისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ისევ რეალური გახდა - "ბაიერს" მეოთხე ადგილამდე უკვე მხოლოდ 4 ქულაღა აშორებს.

დორტმუნდი კი მიფრინავს...
ზოგადად, ამ ტურში ოთხი მოწინავე გუნდიდან სამი დამარცხდა - წააგეს "შალკემ" (ფრაიბურგში 1:2) და "გლადბახმაც" (0:1 ნიურნბერგში). გამარჯვებული კი ისევ და ისევ ლიდერი "დორტმუნდია", მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ წაფორხილებას BVB-ც ძლივს გადაურჩა.

იურგენ კლოპის შეგირდები "მაინცთან" "მეგობრულ დერბიში" იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გოლით იგებდნენ და 74-ე წუთზე ექს-დორტმუნდელმა და ექს-ექს-მაინცელმა მოჰამედ ზიდანმა, რომელიც "სახლში" იანვარში დაბრუნდა, ანგარიში გაათანაბრა (ეგვიპტელის მეხუთე გოლი მეხუთე მატჩში). ის ის იყო, ყველამ იფიქრა, ქულებს "დორტმუნდიც" კარგავსო, რომ შინჯი კაგავამ გამარჯვების გოლი შეაგდო და "ვესტფალენშტადიონზე" "მიწა იძრა", "ბორუსიას" არენა "აფეთქდა"!

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, სწორედ ეს იყო საჩემპიონო გოლი, მაგრამ ფინიშამდე 10 ტურია დარჩენილი და მოვლენებს წინ მაინც ნუ გავასწრებთ.

ჰერტა ცოცხალია, ბერლინი რეჰაგელს ეტრფის!
როგორც იქნა, "ჰერტამაც" მოიგო! როგორც ჩანს, "აუგსბურგთან" განადგურების (0:3) შემდეგ ოტო რეჰაგელმა სწორი დასკვნები გააკეთა და შეგირდები "ვერდერთან" მატჩისთვის ისე დარაზმა, როგორც საჭირო იყო - ლევან კობიაშვილის კაპიტნობით ბერლინელებმა ბრემენელები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

რაც შეეხება სწორ დასკვნებს: "მეფე ოტომ" "ჰერტას" კაპიტანი ანდრე მიატოვიჩი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და გუნდის თავის სამკლავური კობიაშვილს გაუკეთა, პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი პატრიკ ებერტი კი სულაც ტრიბუნაზე გადასვა. სამაგიეროდ, 73 წლის სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშე გაამწესა (კობი ისევ საყრდენ ნახევარმცველად ათამაშა) და შედეგიც მიიღო: "ჰერტამ" 12-მატჩიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო.

"წინა კვირაში 2-3 ფეხბურთელით უკმაყოფილო ვიყავი და ისინი აღარც ვათამაშე. გადარჩენისთვის ბრძოლა მართლა ბრძოლას ნიშნავს. დღეს ნაღდად ვიბრძოლეთ და შედეგიც სახეზეა", - თქვა მატჩის შემდეგ ოტომ.

რაც შეეხება "ვერდერს" - შაბათს "ჰერტასთან" მოთამაშე გუნდი ბრემენული კლუბის ბუნდესლიგურ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული იყო (საშუალო ასაკი: 24-27 წელი) და გამოჩნდა, რომ თუ ყურადღებით არ იქნებიან, დიდი შანსია, რომ "მუსიკოსები" ევროპის ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ.

"ჰანოვერმა" "ვერდერის" წაფორხილებით ვერ ისარგებლა. მირკო სლომკას შეგირდებმა "აუგსბურგთან" მხოლოდ 2:2 ითამაშეს და მე-7 ადგილზე დარჩნენ, ბრემენულ კლუბს კი ერთი ქულით ჩამორჩებიან. არადა, რომ მოეგოთ, ევროზონაში შევიდოდნენ. აუტსაიდერი კი 24-ე ტურის შემდეგ უკვე "კაიზერსლაუტერნია" - მართალია, "ეშმაკები" ამჯერად არ დამარცხებულან, მაგრამ საკუთარ "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" "ვოლფსბურგთან" 0:0 "ლაუტერნისთვის" დიახაც მარცხის ტოლფასია...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIV ტური
ლევერკუზენი-ბაიერნი 2:0
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი, მ. ფრიდრიხი (46. დერდიოკი), ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, რაინარტცი - კასტრო, რენატო (89. როლფესი), შიურლე (82. ბელარაბი) - კისლინგი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა - თ. მიულერი (82. პეტერსენი), კროოსი (74. ოლიჩი), რობენი - გომესი (61. რიბერი).
გოლები: 1:0 კისლინგი (79), 2:0 ბელარაბი (90)
გაფრთხილება: ტოპრაკი, რაინარტცი - ბოატენგი, ლუის გუსტავო, რაფინია
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15(8)-15(5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 30 210

ფრაიბურგი-შალკე 2:1
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, დიანია, ჰიონი, ჰინკელი (46. ლუმბი) - ფლუმი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (87. გინტერი) - ფრაისი (79. რაიზინგერი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოვედესი (53. ჰოლტბი), პაპადოპულოსი, მატიპი, ესკუდერო - ჰიოგერი, ჯონსი - ობასი, რაული (71. პუკი), დრაქსლერი (46. ხურადო) - მარიკა.
გოლები: 1:0 ფრაისი (18), 2:0 დ. კალიჯური (66-პენ), 2:1 პუკი (72)
გაძევება: პაპადოპულოსი (87. შალკე)
გაფრთხილება: დ. კალიჯური, ჰიონი - ჯონსი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11(2)-15(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 24 000

ჰერტა-ვერდერი 1:0
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი (77. მორალესი), ჰუბნიკი, იანკერი, ბასტიანსი - პერდედაი, კობიაშვილი - თორუნი, რაფაელი (83. მიატოვიჩი), რუკავიტსია - რამოსი (61. ლასოგა).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - იგნიოვსკი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იუნუზოვიჩი (79. ფიულკრუგი), თრაიბული (70. ექიჩი) - მარინი - როზენბერგი (63. არნაუტოვიჩი), პისარო.
გოლი: 1:0 რუკავიტსია (62)
გაფრთხილება: რაფაელი, მიატოვიჩი - აფოლტერი
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 5(2)-17(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 52 744

ჰამბურგი-შტუტგარტი 0:4
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - იაროლიმი, რინკონი (41. არსლანი) - სალა (46. სონი), ილიჩევიჩი - გერერო, პეტრიჩი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი (63. გენტნერი) - ჰარნიკი, ჰაინალი (76. კაკაუ), ოკაზაკი (71. შიბერი) - იბიშევიჩი.
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (23), 0:2 კუჟმანოვიჩი (31-პენ), 0:3 კუჟმანოვიჩი (47-პენ), 0:4 ჰარნიკი (90)
გაძევება: გერერო (54. ჰამბურგი)
გაფრთხილება: იაროლიმი - ტასკი, იბიშევიჩი, კუჟმანოვიჩი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 16-29; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12(3)-15(7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 55 263

კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი 0:0
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-1-1): ზიპელი - დიკი, შიმუნეკი, აბელი, იესენი - ბორისიუკი, დე ვიტი (68. ვოოტენი) - სუკუტა-პასუ (86. ფორტუნისი), დერშტროფი (68. იორგსენსენი) - ტიფერტი - ვაგნერი.
ვოლფსბურგი (4-4-2): ბენალიო - ტრეში, რუსი (88. მადლუნგი), ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - დეჟაგა (57. ოროსკო), ჟოსუე, კრისი, მ. შეფერი (64. ჰიტცლშპერგერი) - მანჯუკიჩი, ჰელმესი.
გაფრთხილება: სუკუტა-პასუ, შიმუნეკი - ჟოსუე
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8(2)-11(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 34 110

ჰანოვერი-აუგსბურგი 2:2
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი (26. რაუში), კ. შულცი - პინტუ - შტინდლი, პანდერი - შლაუდრაფი (87. ზობიხი) - მ. დიუფი, აბდელაუ (46. ია კონანი).
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო (67. მიოლდერსი), ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ჰოსოგაი, კალსენ-ბრაკერი - კოო (74. მ. ნდიენგი), ბაიერი, ბელინგჰაუზენი (74. ს. ჰაინი) - იორლი.
გოლები: 0:1 ბელინგჰაუზენი (12), 1:1 ჰაგი (33), 2:1 მ. დიუფი (69), 2:2 კალსენ-ბრაკერი (89-პენ)
გაფრთხილება: კ. შულცი - სანკო
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(4)-9(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 42 300

ბორუსია (დ)-მაინცი 2:1
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი (72. პერიშიჩი), კაგავა (80. და სილვა), გროსკროიტცი (90. ოვომოიელა) - ლევანდოვსკი.
მაინცი (4-1-2-2-1): ვეტკლო - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი (59. სალაი) - პოლანსკი (59. ბაუმგარტლინგერი) - მ. კალიჯური, სოტო - ნ. მიულერი, ჩუპო-მოტინგი (80. უჯა) - ზიდანი.
გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (26), 1:1 ზიდანი (74), 2:1 კაგავა (77)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 18(5)-5(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 80 720

ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 1:0
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - სიმონსი, დიდავი (79. კოენი) - ჰეგელერი (84. ბუნიაკუ), ჩენდლერი (69. აიგლერი), ესვაინი - პეკჰარტი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (90. ბრუვერსი), ნოიშტედტერი - როისი, არანგო - ჰანკე, დე კამარგო (81. ვენდტი).
გოლი: 1:0 ბუნიაკუ (87)
გაფრთხილება: პეკჰარტი - დემსი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16(4)-8(4); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 45 675

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 1:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარგი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი, რუდი - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო (72. მლაპა), ბაბელი - ლაკიჩი (59. შიპლოკი).
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი (67. მაკენა), იაიალო - როში (46. ჩონგ ტესე), კლემენსი, პეჟკო (86. იშაკი) - პოდოლსკი.
გოლები: 1:0 კომპერი (33), 1:1 პოდოლსკი (81)
გაფრთხილება: ვესტერგაარდი, ბეკი, ვაისი - აიხნერი, ლანიგი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 23(7)-9(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 29 250

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 24 17 4 3 52-16 55
2. ბაიერნი 24 15 3 6 51-16 48
3. ბორუსია (მ) 24 14 5 5 37-15 47
4. შალკე 24 14 2 8 51-32 44
5. ლევერკუზენი 24 11 7 6 36-29 40
6. ვერდერი 24 10 6 8 37-38 36
7. ჰანოვერი 24 8 11 5 30-32 35
8. შტუტგარტი 24 9 5 10 41-33 32
9. ნიურნბერგი 24 9 4 11 23-32 31
10. ჰოფენჰაიმი 24 7 9 8 27-28 30
11. ვოლფსბურგი 24 8 4 12 28-44 28
12. მაინცი 24 6 9 9 35-38 27
13. ჰამბურგი 24 6 9 9 28-42 27
14. კიოლნი 24 7 4 13 31-46 25
15. ჰერტა 24 5 8 11 26-40 23
16. აუგსბურგი 24 4 10 10 25-39 22
17. ფრაიბურგი 24 5 6 13 30-52 21
18. კაიზერსლაუტერნი 24 3 10 11 16-32 19

ბომბარდირები
18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - პისარო (ვერდერი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე).

მომდევნო ტური
9 მარტი. შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი.
10 მარტი. ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, მაინცი-ნიურნბერგი, ბორუსია (მ)-ფრაიბურგი, ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, კიოლნი-ჰერტა, აუგსბურგი-ბორუსია (დ).
11 მარტი. ვერდერი-ჰანოვერი, შალკე-ჰამბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული