ბუნდესლიგა. XXIV ტურის შეჯამება: რეკორდმაისტერის კაპიტულაცია

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის 24-ე ტურის უმთავრესი მოვლენა, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა ოფიციალურად გამოაცხადა, ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთო.

ჯერ ერთი, ასეთი რამ საერთოდ იშვიათად ხდება ხოლმე და, მით უმეტეს, სეზონის ფინიშამდე 10 ტურით ადრე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ბუნდესლიგის ტურის გამოხმაურება მთლიანად რეკორდმაისტერის ფიასკოს მივუძღვნათ.

მიუნხენური გრანდის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადება თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება. მაგრამ რამდენადაა დამნაშავე "დონ იუპი" ამ ყველაფერში? საკითხავი სწორედ ეს არის!

"ლევერკუზენთან" წაგების შემდეგ რეკორდმაისტერის
მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული და გამორიცხული ნამდვილად არ არის ის, რომ ახლო მომავალში გაათავისუფლონ. ამის დასამტკიცებლად ბევრი სჯა-ბაასი საჭირო არ არის, მიუნხენის "ბაიერნის" უახლესი ისტორია ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ერთად გავიხსენოთ ფაქტები, ბავარიულ გრანდში მწვრთნელების გათავისუფლებებს რომ უძღვოდა ხოლმე წინ:

ფელიქს მაგათის გაგდებას რეკორდმაისტერის მაშინდელი მენეჯერისა და დღევანდელი პრეზიდენტის, ული ჰიონესის განრისხება უძღვოდა წინ - ულიმ თქვა, "სანტა კლაუსი" სააღდგომო კურდღელი არ არისო და რამდენიმე დღეში "დესპოტ ფელიქსს" კარისკენ მიუთითა.

ორი წლის შემდე, ბავარიელებმა მწვრთნელის პოსტი თვით ყველაზე ღვაწლმოსილ სპეციალისტს, ოტმარ ჰიტცფელდსაც დაატოვებინეს და ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, ფეხბურთი მათემატიკა არ არისო...

"დიდი შეცდომა" - რაც "ბაიერნში" იურგენ კლინსმანის დანიშვნას დაერქვა -, ყველაზე უმტკივნეულოდ დამთავრდა, თუმცა გათავისუფლებამდე რეკორდმაისტერის ბოსებმა კლინსისაც წამოაძახეს, სეზონის წინ ბაზაზე ბუდას ფიგურებს რომ დგამდი, მაშინ მივხვდით, რომ შენი დანიშვნით შეცდომა დავუშვითო.

ყველამ იცის ლუის ვან გაალის გათავისუფლების პრეისტორიაც - ჰიონესმა და რუმენიგემ მაშინ ჰოლანდიელ მწვრთნელს პირდაპირ შეუტიეს, ამ კაცს მართვის სადავეები დიდი ხანია, გაექცაო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ბაზელთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ჰიონესის კომენტარი ასეთი იყო: "ვერ გავიგე, ეს "ბაიერნია" თუ ქალთა თავშესაფარი?" მაშინ ულის ეს განცხადება ბევრმა უყურადღებოდ დატოვა.

ფაქტია, რომ "ბაიერნში" ჰაინკესის მორიგი და ახლა უკვე ნაღდად უკანასკნელი ეპოქაც მთავრდება. დღეს, ხვალ, თუ სეზონის ბოლოს, ამას დიდი მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდეს. ცუდი ის არის, რომ ჰაინკესი ამ ეპოქას გერმანიის ჩემპიონობით ვერ ასრულებს.

შაბათს ნერლინგერმა და რობენმა თქვეს, ჩემპიონობაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთო - ბოლო 16 წლის განმავლობაში ალბათ პირველად მოხდება ისე, რომ რეკორდმაისტერი ზედიზედ მეორე სეზონში დარჩება "ვერცხლის სინის" გარეშე.

დამაინც: რა არის ჰაინკესის ბრალი?

სად არის გუნდური სულისკვეთება?
ჰიონესის განცხადება ქალთა თავშესაფრის შესახებ, ცხადია, იმ ფაქტს მოჰყვა, ფრანკ რიბერიმ "ბაზელთან" თამაშის დროს შეცვლისას ჰაინკესს ხელი რომ არ ჩამოართვა. ულის ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ხანდახან მწვრთნელზე გაბრაზებული ფეხბურთელიც ნორმალური მოვლენაა - მან ამით ფრანგი ნახევარმცველი გაამართლა.

ვერ დავიჩემებთ, რომ ეს ჰაინკესის ბრალია, მაგრამ ფაქტი კია, რომ "ბაიერნს" ხუთი კარგი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს, ჰაინკესის სქემაში კი ამ პოზიციის მოთამაშეებისთვის მხოლოდ ოთხი ადგილია. თუკი რიბერის ქმედება ნორმალური მოვლენა იყო, რა ვუყოთ რობენის ეგოისტურ გამოხდომებს? არიენმა ჰაინკესი გააკრიტიკა, თქვა, სულაც არ მსიამოვნებს, მწვრთნელი რომ არ მენდობაო და ამით ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში სათადარიგოთა სკამს ხეხავდა.

შაბათს კი ტონი კროოსსაც უდიდესი უკმაყოფილება ეწერა სახეზე, როცა მოედნიდან გადიოდა. არანაკლებ გაბრაზებული ჩანდა თომას მიულერიც.

ჰო, ეს თითქოს მხოლოდ დეტალებია, მაგრამ სწორედ ეს დეტალები წარმოაჩენს იმას, რომ "ბაიერნში" გუნდური სულისკვეთება არ, ან უფრო სწორად, აღარ ჩანს.

უსიცოცხლო დაცვა
"ჩვენ გოგონები კი არ ვართ, არამედ ფეხბურთს ვთამაშობთ," - განაცხადა "ლევერკუზენთან" მატჩის შემდეგ ჟერომ ბოატენგმა, როცა მას მიულერთან კინკლაობის შესახებ ჰკითხეს. არადა, ეს არ იყო ჩვეულებრივი, სპორტული კამათი - ბოატენგი მრისხანედ იწევდა თანაგუნდელისკენ და მათ შორის რაფინია და კაპიტანი ფილიპ ლამი რომ არ ჩამდგარიყვნენ, შეიძლება ხელჩართული ჩხუბიც გვენახა.

სასაცილოა, როცა "ბაიერნის" ხელმძღვანელები ამ ფაქტს მაინც პოზიტიურად ფუთავენ და ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხლები ვართო. ფაქტი კი ის არის, რომ ნახევარდაცვის ლიდერისა და შუახაზის მთავარი სტრატეგის, ბასტიან შვაინშტაიგერის არყოფნაში "ბაიერნის" უკანა ხაზი ძალიან უსიცოცხლო შთაბეჭდილებას ტოვებს.

ისე, ეს "ლევერკუზენთან" შეხვედრას ნაკლებად ეხება - შაბათს "ბაიერნის" მცველებმა მეტ-ნაკლებად კარგად ითამაშეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეკარე მანუელ ნოიერზე.

ნოიერი უკვე მესამედ შეცდა
"ბაიერნის" კარის დარაჯი თავიდან ძალიან კარგად თამაშობდა - მაგალითად, პირველ ტაიმში კისლინგის დარტყმა გრანდიოზული რეაქციით მოიგერია. მოგვიანებით მანუც შეცდა, მაგრამ ეს შეცდომა იმავე მომენტში ასევე იდეალური რეფლექსით გამოასწორა. თუმცა კისლინგის გოლის დროს ნოიერი ისევ აიჭრა და კარი ისე დატოვა, რომ ცხადი იყო, ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა.

ეს ამ სეზონში მანუელის რიგით მესამე სერიოზული შეცდომაა, რამაც "ბაიერნი" წაგებამდე მიიყვანა. ვერაფერს იტყვი - 25 მილიონ ევროდ ნაყიდი მეკარის კვალობაზე ეს ცუდი ბალანსია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნოიერის შესაძლებლობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დიდი შეცდომა იქნებოდა - "ბაიერნს" პრობლემები ხომ ისედაც არ აკლია.

ჰაინკესი ზედმეტად კონსერვატიულია
ჰაინკესი, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, "ბაიერნის" გარემოს იდეალურად ერგება და ეს ყველამ იცის. კვირას "დონ იუპმა" ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა, როცა ჟურნალისტებს მისი გაკრიტიკების ნება დართო - წაგებულებს ხომ ყოველთვის აკრიტიკებენ და ეს ნორმალურიაო...

იუპი "ბაიერნის" პრობლემებს ვერ წყვეტს! ავიღოთ თუნდაც უმთავრესი პრობლემა: 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, რომელიც რეკორდმაისტერში ვან გაალმა დაამკვიდრა. ჰაინკესს წინა ხაზის ოთხი ადგილისთვის ხუთი ვარსკვლავი ჰყავს - მიულერი, რობენი, კროოსი, რიბერი და გომესი. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს პრობლემატურ საკითხად გადაიქცეოდა, რადგან სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არცერთ მათგანს ეპიტნავება. იმის მაგივრად, რომ რამდენიმე მატჩში სქემა შეეცვალა, ჰაინკესი ხან ერთ ვარსკვლავს აწყენინებდა, ხან მეორეს და იმაზეც კი წავიდა, რომ შემოქმედი კროოსი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დახია.

შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია ის, რომ დღეს გერმანელი ექსპერტები მას ტაქტიკური თვალსაზრისითაც აკრიტიკებენ. უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველები კი იმასაც წერენ, გუნდი შემოდგომაზე კარგად რომ თამაშობდა, ეს ვან გაალის ეპოქიდან ინერციით გადმოყოლილი სისტემის დამსახურება იყოო.

...მაგრამ იქნებ მთავარი პრობლემა გუნდის უხარისხობაშია?

ფაქტები, მხოლოდ ფაქტები
გასაგებია, რომ იდეალური სისტემა, ნაღდი გუნდური სულისკვეთება, აღმაფრენა და ერთი სიტყვით, ჰარმონია, დღეს მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიაშია", ჰაინკესს კი განკარგულებაში უმეტესად "რთულად აღსაზრდელი" ბიჭები ჰყავს. მაგრამ მოდით, "ბაიერნის" გუნდურ ხარისხზეც ვისაუბროთ.

პირველი ფაქტი ის არის, რომ ბავარიელებმა შვაინშტაიგერის არყოფნით შექმნილი სიცარიელე ვერაფრით ამოავსეს. მეორე ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში რაფინია და ჟერომ ბოატენგი იყიდეს, დაცვის ხაზი მაინც მიუნხენელთა ყველაზე სუსტ წერტილად რჩება. მესამე: მარიო გომესი კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ხანდახან ფორმაში არ არის ხოლმე და როცა ასეა, რეკორდმაისტერს მისი ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს; ან ჰყავს, მაგრამ ჰაინკესი იმდენად კონსერვატიულია, რომ მაინც გომესს ათამაშებს, ივიცა ოლიჩს და ნილს პეტერსენს კი არ ენდობა.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებს ყველაზე მეტად იმის გამო სტკივათ გული, რომ მათი აღზრდილი მატს ჰუმელსი კარიერას "დორტმუნდში" იკეთებს და სხვათა შორის, ტყუპი ბენდერებიც მიუნხენში დაწუნებული ბიჭები არიან - ლარსი ლევერკუზენში ბრწყინავს, სვენი კი დორტმუნდში. სპორტული დირექტორის რანგში აშკარად უვარგისია კრისტიან ნერლინგერიც...


24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს.მ.რ.
1. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 4
2. გონსალო კასტრო ლევერკუზენი 2
3. იომერ ტოპრაკი ლევერკუზენი 1
4. დანიელ შვააბი ლევერკუზენი 1
5. დომინიკ მარო ნიურნბერგი 1
6. ზდრავკო კუჟმანოვიჩი შტუტგარტი 1
7. ერენ დერდიოკი ლევერკუზენი 2
8. ილქაი გიუნდოგანი ბორუსია (დ) 1
9. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 3
10. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 7
11. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 2

შენიშვნა: ს.მ.რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
შინჯი კაგავა (ბორუსია /დ/ II)
"შალკეს" პერუელი ნახევარმცველკი ჯეფერსონ ფარფანი სანაკრებო პაუზის შემდეგ თავს ყოველთვის გადაღლილად გრძნობს ხოლმე და ნაკრებიდან დაბრუნებული, ბუნდესლიგაში ან საერთოდ არ თამაშობს, ანაც მოედანზე მხოლოდ ცოტა ხნით გადის. აი, 22 წლის იაპონელი შინჯი კაგავა კი სხვა ფენომენია - დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბსაც თითქმის ნახევარი დედამიწის გადაფრენ-გადმოფრენა უწევს, მაგრამ კლუბში დაბრუნებული, არასდროს ამბობს, რომ დაღლილია.

ოთხშაბათს მან იაპონიის ნაკრებში ითამაშა, მერე 11 საათი იფრინა და მიუხედავად ამისა, შაბათს "მაინცთან" ბრწყინვალე იყო! გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი, გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც ამ სეზონში მისთვის მერვე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ შვიდი გოლი საკუთარი პუბლიკის წინაშე აქვს გატანილი.

კარგი იქნება, თუ ფარფანი კაგავას ჰკითხავს, თუ როგორ ახერხებს ეს უკანასკნელი დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ასეთი კონდიციისა და ფორმის შენარჩუნებას.

საუკეთესო ფეხბურთელები
24 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.35
2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.57
3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.67
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.69
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.73
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.74
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.75
9. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.75
10. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.77

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 22 18 8 26
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 24 16 8 24
3. კლაუდიო პისარო ვერდერი 21 15 7 22
4. მარიო გომესი ბაიერნი 23 18 3 21
5. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 24 14 7 21
6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 20 16 5 21
7. მარკო როისი ბორუსია (მ) 22 13 7 20
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 23 10 10 20
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 21 8 8 16
10. რაული შალკე 23 11 5 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული