გაიქცევა არიენ რობენი ინგლისში?

AutoSharing Option
"ლევერკუზენთან" წაგებულ მატჩში არიენ რობენი თავიდან მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მერე ისე ჩაიძირა, როგორც მთელი "ბაიერნი".

ფაქტია, რომ თუკი დღესდღეობით საფეხბურთო გერმანიაში რეკორდმაისტერზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში ჰოლანდიელ ფეხბურთელზე მიდის ხოლმე დისკუსია.

ტრავმის მოშუშების შემდეგ სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და ამას რობენის ეგოისტობაში დადანაშაულება მოჰყვა, ახლა კი ყველა გერმანული გამოცემა იმაზე წერს, რომ 28 წლის გარემარბს მიუნხენური გრანდის თავკაც იუპ ჰაინკესთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა.

გუშინ ინგლისური "მირორი" წერდა, რომ ჰოლანდიელის კონტრაქტში (2013 წლამდე) ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რობენს ზაფხულში "ბაიერნიდან" წასვლა
შეუძლია - თუ რომელიმე გუნდი მასში 12 მილიონ ევროს გადაიხდის. იმავე გაზეთის ცნობით, არიენის მიმართ ინტერესს "ჩელსი" (სადაც 2004-დან 2007 წლამდე თამაშობდა), "არსენალი" და "ტოტენჰემი" იჩენენ. "მირორი" იმასაც წერდა, რომ რობენზე იტალიაში, კერძოდ, ტურინის "იუვენტუსშიც" ფიქრობენ...

ეს, შესაძლოა, მხოლოდ სპეკულაციებია, ფაქტი კი ის არის, რომ ინგლისთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, იმ შეხვედრის გმირმა რობენმა თქვა, ცხადია, გამორიცხული არაფერია და ხშირად ვფიქრობ, რომელი გუნდები შეიძლება დაინტერესდნენო...

ჟირუ ადასტურებს, პეტერსენი არ გაიქცევა
ამასობაში, "მონპელიეს" 25 წლის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ დაადასტურა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მისდამი ინტერესს იჩენენ და რომ ბოლო დროს ხშირად აკვირდებიან.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რეკორდმაისტერის სათადარიგო ცენტრფორვარდმა ნილს პეტერსენმა, რომელიც მარიო გომესის ჩრდილშია. მან თქვა, რომ მიუნხენიდან გაქცევას არ აპირებს და არც იმ შემთხვევაში წავა, თუკი ბავარიელები ჟირუს იყიდიან. 23 წლის პეტერსენს ამ სეზონის 13 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული