გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: ფეთქებადი სიტუაცია მიუნხენში

AutoSharing Option
მორჩა, გათავდა: "ბაიერნმა" უნდა მოიგოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, დენთის კასრზე შემომჯდარი რეკორდმაისტერი ნამდვილად აფეთქდება.

იუპ ჰაინკესის გუნდს გამარჯვებისთვის ფაქტობრივად ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი: მასპინძლობს "ჰოფენჰაიმს", რომელსაც არც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება და ვერც ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

გარდა ამისა, ბუნდესლიგის 25-ე ტურში "გლადბახი" "ფრაიბურგთან" შეხვედრაში ძველი სიმსუბუქის დაბრუნებას შეეცდება.

კიოლნში გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დუელია - იქ ბერლინის "ჰერტა" ჩადის. ლიდერ "დორტმუნდს" კი "აუგსბურგთან" ექნება საქმე...

ჰა, ბურთი! ჰა, მოედანი! ჰა, ჰოფენჰაიმი!
წინა ტურში, "ლევერკუზენთან" წაგების (0:2) შემდეგ მიუნხენელებმა
ჩემპიონობაზე ხელი რომ ჩაიქნიეს, ეს ცოტათი გადაჭარბებული საქციელი გვგონია - რაც არ უნდა იყოს, სეზონის ფინიშამდე ხომ 10 ტურია დარჩენილი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი თამაშითა და შემართებით მიუნხენურ გრანდს "ვერცხლის სინის" დაბრუნების შანსი არ აქვს.

თომას მიულერისა და ჟერომ ბოატენგის დაპირისპირება ხელმძღვანელებმა მიჩქმალეს, სამაგიეროდ, პოზიტიური სიახლეა ის, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდა. თუმცა, "ჰოფენჰაიმთან" ძირითად შემადგენლობაში ალბათ მაინც ვერ ვნახავთ - მაქსიმუმ შეცვლაზე ითამაშოს.

"ბაიერნის" მთავარი პლუსი ამ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ასპარეზობაა. მიუხედავად იმისა, რომ "ჰოფენჰაიმს" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ახალი მწვრთნელის, მარკუს ბაბელის ხელში ურიგოდ არ გამოიყურება, ფაქტია, რომ "სოფლელებს" "ბაიერნი" აქამდე არასდროს დაუმარცხებიათ (0/3/4).

წინა ტურის შემდეგ მცირეოდენი სასოწარკვეთაა მიონხენგლადბახშიც: "ნიურნბერგთან" 0:1-ის შემდეგ, ჩვენი გერმანელი კოლეგები სეზონის მთავარ აღმოჩენაზე წერენ, ლუსიენ ფავრის გუნდმა დაკარგა ის სიმუსუბუქე, რომელიც ყველა კონკურენტისგან გამოარჩევდაო.

"გლადბახს" მარჯვენა გარემარბი პატრიკ ჰერმანიც ძალიან აკლდა და ყველასათვის მოულოდნელად, "მეორე როისად" წოდებული ნახევარმცველი ნაადრევად გამოჯანმრთელდა.

10 მარტს "გლადბახი" "ფრაიბურგს" მასპინძლობს - გუნდს, რომელმაც ახალი მწვრთნელის, კრისტიან შტრაიხის ხელში აშკარად მოუმატა, ოღონდ, მხოლოდ საშინაო მატჩებში (წინა ტურში ბრაისგაუელებმა "შალკეს" 2:1 მოუგეს), აი, სტუმრად კი "ფრაი" ისევ უსუსურად გამოიყურება (სამი წაგება და 10 გაშვებული გოლი 2012 წელს). ნახევარმცველი როზენტალი ამიტომაც ამბობს, დროა, გასვლით მატჩშიც ავიღოთ ქულებიო.

როგორ გადაიტანს 1:7-ს ლევერკუზენი?
ბარსელონაში ჩასვლამდე "ლევერკუზენს" საქმეები ძალიან კარგად იყო: "ფარმაცევტებმა" ამ სეზონში პირველად მოახერხეს ზედიზედ სამი თამაშის მოგება და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხეს "ბაიერნი". ამ ტენდენციას ლოგიკურად მოჰყვა ამბიციის გაზრდაც: "ბაიერის" შეფებმა თამამად თქვეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლიაო.

მაგრამ მერე იყო "ნოუ კამპზე" განცდილი კრახი (1:7) და ლევერკუზენელებს ხასიათი ისევ წაუხდათ.

რობინ დუტის გუნდი ამჯერად ვოლფსბურგში ჩადის და ხვდება გუნდს, რომელსაც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის ამბიცია კი აქვს, მაგრამ ბოლო დროს თამაშებს ვეღარ იგებს და შესაბამისად, ცხრილში ერთ ადგილს ტკეპნის.

"მგლებმა" წინა ტურში აუტსაიდერ "კაიზერსლაუტერნის" დამარცხებაც ვერ შეძლეს (0:0). მართალია, "ვოლფსბურგის" მწვრთნელ-მენეჯერმა ფელიქს მაგათმა თქვა, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშაო, მაგრამ ფაქტია, ეს მოსაზრება ზედმეტად სუბიექტური და ექსკლუზიური იყო.

სამაგიეროდ, ხასიათი გამოუსწორდათ ნიურნბეგელებს - "გლადბახთან" გამარჯვებამ დიტერ ჰეკინგის გუნდი ცხრილშიც საკმაოდ დააწინაურა. ფრანკები ამჯერად "მაინცს" სტუმრობენ, სადაც "ნიურნბერგს" ბოლო ოთხი თამაში წაგებული აქვს.

უმძაფრესი მატჩი კიოლნში
უკიდურესად დაძაბულ და ვნებათაღელვით აღსავსე მატჩს უნდა ველოდოთ კიოლნში, სადაც მე-14 ადგილზე მყოფი "თხები" ლევან კობიაშვილის "ჰერტას" მასპინძლობენ. ბერლინელებმა წინა ტურში, როგორც იქნა, გაიმარჯვეს (1:0 ვერდერთან) და ცხრილში მე-15 ადგილამდე აბობღდნენ.

თავად კიოლნელებმა წინა კვირას "ჰოფენჰაიმთან" ფრეს (1:1) მიაღწიეს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ლუკას პოდოლსკი და კომპანია გასავარდნ ზონასთან უკვე ძალიან ახლოს არიან. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "კიოლნს" 2012 წელს საკუთარ მოედანზე ჯერ ერთი ქულაც კი არ აუღია (1:4 შალკესთან, 0:1 ჰამბურგთან, 0:2 ლევერკუზენთან).

დორტმუნდი აუგსბურგში
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინა ტური ზუსტად ისე წარიმართა, როგორც დორტმუნდელებს უნდოდათ - კონკურენტები დამარცხდნენ, "ბორუსიამ" კი "მაინცთან" ზედიზედ მერვე თამაში მოიგო (2:1) და უმთავრეს მდევარ "ბაიერნს" უკვე შვიდი ქულით უსწრებს.

მიუხედავად ამისა, მოქმედი ჩემპიონები ყველანაირად თავს არიდებენ იმაზე საუბარს, რომ ბუნდესლიგის ბედი ნაადრევად გადაწყდა. "შარშანაც არ გვაინტერესებდა, რამდენი ქულით ვუსწრებდით მეორეადგილოსანს და ამას არც წელს ვაქცევთ ყურადღებას", - აცხადებს BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპი.

"დორტმუნდის" მეტოქე გადარჩენისთვის მებრძოლი "აუგსბურგია", რომელმაც ბოლო დროს თამაში და შედეგები გამოასწორა (3:0 ჰერტასთან, 2:2 ჰანოვერში). აქვე ისიც ვთქვათ, რომ მას მერე, რაც ბუნდესლიგაში მოგებისთვის სამი ქულაა დაწესებული (1995/96 წლების სეზონიდან), გუნდი, რომელიც 24 ტურის შემდეგ 5 ან მეტქულიანი უპირატესობით ლიდერობდა, ყოველთვის ჩემპიონი ხდებოდა...

ვერდერის პირველი ფინალი ევროპისკენ
"ჰერტასთან" წაგების შემდეგ, "ვერდერის" სპორტუმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა თქვა, ამიერიდან, ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალიაო. ბრემენელების მიზანი ევროპაში გასვლაა და მართალია, ჯერაც ექსვეულში არიან, მაგრამ უახლოეს მდევარ "ჰანოვერს" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებენ.

საინტერესო ის არის, რომ ხვალ "ვერდერი" სწორედ "ჰანოვერს" მასპინძლობს.

მირკო სლომკას გუნდმა შუა კვირაში ევროპის ლიგაში ითამაშა (2:2 ლიეჟში, "სტანდარდთან") და "წითლებს" იმ შეხვედრაში წამყვანი თავდამსხმელი, იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმოყვანილი დიუფი დაუშავდათ.

აღსანიშნავია, რომ ბრემენში ბოლო სტუმრობების დროს "ჰანოვერი" უმეტესად ხელცარიელი რჩებოდა ხოლმე. "ვეზერშტადიონზე" ჩატარებული ბოლო რვა მატჩის ბალანსი ასე გამოიყურება: სამი ფრე, ხუთი წაგება, ბურთების შეფარდება 3:22.

შალკე ჰამბურგს ვერ უგებს ხოლმე...
ტური "შალკესა" და "ჰამბურგის" დაპირისპირებით დამთავრდება. გელზენკირხენელებმა პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი დღემდე ვერ დააშოშმინეს - ეს უკანასკნელი უკვე თანაგუნდელებსაც ნერვებს უშლის. "

შალკეს" კაპიტანი ჰიოვედესი ტრავმირებულია, ბომბარდირ ჰუნტელაარის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ჰოლანდიელმა ვერც ევროპის ლიგაში (ტვენტესთან 0:1) ითამაშა.

საინტერესოა ისიც, რომ "ჰამბურგი" ნამდვილად არ არის გელზენკირხენელი ფანების საყვარელი სტუმარი: "შალკეს" HSV-სთვის შინ 2004 წლის აპრილის მერე აღარ მოუგია. თანაც, "ჰამბურგს" ახლა გასვლით მატჩებში რვამატჩიანი (!) წაუგებელი სერია აქვს...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური
9 მარტი
შტუტგარტი-კაიზერსლ. 0:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულაჰრუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (68. შიბერი), ჰაინალი (60. კაკაუ), ოკაზაკი (82. გებჰარტი) - იბიშევიჩი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, შიმუნეკი, აბელი, იესენი - ბორისიუკი, დე ვიტი - სუკუტა-პასუ (35. შაჰანი), ტიფერტი, დერშტროფი (86. შეხტერი)- ვაგნერი.
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-4 (10-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 50 000

10 მარტი
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 18:30
პირველ წრეში: 1:3
დისკვალიფიკაცია: ჟოსუე (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ირჟაჩეკი, მედოიევიჩი - ადლერი, ჩორლუკა, ბალაკი, ბარნეტა, სემი

მაინცი-ნიურნბერგი 18:30
პირველ წრეში: 3:3
დისკვალიფიკაცია: პეკჰარტი (ნიურნბერგი)
ტრავმა: ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე - რაკოვსკი, ნილსონი, ფრანტცი

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 18:30
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰერმანი - ბართი, ჰიონი, კრმასი, ს. ბრანდშტეტერი

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 18:30
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: ბეკი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი - იბერტსბერგერი, ლაკიჩი, შიპლოკი

კიოლნი-ჰერტა 18:30
პირველ წრეში: 0:3
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯემალი, პეტიტი, ჩიჰი, უთი - ფრანცი, ლუსტენბერგერი

აუგსბურგი-ბორუსია (დ) 21:30
პირველ წრეში: 0:4
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე იონგი, გოგია, მორავეკი - კოხი, მ. გიოტცე

11 მარტი
ვერდერი-ჰანოვერი 18:30
პირველ წრეში: 3:2
დისკვალიფიკაცია: კ. შულცი (ჰანოვერი)
ტრავმა: ნალდო, ბოროვსკი, ჰანტი, არნაუტოვიჩი - მილერი, ანდრეასენი, შმიდებახი, დიუფი

შალკე-ჰამბურგი 20:30
პირველ წრეში: 2:1
დისკვალიფიკაცია: პაპადოპულოსი - იაროლიმი, გერერო
ტრავმა: ფერმანი, უნერშტალი, ჰიოვედესი - მიკელი, აოგო

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 24 17 4 3 52-16 55
2. ბაიერნი 24 15 3 6 51-16 48
3. ბორუსია (მ) 24 14 5 5 37-15 47
4. შალკე 24 14 2 8 51-32 44
5. ლევერკუზენი 24 11 7 6 36-29 40
6. ვერდერი 24 10 6 8 37-38 36
7. ჰანოვერი 24 8 11 5 30-32 35
8. შტუტგარტი 25 9 6 10 41-33 33
9. ნიურნბერგი 24 9 4 11 23-32 31
10. ჰოფენჰაიმი 24 7 9 8 27-28 30
11. ვოლფსბურგი 24 8 4 12 28-44 28
12. მაინცი 24 6 9 9 35-38 27
13. ჰამბურგი 24 6 9 9 28-42 27
14. კიოლნი 24 7 4 13 31-46 25
15. ჰერტა 24 5 8 11 26-40 23
16. აუგსბურგი 24 4 10 10 25-39 22
17. ფრაიბურგი 24 5 6 13 30-52 21
18. კაიზერსლაუტერნი 25 3 11 11 16-32 20

ბომბარდირები
18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - პისარო (ვერდერი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული