როცა ბერლინული კლუბის მთავარ მწვრთნელად ოტო რეჰაგელი დაინიშნა, მაშინვე ვივარაუდეთ, რომ "მეფე ოტო" კობის უფრო მეტად დააფასებდა, რადგან 73 წლის რეჰაგელს უყვარს გამოცდილი, მებრძოლი, თავდადებული, მწვრთნელის სიტყვის უსიტყვოდ შემსრულებელი მოთამაშეები.
ასეც მოხდა: კობიაშვილი ფაქტობრივად რეჰაგელის მარჯვენა ხელი გახდა - ოტომ 34 წლის ლევანს ჯერ ადგილი შეუცვალა და გაცილებით საპასუხისმგებლო, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ახლა
რეჰაგელმა დანიშვნისთანავე თქვა, მარცხენა მცველის პოზიციაზე კობიაშვილის შესაძლებლობების ნახევარი იკარგებაო და ვინც იფიქრა, რომ ოტო ლევანს ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებდა, მწარედ შეცდა.
რეჰაგელი პირველ დღეებში იმასაც ამბობდა, გადარჩენისთვის ბრძოლა მართლა ბრძოლას ნიშნავს და ვისაც ეს ეზარება, მოედანზე არაფერი ესაქმებაო. ფაქტია, "ჰერტას" დღევანდელი შემადგენლობიდან ბრძოლა ყველაზე ნაკლებად სწორედ ვეტერან კობიაშვილს ეზარება - ამიტომაც გადასწია რეჰაგელმა ნახევარდაცვის ცენტრში.
"მართალია, ახლა უფრო მეტი სირბილი და ორთაბრძოლა მიწევს, მაგრამ რა პრობლემაა. პირიქით, ნახევარდაცვაში თამაში მეტ სიამოვნებას მანიჭებს", - ამბობს კობი.
მეტი სიამოვნება მეტ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს და "კიკერი" თამამად წერს, რომ კობიაშვილი რეჰაგელის მარჯვენა ხელია. კაპიტნობასთან დაკავშირებით კობიაშვილმა "კიკერსაც" იგივე უთხრა, რაც "ლელოს" გასულ კვირაში: "პრინციპში, პასუხისმგებლობის მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან მე საქმეს კაპიტნის სამკლავურის გარეშეც მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდები".
კობის ახალ პოზიციაზე გადაყვანისა და გაკაპიტნების შემდეგ, "ჰერტაში" ახალი კითხვაც გაჩნდა: ვინ იქნება მეორე საყრდენი? რეჰაგელის წინამორბედები, მარკუს ბაბელი და მიხაელ სკიბე 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, საყრდენებად ანდრეას ოტლს და პეტერ ნიმაიერს ათამაშებდნენ ხოლმე. ახლა, ამ ორი ადგილიდან ერთი ქართველ ნახევარმცველს აქვს დაკავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სკამზე ან ოტლი უნდა დაჯდეს, ანაც ნიმაიერი. ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის პერსპექტივა კი არცერთს არ ეპიტნავება.
"როგორც ხედავთ, ბევრი რამ შევცვალე და "ვერდერთან" შედეგიც გამოჩნდა, - ამბობს რეჰაგელი, - კობიაშვილს "კიოლნთანაც" ნახევარდაცვის ცენტრში ვათამაშებ და საერთოდ, თუ დაცვის მარცხენა ფრთაზე ძალიან არ გამიჭირდა, ლევანს იქ აღარ დავაბრუნებ.
"ვერდერთან" კობიმ შესანიშნავად ითამაშა და იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. ყველამ მას უნდა მიბაძოს და მხოლოდ ასე შევძლებთ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას."
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგაში 329 მატჩი აქვს ჩატარებული და დღეს, არაგერმანელ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ბუნდესლიგაში უთამაშიათ, მატჩების რაოდენობით მხოლოდ ორს, სერგეი ბარბარესს (330) და ზე რობერტოს (336) ჩამორჩება.
ასე რომ, კიდევ 8 მატჩი და კობი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან მას კლაუდიო პისარო (ვერდერი, 325 მატჩი) მისდევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"