"კაიზერსლაუტერნი" შესაძლოა კლაუს ტოპმიოლერმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "კაიზერსლაუტერნის" მენეჯერმა შტეფან კუნტცმა კვირას გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი დაიცვა და თქვა, მის გაშვებას არ ვაპირებთო, გუშინ ბუნდესლიგის აუტსაიდერის დირექტორთა საბჭომ მაინც გადადგა მოსალოდნელი ნაბიჯი: კურცი "ლაუტერნის" მწვრთნელი აღარ არის.

როგორც ჩანს, "შალკესთან" საკუთარ მოედანზე განცდილმა კრახმა (1:4) და ბოლო ადგილზე უიმედოდ ყოფნამ (1. FCK-ს მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი და 16 თამაშია, არ მოუგია), კლუბის ბოსებს მოთმინების ფიალა აუვსო.

გუშინვე გაირკვა, რომ ამ დღეებში "კაიზერსლაუტერნს" კურცის ასისტენტი ოლივერ შეფერი და მეკარეების მწვრთნელი
გერი ერმანი ავარჯიშებენ, ახალ მთავარ მწვრთნელს კი შეფები ბუნდესლიგის მომდევნო ტურამდე დანიშნავენ. კურცმა "ლაუტერნი" 2009 წელს ჩაიბარა და პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მეშვიდე გათავისუფლებაა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ეშმაკების" ხელმძღვანელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კლაუს ტოპმიოლერს მიმართეს, მაგრამ 60 წლის "ტოპიმ" "კაიზერსლაუტერნის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

"ეს ჩემი მშობლიური კლუბია, რომლის წევრიც დღემდე ვარ, მაგრამ ასეთ დროს მწვრთნელის თანამდებობაზე უარს ვამბობ. იანვარში რომ მოემართათ, კიდევ შეიძლებოდა, რადგან რაღაც-რაღაცების შეცვლას მაინც მოვასწრებდი, ახლა კი ძალიან გვიანაა. ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელებით "ლაუტერნის" გადარჩენა შეუძლებელია, - უთხრა ტოპმიოლერმა "შპორტ აინსს" და იქვე დასძინა, - 26 ტურში მთელ გუნდს მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი. ერთ სეზონში 17 და ხშირად 17-ზე მეტი გოლი პირადად მე გამქონდა ხოლმე..."

"ბილდის" ცნობით, "კაიზერსლაუტერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ახლა ბულგარელი კრასიმირ ბალაკოვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული